ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა


საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა

ხუთშაბათს ვაშინგტონის პოტომაკის ინსტიტუტი ამერიკაში საქართველოს ელჩს, თემურ იაკობაშვილს, მასპინძლობდა. ინსტიტუტში საქართველოს საკითხს სპეციალური ბრიფინგი მიეძღვნა, რომლის თემა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა - წარსულის გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივა გახლდათ.

პოტომაკის ინსტიტუტი პოლიტიკურ მეცნიერებათა შემსწავლელი კვლევითი ორგანიზაციაა. ის დამოუკიდებელი საზოგადოეებრივი უწყება გახლავთ, რომლის მიზანია აკადემიურ დისკუსიებს და საკანონმდებლო პოლიტიკის დახვეწას შეუწყოს ხელი. ინსტიტუტში სისტემატურად იმართება სემინარები, ბრიფინგები და კონფერენციები, რომლებშიც უცხოელი თუ ადგილობრივი პოლიტიკოსები და მეცნიერები იღებენ მონაწილეობას.

ხუთშაბათის ბრიფინგი წელს რიგით მეცხრეა ანალოგიური შეხვედრების ციკლიდან და მისი მთავარი მომხსენებელი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, თემურ იაკობაშვილი გახლდათ.

სხდომა პოტომაკის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა და მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, მაიკლ სვეტნემმა, გახსნა. პირველი მომხსენებელი არმიის გადამდგარი გენერალი, დავიდ რეისტი იყო, რომელიც ამჟამად მეცნიერია და ინსტიტუტის კვლევით საბჭოს ხელმძღვანელობს.

გენერალმა რეისტმა ხაზი გაუსვა რა შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორის, მნიშვნელობას, აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკაში მიმდინარე არეულობების ფონზე ქართული ჯარის მონაწილეობას ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან ინტერვიუში მან განაცხადა:

შეხედეთ საქართველოს მდებარეობას თავისი საზღვაო პორტებით და ევრაზიის რესურსების სატრანზიტო გზებით, კერძოდ კი - აბრეშუმის გზას, და მიხვდებით, რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი. მე მგონია, რომ მომავალში ის სტრატეგიულად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“.

ბრიფინგზე მოხსენებით ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი მეცნიერი, პროფესორი იონა ალექსანდერიც გამოვიდა. ის ტერორიზმის სწავლების ცენტრის დირექტორი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ექსპერტი გახლავთ. პროფესორმა ასევე ისაუბრა საქართველოზე და მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა ალექსანდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-ამერიკის პარტნიორობის მომავალი განვითარების მნიშვნელობას და განაცხადა:

მთავარი აქ არც მეგობრობაა და არც საერთო მტერი. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში გადამწყვეტი საერთო ინტერესებია. პირველ რიგში ეს საერთო ღირებულებებია, ანუ - დემოკრატიულ ღირებულებათა სისტემა. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი კი სტრატეგიული ინტერესია. ამ რეგიონში მშვიდობა საქართველოს აქტიური მონაწილეობის გარეშე სრულებით გამორიცხულია“.

პროფესორმა ალექსანდერმა დარბაზს ამერიკაში საქართველოს ელჩის, თემურ იაკობაშვილის, ბიოგრაფია გააცნო და წარუდგინა ის, როგორც ბრიფინგის მთავარი მომხსენებელი.

ბატონი თემურის გამოსვლა საინტერესო და ინფორმატიული იყო. მან საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ისტორია დაწვრილებით გააცნო მსმენელს და დამსწრეთა უამრავ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

ამერიკის ხმის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მომავალ პერსპექტივას, ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ამერიკასთან პარტნიორობის შემდეგი გაღრმავება ერთმნიშვნელოვნად გარდაუვალია. მიზეზიც საკმაოდ მარტივია - საქართველო ამერიკის ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია რეგიონში. და ამ პარტნიორობის გარანტი არამარტო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა, არამედ მოსახლეობაში ამერიკის პოპულარობის ყველაზე მაღალი მაჩვნებელი:

„ საქართველო ყველაზე პრო-ამერიკული ქვეყანაა რეგიონში. ამერიკას მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. გუშინდელი გამოკითხვებით, ამერიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყანაში, როგორიცაა თურქეთი, ამერიკის პოპულარობა მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს. აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, სადაც შეერთებული შტატები ნომერ პირველ მტრად მოიაზრება, საქართველო კი - ნომერ მეორედ“.

აუდიტორიის ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო და შეხვედრის მეორე ნახევარში შეკითხვებს ბოლო აღარ უჩანდა. მსმენელთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები, სამხედრო ჩინოსნები, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოთა წარმომადგენლები, პოტომაკის ინსტიტუტის ხელმძღვანელები, მეცნიერები და სტუდენტები. ბატონი თემური ტაშით გააცილეს. შეხვედრის დასასრულს ელჩმა დამსწრე აუდიტორია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე მიიწვია, რომელიც შეერთებული შტატების დედაქალაქში 24 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG