ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მოსახლეობა სახელმწიფოს არ ენდობა


საქართველოს მოსახლეობა სახელმწიფოს არ ენდობა

საქართველოში საშუალო ფენა ფაქტობრივად არ არსებობს, რაც ხელისუფლების მიმართ ნდობას არყევს. არის პოლიტიკური ელიტა, რომელიც მდიდარია, ხოლო ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს.

წიგნში სახელწოდებით „საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა - 1991-2011,“ მასაჩუსეტში მდებარე მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი უკანასკნელი 2 ათწლეულის მანძილზე საქართველოში მიმდინარე პროცესებს სწავლობს. წიგნი ივნისში გამოქვეყნდება. მანამდე კი ავტორს მისი კვლევისა და დასკვნების შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ:

- თქვენ განსხვავებული შედედულება გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ხდებოდეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება. თქვენ აცხადებთ, რომ საშინაო პოლიტიკას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ის ხშირად უყურადღებოდ რჩება. რას გულისხმობთ ამაში?

- დასავლეთში კავკასიის ქვეყნების განხილვისას, მათ ძირითადად შემდეგ სამ ჭრილში სწავლობენ: გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, ენერგორესურსების ტრანზიტი და რეგიონში მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტები. ეს სამივე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისგან ყურადღების გადატანას იწვევს, როგორიცაა ადგილობრივი პოლიტიკური საკითხები, მაგალითად უმუშევრობის პრობლემა, ახალი ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ფენების შექმნა ან ახლებული თვითშემეცნების ჩამოყალიბება.

- რა გავლენა აქვს თქვენს მიერ ჩამოთვლილ ამ ფაქტორებს პოლიტიკის ფორმულირებაზე?

- პოლიტიკას, ადგილობრივი მოსახლოება სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით აღიქვამს. დასავლეთში საქართველოს დიდი სურათის ნაწილად აღიქვამენ, მე კი ვცდილობ საქართველოში მიმდინარე პროცესები ადგილობრივი მოსახლეობის გადმოსახედიდან წარმოვაჩინო. ეს პროცესები ქმნის ხალხის დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი და შესაბამისად, დიდ გავლენას ახდენს დემოკრატიის განვითარებაზე.

დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხალხის სახელმწიფოსდმი დამოკიდებულებაა, ანუ ის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება მივიდეს ადგილობრივ მთავრობაში, ან პარლამენტის წევრთან და უკმაყოფილება გამოხატოს - სწორედ ეს არის დემოკრატიის საფუძველი. დასავლეთში კი ქართულ დემოკრატიას ინსტიტუციონალურ დონეზე სწავლობენ, რაც ჩემი აზრით ზედაპირული შეფასებაა.

- კვლევის ჩატარების შემდეგ, მიხვედით თუ არა ისეთ დასკვნამდე, რამაც გაგაკვირვათ, ან რასაც არ ელოდით?

- საქართველოს თემაზე 30 წელია ვმუშაობ. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაც საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი საზოგადოებრივი ტენდენცია და დამოკიდებულება თითქმის უცვლელ და უწყვეტ პროცესად მიმდინარეობს. მაგალითად, ქართველების დამოკიდებულება რუსეთთან და სახელმწიფოსთან ფაქტობრივად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში ფუნდამენტური ცვლილებები არ შეინიშნება. ხალხი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან სრულად ვერ აკავშირებს, ძალიან მაღალია უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ - როგორიცაა, მაგალითად პარლამენტი ან თუნდაც პრეზიდენტის აპარატი.

ნდობის მხრივ, ზუსტად საწინააღმდეგო ვითარებაა ეკლესიის მიმართ, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტს, მაგრამ ხალხის რწმენა მის მიმართ გამოკვეთილად მაღალია. ეს ცოტა არ იყოს, იმედების გამაცრუებელი დასკვნაა, რადგანაც დემოკრატიის მშენებლობა ხალხის მხრიდან ქვეყნის მართვის პროცესში აქტიურ ჩართვას ნიშნავს, რისი მტკიცებულებაც საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს.

- რას უკავშირებთ ამ ვითარებას? არის თუ არა ეს იმის შედეგი, რომ საზოგადოება რეპრესირებულ გარემოში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა და უნდობლობა უბრალოდ პოლიტიკურ კულტურაში გადაეზარდა?

