ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იან კელი: მხარეებმა ტემპერატურა უნდა დაწიონ, მოლაპარაკება განაახლონ და გამოსავალი მონახონ


საპროტესტო დემონსტრაცია თბილისში, 8 ნოემბერი, 2020, როიტერი/ირაკლი გედენიძის ფოტო
საპროტესტო დემონსტრაცია თბილისში, 8 ნოემბერი, 2020, როიტერი/ირაკლი გედენიძის ფოტო

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ამბობს, რომ სიტუაციიდან გამოსავლის მონახვა უფრო მეტად მთავრობის პასუხისმგებლობაა, თუმცა ის ორივე მხარეს მოუწოდებს, ტემპერატურა დაწიონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კრიზისდან გამოსავალი მოინახოს. ის ასევე ამბობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი და მიმდინარე ქაოსი საქართველოს საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. იან კელის "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი


ბატონო იან, დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოს აკვირდებით. ვიდრე დეტალებზე გადავალთ, როგორ აფასებთ ამ ბოლო მოვლენებს, თქვენი აზრით, რა ხდება?

პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მართალი ხართ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები და ის, რაც გუშინ მოხდა კვირების განმავლობაში მიმდინარე პოლარიზაციის და დიალოგის ნაკლებობის შედეგია მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ორივე მხარემ უნდა შეაფასოს პრიორიტეტები. პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტის ქონაა. არ შეიძლება გარიყო ქვეყანაში ამომრჩევლის, დაახლოებით, 45 პროცენტი და გქონდეს პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. ყველამ ამაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი. არავინ უნდა გააკეთოს არაფერი ისეთი, რაც დააყოვნებს ან დააზიანებს ამ დიალოგს.

დიალოგი ჩიხშია. განსაკუთრებით ახლა, როცა ბატონი ღარიბაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი. რას ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს სტატუს კვოს შესაცვლელად?

მე ამერიკის მთავრობის პოზიციას აღარ წარმოვადგენ. ამერიკაში და ევროპაში საქართველოს მეგობრებს სურთ, რომ საქართველოს ჰქონდეს ნათელი მომავალი. ამ პერსპექტივაში ვგულისხმობ დასავლურ თანამეგობრობაში მეტად ინტეგრაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველოს როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში პოლიტიკური ლიდერების და დასავლეთის საერთო ინტერესია, ვფიქრობ მნიშნველოვანია ამერიკამ, ევროკავშირმა და დასავლეთმა ზოგადად, დადებითი როლი ვითამაშოთ დაძაბულობის შემცირების მცდელობაში, მოვუწოდოთ მხარეებს მოლაპარაკებისკენ წინაპირობების გარეშე. ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა გამოინახოს. სტატუს კვო, ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნისთვის, რომელიც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს.

ამ თემაზე მთავრობა დათმობებზე წასვლას, როგორც ახლა ჩანს, არ აპირებს. აქ ისიც უნდა დავამატოთ, რომ ოპოზიციას აქვს წინაპირობები მოლაპარაკებებში, თუმცა მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. რას ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე?

თქვენ მართალს ბრძანებთ. მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს იმის გამო, რომ მთავრობას აქვს ძალაუფლება და რესურსი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას მოჰყვება. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება - ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ამასთან, ჩრდილოეთით გყავთ მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ. მეორე საკითხი კი ისაა, რომ ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები ჩამოწერონ.

თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი, ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება, ეს ყველაფერი მათ საბაბს მისცემს იმისთვის, რომ საქართველო ასე ვთქვათ, ჩამოწერონ. შედეგები ყველასთვის ძალიან დიდია. როგორც მთავრობამ, ასევე ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა დაწიოს, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე მხარეს ძალიან მწვავეა, დასხდნენ და მონახონ გამოსავალი.

თქვენი აზრით, პრემიერ-მინისტრის შეცვლა მოლაპარაკებას ახალ ენერგიას შემატებს? რაიმე პოზიტიურს მოელით პრემიერის შეცვლის შემდეგ?

იმედი მაქვს. თუ ახალი ადამიანი მოდის სათავეში, ეს შესაძლებლობას ხსნის, რომ ფურცელი ახალ და სუფთა გვერდზე გადაიშალოს. მაგრამ ვისურვებდი მთავრობისგან ამის სიგნალი დავინახო, რომ ისინი მზად არიან ეს პრიორიტეტულ თემად აქციონ, კონფრონტაციას თავი აარიდონ, ოპოზიციას ხელი გაუწოდონ და ეს თავის მხრივ ოპოზიციამაც გააკეთოს იგივე რიტორიკის სიმწვავის და ტემპერატურის შემცირებით. საქართველო გზაჯვარედინზეა. ქვეყანას შუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს იმ არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო.

თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს და კიდევ უფრო კარგად იცნობთ ამერიკის პოლიტიკას, როგორ მუშაობს პოლიტიკის შემუშავების პროცესი ამ ქვეყანაში. უნდა იყვნენ თუ არა საქართველოში შეშფოთებული მიმდინარე მდგომარეობის გამო, პოლიტიკური საგა არ დამთავრდა. რა შეიძლება მოხდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში თუ ქვეყანა ამ ჩიხიდან ვერ გამოვიდა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ძალადობა მოხდა?

აქ კარგი ამბავიცაა და ცუდიც. კარგი ამბავი ისაა, რომ ჩემი აზრით, ამერიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ტრანსატლანტიკური ერთობის ყველაზე აქტიურად მხარდამჭერი ადმინისტრაცია გვყავს. პრეზიდენტიც და სახელმწფო მდივანიც აცხადებენ, რომ ნატოსთან გაღრმავებული და გაუმჯობესებული ურთიერთობა სურთ. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავად განაცხაადა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს და რომ ამით საქართველო უფრო მეტად დაცული იქნება. ანუ, ეს კარგი ამბავია.

საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი პარტნიორები ჰყავს, რომლებსაც მისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. ცუდი ამბავი ისაა, რომ ეს კრიზისი ისეთ დროს ემთხვევა, როცა ახალი ადმინისტრაციის ყურადღება ერთის მხრივ გაფანტულია და მეორეს მხრივ პოლიტიკის გადახედვის პროცესშია. ისინი საქართველოსთან ურთიერთობას ახლავე არ გადახედავენ, რადგან გაცილებით დიდი საკითხები აქვთ გადასახედი. მაგრამ როცა აქამდე მივლენ, იმედი მაქვს, ისევ საქართველოსთვის, რომ ქვეყანა მრავალპარტიული და პლურალისტური დემოკრატიისადმი ერთგულების გზაზე იდგება.

დღეს საქართველოში ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში ვერცერთმა მთავრობამ ორ ვადაზე მეტი ვერ იმსახურა. რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე და თქვენი აზრით, არის თუ არა რაიმე გაკვეთილი ამ მოსაზრებაში, რომელიც როგორც მთავრობამ, ასევე ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს?

შეერთებულ შტატებში ეს გადაწყვეტილება 1940-იანი წლების ბოლოს მას შემდეგ მივიღეთ, რაც ფრენკლინ დელინორ რუზველტი მეოთხედ აირჩიეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა სწორედ ეს - მთავრობის საქმიანობა ორი ვადით შეგვეზღუდა. ჩემი სათქმელი არ არის ის, იგივე მიესადაგება თუ არა საქართველოს. მაგრამ თუ ეს საქართველოსაც მიესადაგება, ეს შეზღუდვა კანონმდებლობაში უნდა შევიდეს. როგორც ზოგადი პრინციპი, შეზღუდული ვადა კარგი პრინციპია, მაგრამ ეს საქართველოს გადასაწყვეტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG