ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიაკოვა: რუსეთისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა უფრო რთული იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის


ალინა პოლიაკოვა, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) პრეზიდენტი
ალინა პოლიაკოვა, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) პრეზიდენტი

კორონავირუსის შედეგად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროებში უპრეცედენტოდ მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. როგორ ართმევს თავს რუსეთი პანდემიას? რა მდგომარეობაა ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით? შეიცვალა თუ არა შიდა პოლიტიკა პანდემეიის ფონზე? სადაა პრეზიდენტი პუტინი? როგორი სახელმწიფო შეიძლება იყოს რუსეთი კორონავირუსის პანდემიის დამთავრების შემდეგ? "ამერიკის ხმის" ამ შეკითხვებს ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტი, დოქტორი ალინა პოლიკოვა პასუხობს.

ქალბატონო ალინა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მოდით, დღეს არსებული ყველაზე დიდი თემით დავიწყოთ - როგორ ართმევს რუსეთი თავს კორონავირუსის კრიზისს?

ამ შეკითხვაზე სწრაფი პასუხია - არც ისე კარგად. რუსეთი დღეს უკიდურესად სუსტ სიტუაციაშია, იმაზე სუსტ პოზიციაში, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა. რუსეთს ამჟამად სამი დიდი პრობლემისთვის უწევს თავის გართმევა. პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროა, რასაც ის ამძაფრებს, რომ ბოლო დროს რუსეთში დრამატულად მოიმატა კოვიდ-19 შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამ. მეორე, ნავთობზე ფასების დრამატული ვარდნაა, რუსეთის ეკონომიკა კი მჭიდროდაა დამოკიდებული ნავთობის მაღალ ფასებზე. მესამე პუტინის ძალაუფლებაში დარჩენის შიდა-პოლიტიკური ასპექტია, რაც ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ თითქოს კანონზომიერი ტრაექტორია შეიცვალა.

ახლა ეს სამი თემა რომ გავშალოთ - პუტინის მმართველობის განმავლობაში ნავთობის ფასები ასე არასოდეს დავარდნილა. ამას, ცხადია, კორონავირუსის გამო დადგენილი ეკონომიკური შეზღუდვები ერთვის თან. როგორ ურთიერთობს ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან და როგორია მათი კომბინირებული გავლენა რუსეთზე?

ნავთობის წილი რუსეთის სახელმწიფო შემოსავლებში 50-55 პროცენტია. შესაბამისად, ნავთობის ფასების ვარდნა მთელ ეკონომიკას აყენებს უდიდეს ზიანს. კოვიდ-19-თან ერთად - რაც ბიუჯეტიდან საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დამატებით გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს - ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული კრიზისი, რუსეთზე უკიდურესად მძიმე გავლენას ახდენს.

იმისი თქმაც კი, რომ მათ მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ რუსეთზე, ბოლომდე ვერ გადმოსცემს მის სიმძიმეს. წარსულში, როცა ნავთობზე ფასები დაცემულა, რუსეთის ეკონომიკაში ამას სტაგნაცია და ზოგჯერ ჩამოშლაც კი მოჰყოლია. ეს იმის გამო, რომ ნავთობის წილი რუსეთის სახელმწიფო შემოსავლებში 50-55 პროცენტია. შესაბამისად, ნავთობის ფასების ვარდნა მთელ ეკონომიკას აყენებს უდიდეს ზიანს. კოვიდ-19-თან ერთად - რაც ბიუჯეტიდან საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დამატებით გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს - ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული კრიზისი, რუსეთზე უკიდურესად მძიმე გავლენას ახდენს. ამან კი მომავალში რუსეთის ეკონომიკას შეიძლება გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს.

რუსეთში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ადგილობრივმა მთავრობებმა საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღეს. ამ ფონზე, არის შეხედულება, რომ მთავრობა მალავს კოვიდ-19 შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რეალურ რაოდენობას. როგორ ხედავთ ამ კუთხით სიტუაციას, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში დემონსტრაციები ან რაიმე სხვა სახის საპროტესტო ტალღა დაიწყოს?

ჯერჯერობით ადრეა ამ კრიზისის პოლიტიკურ შედეგებზე საუბარი. თუმცა, არსებობს რამდენიმე მიმანიშნებელი სიგნალი, რომ რუსეთის შიდაპოლიტიკური სიტუაცია ამ კრიზისის დამთავრების შემდეგ ძალიან მყიფე იქნება. პირველ რიგში, პუტინის რეიტინგი დღეს იმაზე დაბალია, ვიდრე ყირიმის ანექსიამდე იყო, რამაც როგორც იცით, მას რუსეთში მაღალი რეიტინგები მოუტანა. ახლა ვხედავთ მის მიმართ მხარდაჭერის ვარდნას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი რეიტინგები სინამდვილეში ზედაპირული იყო. ის ცდილობს კულისებს მიღმა დარჩეს, რაც წარსულში მისთვის კარგად მუშაობდა, მაგრამ ამ კრიზისის შემთხვევაში, იგივე მეთოდი შეიძლება არ გამოადგეს. ეს ოპოზიციისთვის შეიძლება შესაძლებლობების ფანჯარა იყოს. მაგრამ, კრემლი ყველანაირად ცდილობს კორონავირუსის კონტროლთან ერთად, უკმაყოფილების ნებისმიერი ტალღა პრევენციულად ჩაახშოს.

რას უკავშირებთ იმას, რომ პუტინი არ ჩანს - კულისებს მიღმა რჩება? როგორც თქვენ თქვით, წარსულში მას განსხვავებული მიდგომა ჰქონდა, ხან იხვებთან დაფრინავდა და მუშებს ხვდებოდა, ან სხვანაირად აჩვენებდა ხალხს, რომ ქვეყანას აქტიურად მართავდა. რა შეიცვალა ახლა, როცა რუსეთში ასეთი დიდი კრიზისია, რას ფიქრობთ?

ცხადია არ ვიცით რა ხდება კრემლში და ეს სპეკულაციაა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს კრიზისი ძალიან განსხვავდება ყველაფრისგან - მისთვის პოტენციურად ჯანდაცვის რისკი, ვირუსის გადადების შესაძლებლობა არსებობს. არსებობს სპეკულაცია, რომ შეიძლება მას თავად ჰქონდეს კოვიდ-19. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. ამის მეორე ნაწილი კი ისაა, რომ პუტინი უკვე რამდენიმე ხანია, საჯაროდ მაინც, ცდილობს ჩამოშორდეს შიდა პოლიტიკას და საკუთარი თავი ხალხს გლობალური მნიშვნელობის ფიგურად დაანახოს, სახელმწიფოს მეთაურად, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის და ჩინეთის პრეზიდენტებს ხვდება. ამ შემთხვევაში კი შიდა პოლიტიკიდან გათიშვამ მისთვის შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი მოიტანოს, რასაც ერთის მხრივ უკვე ვხედავთ. ხალხი უკმაყოფილოა.

ნავთობის ფასების ვარდნა, ეკონომიკასთან ერთად რუსეთის გეოპოლიტიკასაც უკავშირდება. ფინანსური და სხვა პრობლემების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 მილსადენის ბოლოო ფაზის დამთავრება მოხერხდება?

ეს საინტერესო თემაა. ცოტა ხნის წინ, ევროპაში კანონი მიიღეს, რომელიც „გაზპრომის“ მიერ ორგანიზებულ ამ პროექტს, ერთგვარ პრობლემას უქმნის, რადგან კონსორციუმს ევროპული ენერგო-რეგულაციების შესრულებას ავალდებულებს. ამან და ამერიკის კონგრესის მიერ დაწესებულმა სანქციებმა პროექტი შეანელა. თუმცა, უშუალოდ მილსადენის მშენებლობა თითქმის დამთავრებულია. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ რუსეთი მილსადენს დაამთავრებს.

მოდით ახლა იმაზე გადავიდეთ, თუ როგორი შეიძლება იყოს თავად რუსეთი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და როგორ შეიძლება ხედავდეს რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობა ერთგვარი ნორმალურობის აღდგენის შემდეგ. ძალიან ზოგადად, სად ხედავთ რუსეთს პოსტ-კორონა სამყაროში?