- ნაწილობრივ, მიზეზი სწორედ ეგ არის. მე-19 და მე-20 საუკუნეების მანძილზე ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნამ ქართველებს გამოუმუშავა შეგრძნება, რომ საკუთარი ქვეყანა სინამდვილეში მათ არ ეკუთვნოდათ. ამან კი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა წარმოშვა. დამოუკიდებლობას, წესით, ეროვნული თვითშემეცნებისა და სახელმწიფოებრიობის შერწყმა უნდა მოეტანა. ეს არ მოხდა. ჩემი აზრით, დამოუკიდებლობის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა ერთის მხრივ გაამძაფრა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ხალხის უნდობლობა. მაგალითად, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტები იყო უაღრესად კორუმპირებული და სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა. ხალხს გამართლებულად გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ უნდა ჰქონოდა ნდობა ასეთი სახელმწიფოსადმი.

- თქვენი კვლევის მიხედვით, დამოკიდებულება დღეს ისევ ისეთია, როგორიც შევარდნაძის დროს იყო?

- სააკაშვილის პერიოდში მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარებაა. ძალიან დიდია სოციალური ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის. საქართველოში საშუალო ფენა ფაქტობრივად არ არსებობს. არსებობს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ძალიან მდიდარია, ხოლო ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს. თუმცა, უნდა ითქვას რომ საშუალო ფენის ელემენტები ნელ-ნალა ჩნდება, რასაც ყველანაირად ხელი უნდა შეეწყოს.

საქართველოში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზებას იწვევს, ეს კი სახელმწიფოსადმი უნდობლობას აღრმავებს.

- შეცვალა თუ არა 2008 წლის ომმა ხალხის დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი?

- მე ომს ერთ მოვლენად არ აღვიქვამ. ჩემი აზრით, რუსეთ-საქართველოს ომი წლების მანძილზე დაგროვილი მტრობის გარდაუვალი შედეგი იყო. ომის შედეგად ქართველებმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ძალიან დიდი ხნით დაკარგეს. რუსეთი ამ ტერიტორიებს საქართველოს არ დაუბრუნებს და არც აფხაზებს და ოსებს სურთ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. მათი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება, რა თქმა უნდა, არაკანონიერი მოქმედებაა რუსეთის მხრიდან, მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოს ახლა შეუძლია ყურადღება შიდა პოლიტიკაზე გადაიტანოს.

ქართული სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ეკონომიკური უსაფრთხოებაა. ქართველი პოლიტიკოსების მიერ კონფლიქტებით საზოგადოების მანიპულირების გამო, ყურადღება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს აკლდებოდა, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფოს მშენებლობა და ეროვნული ერთიანობა. იმედია ახლა, პოლიტიკურ ელიტას მიეცემა საშუალება სწორედ ამ საკითხებს დაუთმოს მეტი ყურადრება.

- საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ძალის გამოჩენამ, როგორიც ბიძინა ივანიშვილია იქონია თუ არა რაიმე გავლენა ხალხის დამოკიდებულებაზე სახელმწიფოსადმი?

- საქართველოს მეირ წარმოებული ნაბისმიერი პოლიტიკა სწორედ თქვენს მიერ დასმული კითხვის ჭრილში უნდა იყოს განხილული - ანუ რა ხდება ქვეყნის შიგნით და რა გავლენა აქვს ამ პროცესებს ზოგად პოლიტიკაზე. ეს შეიძლება იყოს ივანიშვილის ფაქტორი, ან ის, რომ ქვეყანა პერსონალური ლიდერშიპის პრინციპით იმართება, ან თუნდაც სუსტი ოპოზიციის არსებობა. ეს არის დეტალები, რომელთა შესწავლითაც უნდა დაიწყოს საქართველოს განვითარების განხილვა. დასავლეთში საქართველოს ხშირად აღიქვამენ, როგორც გეოპოლიტიკურ სათამაშოს ამერიკასა და რუსეთს შორის, ან ტერიტორიას, სადაც მუდამ კონფლიქტები ხდება, ან ქვეყანას, რომელსაც იმპულსური პრეზიდენტი ჰყავს. ჩემი აზრით, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს და საქართველოზე საუბარი უნდა დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს საზოგადოება სრულიად ნორმალური და კომპლექსური მახასიათებლით.

XS
SM
MD
LG