ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობის შედეგები 2011 წელს


ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობის შედეგები 2011 წელს

ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველო ყაზახეთთან ერთად ერთადერთი ქვეყანაა, რომლებსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა რეიტინგი აუმაღლეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2011 წლის ანგარიში და 2012 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველო ყაზახეთთან ერთად ერთადერთი ქვეყანაა, რომლებსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა რეიტინგი აუმაღლეს:

"2012 წელს ჩვენ ძალიან მსხვილი პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. მათ შორის, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ რეფორმები ტრანსპორტის მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება ქვეყანაში, უფრო მეტი ბიზნესმენის და ტურისტის ჩამოსვლა, მნიშვნელოვანია მეზღვაურების სერტიფიცირების პრობლემის გადაწყვეტა და საზღვაო პრობლემის ბოლომდე დასრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპრივატიზაციო მიმართულებით კერძო სექტორის განვითარება და კერძო სექტორში მოსახლეობის დასაქმება”.

” საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე კარგ ინდიკატორს სარეიტინგო სააგენტოების მიერ ქვეყნისთვის მინიჭებული კატეგორიები წარმოადგენს”

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებთან მთავრობის 10 პუნქტიან გეგმაზე და საქართველოს მიკროეკონომიკური განვითარების საკითხების განხილვისას. მინისტრის თქმით, საქართველოს რეიტინგი B+ კატეგორიიდან 2B დონეზე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დონორები და კომერციული ბანკები საქართველოსთვის მეტ ინვესტიციებს და დაბალპროცენტიან სესხებს გასცემენ.

როგორ აფასებს 2011 წელს , უკვე წლის ბოლოს, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე:

"ანტიკრიზისული საბჭოს პირდაპირი მოვალეობაა მონიტორინგის წარმოება დევნილების ჩასახლების ადგილების, ბრიუსელის დევნილთა კონფერენციის მიერ გადმორიცხული თანხების ხარჯვის , ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელსაც ახორციელებს კონკრეტული სამინისტრო - რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინიასტრო. ასევე სხვადასხვა პროექტების შესრულების მონიტორინგი. რაც შეეხება უკანასკნელ მონიტორინგს, რომლის შედეგები ჩვენ გვინდოდა გაგვეცნო რამაზ ნიკოლაიშვილისთვის...მაგრამ ეს შეხვედრა სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ შედგა. ჩვენ გვინდოდა პირადად მისთვის გაგვეცნო ის დეტალები, რა დეტალებზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით და რაზეც მინდა ახლაც გავამახვილო ყურადღება. ბევრი პროექტი არ განხორციელებულა, ან განხორციელდა დარღვევით, არის სერიოზული ხარვეზები. ჩვენ დაგვპირდნენ კონკრეტული ორგანიზაციები წყლის პრობლემებთან დაკავშირებით, ფოთში, ძირითადად სამეგრელოს რეგიონში, რომ ეს ხარვეზები 1 თვეში აღმოიფხვრებოდა. გავიდა 1 წელი ,მაგრამ მდგომარეობა იგივეა.

"რამდენად ანგარიშგასაწევია პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭო მთავრობის წევრთათვის?"

"ჩვენ ვსვამთ კითხვებს, მოგვდის პასუხები, ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს, რომლის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ვაწვდით საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. რამდენად მნიშვნელოვანია?! ზოგიერთი ორგანიზაციისთვის, როგორც ჩანს, არ არის დიდად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ პრობლემები ისევ დარჩა. თებერვლის ბოლოს, როცა დასრულდება კიდევ ერთი მონიტორინგი, მერე ალბათ მოვიწვევთ სპეციალურ ბრიფინგს ( თუ არაფერი შეიცვალა ამ საკითხთან მიმართებაში) და განსაკუთრებულ განცხადებას გავაკეთებთ.

რაც შეეხება ზოგადად როგორ შევაფასებდი 2011 წელს.. ძალიან დიდი პროექტები განხორციელდა საქართველოში. ნაკლოვანებების გარდა ძალაინ დიდი სამუშაოებია გაწეული, ძალზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოსი. ამ პროექტების ჩამოთვლას მოუნდები ალბათ ერთ საათს.. მნიშვნელოვანი წელი იყო, თუმცა ვიმეორებ, იყო ხარვეზები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას. ზოგ შემთხვევაში პატარა არ იყო ეს ხარვეზები, მნიშვნელოვანი იყო.”

ხარვეზების შესახებ ანტიკრიზისული საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ფანჩულიძემ ზოგადად თქვა:

” არსებობს გარკვეული ხარვეზები რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. არსებობს ობიექტის დამკვეთი, არსებობს შემსრულებელი, არსებობს მიმღები.. ჩვენ ამის შესახებ მასალები უკვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში, ამის შესახებ თვითონ ამ ორგანიზაციებმა იციან.. ბუნებრივია, ჩვენ ველით გარკვეულ ლოგიკურ გაგრძელებას ამ მიმართულებით”.

XS
SM
MD
LG