კრემლისთვის ის ყველაფერი რაც ხდება, შეიძლება ითქვას, ეგრეთწოდებული, „იდეალური შტორმია.“ როცა პოსტ-კორონა სამყაროზე ვფიქრობთ, ალბათ, უნდა ჩავთვალოთ, რომ გლობალური მასშტაბით რუსეთის როლი შემცირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური პრობლემები იქნება. რუსეთს ასევე გაუჭირდება შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის არსებული ტემპებით გაგრძელება. ასევე შეზღუდული იქნება იმაში, თუ რას გააკეთებს საერთაშორისო პოლიტიკაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უფრო მოქნილი პარტნიორი გახდება დასავლეთისთვის. რუსეთი, პუტინის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში, დასავლეთს მეტოქედ აღიქვამს. კრემლზე ის ვიცით, რომ როცა რუსეთი სუსტდება, ის უფრო აგრესიულ სახელმწიფოდ იქცევა ხოლმე. ვფიქრობ, პოსტ-კორონა სამყაროში რუსეთი პოლიტიკურად ნაკლებად გავლენიანი, მაგრამ უფრო დესტრუქციული სახელმწიფო იქნება. ერთი რამ ცხადია, რომ 21-ე საუკუნის მომავალს შეერთებული შტატები, ჩინეთი და ევროპა შექმნიან.

როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტ პუტინს საკუთარი მმართველობა უნდა გაეგრძელებინა, ამ კრიზისის ფონზე მოხდება? რჩება თუ არა ძალაში ეს პერსპექტივა?

ნებისმიერ ავტორიტარულ ქვეყანაში პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს მკაფიოდ გამოკვეთილი შემცვლელი. ავტორიტარის პირველი ინსტინქტი ისაა, რომ მოკლას ყველა შესაძლო შემცვლელი. პუტინის შემთხვევაში, მას სავარაუდოდ სურს ძალაუფლებაში 2036 წლამდე ან სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს, როცა არ უნდა იყოს ეს. ჯერ უცნობია მოჰყვება თუ არა ამ კრიზისს პუტინის რეჟიმის მიმართ ნდობის დაკარგვა. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოში ცოტა ხნის წინ დაიწყო, რუსეთს იმაზე მეტად დააზარალებს ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანას. უცნობია რა მოხდება - დაიბრუნებს თუ არა ბატონი პუტინი შიდა პოლიტიკის მმართველობის სადავეებს ბოლომდე, თუ რუსეთის ელიტა მის წინააღმდეგ რაიმე სახის გადატრიალებას მოაწყობს. თუ მათ სისუსტე დაინახეს, შეიძლება კრიზისი შესაძლებლობად გამოიყენონ და ვინმე ისეთიც კი მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, ვინ ჯერ არც კი ჩანს პოლიტიკაში. პუტინის ძალაუფლებაში დარჩენა გამორიცხული არ არის, მაგრამ მე (არ?) ვფიქრობ, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში ძალაუფლების სტრუქტურა შეიცვალოს.

წლების განმავლობაში, ვნახეთ როგორ გააძლიერა და დახვეწა რუსეთმა ეს იაფი მეთოდები, კიბერ-თავდასხმები, დეზინფორმაცია და სხვა. მათი გამოყენებით კრემლი გლობალურად თესავს ქაოსს, უიმედობას, გაურკვევლობას და თვითონ ამ სიტუაციაში თავს კომფორტულად გრძნობს. გაცილებით იაფია ტროლების ქარხნების გახსნა, ვიდრე ტანკების მშენებლობა ან იარაღის სისტემის აშენება. ვფიქრობ რუსეთი გააძლიერებს ამ მაღალი ეფექტურობის მქონე ბერკეტების გამოყენებას და სავარაუდოდ, შეზღუდავს ჩვეულებრივ სამხედრო ინტერვენციებს.

თქვენ თქვით, რომ სუსტი რუსეთი ხშირად ქვეყნის გარეთ უფრო აგრესიული ხდება. კონკრეტულად რას გულისხმობთ ამაში?

სამხედრო თვალსაზრისით, ჩვეულებრივი კონფლიქტები ალბათ არ იქნება. სირიაში, უკრაინაში სამხედრო ოპერაციები რუსეთს ძვირი უჯდება, კრემლი კი ხშირად იაფი მეთოდების გამოყენებას ამჯობინებს. წლების განმავლობაში, ვნახეთ როგორ გააძლიერა და დახვეწა რუსეთმა ეს იაფი მეთოდები, კიბერ-თავდასხმები, დეზინფორმაცია და სხვა. მათი გამოყენებით კრემლი გლობალურად თესავს ქაოსს, უიმედობას, გაურკვევლობას და თვითონ ამ სიტუაციაში თავს კომფორტულად გრძნობს. გაცილებით იაფია ტროლების ქარხნების გახსნა, ვიდრე ტანკების მშენებლობა ან იარაღის სისტემის აშენება. ვფიქრობ რუსეთი გააძლიერებს ამ მაღალი ეფექტურობის მქონე ბერკეტების გამოყენებას და სავარაუდოდ, შეზღუდავს ჩვეულებრივ სამხედრო ინტერვენციებს.

ევროპის და ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ეს იაფი მეთოდები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ - დეზინფორმაცია, არჩევნებში ჩარევა, ენერგო რესურსებით მანიპულირება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ რბილ პოლიტიკას ინარჩუნებს და კრემლის აგრესიულობას სათანადო სახელს არ არქმევს. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე კრიზისს ევროპელების დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ? არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა დასუსტებული რუსეთის მიმართ პოლიტიკა შეცვალოს?

ამ კრიზისის დაწყებამდე ნამდვილად ვნახეთ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან რუსეთთან ახალი მიდგომის შემუშავების მცდელობა. მაგალითად - საფრანგეთის პრეზიდენტისგან, რომელსაც რუსეთის ჩართვა სურდა ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში. მაკრონი ასევე ცდილობდა რუსეთი ჩაერთო ევროპის პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც თავად რუსეთის შექმნილია, მათ შორის მეზობლების ტერიტორიაზე შეჭრა. ვფიქრობ დღეს ევროპის ქვეყნები იმდენად არიან ჩართული პანდემიით გამოწვეულ შიდა პრობლემებში, რომ საგარეო პოლიტიკა მეორეხარისხოვან თემადაა ქცეული. მე უფრო ის მაღელვებს, რომ ამ კრიზისის გამო ზოგიერთმა ლიდერმა, რომელიც არც მანამდე იყო რუსეთის მიმართ მკაცრი, თქვას, რომ ამ კრიზისში ყველა ერთად ვართ, რაც მოხდა მოხდა და მოდი დავიწყოთ ახალი პარტნიორობა. ეს კრიზისი წარმოუდგენლად ტრანსფორმაციულია უსაფრთხოების და გეოპოლიტიკისთვის. ვფიქრობ ის რუსეთს შიგნიდან შეცვლის, გამომდინარე იმ უდიდესი სისუსტეებისგან, რომლებიც ქვეყანას აქვს.

სად ხედავთ შეერთებული შტატების როლს რუსეთთან ურთიერთობაში? ამ ეტაპზე, შეუძლია თუ არა ამერიკას ითამაშოს რაიმე როლი იმაში, თუ როგორი იქნება რუსეთისა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობა?

ამერიკა, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, ამჟამად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული. თუმცა, მომავალში ვფიქრობ, გაგრძელდება ის პოლიტიკა, რაც შეერთებულ შტატებს აქამდეც ჰქონდა. რუსეთი არის ამერიკის მეტოქე ძალა. ამერიკაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს რუსული დეზინფორმაციის კამპანიები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს არ შეუცვლია მტრული განწყობა ამერიკის მიმართ. ვფიქრობ, მომავალში არც ამერიკა შეიცვლის რუსეთს მიმართ დამოკიდებულებას. უფრო მეტი ყურადღება ალბათ ჩინეთს დაეთმობა და ეს კი რუსეთს საშუალებას მისცემს იქ ჩაერთოს, სადაც ამერიკა აღარ ჩანს. ამერიკის მხრიდან კარგი იქნება, რომ რა თქმა უნდა, კონცენტრაცია გააკეთოს ისეთ სტრატეგიულ ქვეყანაზე, როგორიც ჩინეთია, თუმცა არ დაივიწყოს ის, რომ ამერიკის დატოვებულ ვაკუუმს რუსეთი შეავსებს. მეშინია იმის, რომ თუ შეერთებული შტატები არ ჩაერთო რუსეთთან ურთიერთობის განსაზღვრაში, გაგრძელდება ამერიკის ინტერესების გლობალურად დასუსტება, ჩვენ კი ერთ დღეს გავიღვიძებთ და უკვე გვიანი იქნება. ამერიკას ძალიან დიდი როლი აკისრია, მაგრამ ვფიქრობ, ამერიკა მომავალში უფრო მეტ ყურადღებას ჩინეთს მიაქცევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG