ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IIHF WC II დივიზიონი: ქართული ჰოკეის წარმატებული დებიუტი


უტევს საქართველოს ჰოკეის ნაკრების მცველი რევაზ ცომაია

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის (IIHF World Championship Division II) B ჯგუფში, გენერალური ამოცანა წარმატებით გადაჭრა. მეხიკოს Santa Fe Ice Rink-ზე ქართველებმა, რომლებიც ამ დონეზე პირველად ასპარეზობდნენ, ორი მატჩის მოგება შეძლეს და გაისადაც მე-2 დივიზიონში ითამაშებენ.

ქართველმა ჰოკეისტებმა, ჩემპიონატის სტარტზე დასანანი მარცხი იწვნიეს ჩრდილოეთ კორეასთან 4:9 (2:2, 2:3 0:4). შემდეგ უშუალო კონკურენტი, მასპინძელი მექსიკა 3:2 (1:1, 1:0, 1:1) დაამარცხეს. მესამე მატჩი ახალ ზელანდიასთან 2:6 (2:2 0:2 0:2) დათმეს, მომდევნო შეხვედრაში კი ჩვენებმა ჩემპიონატის ყველაზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზეს, ისლანდიასთან თავიდან 0:3-ს აგებდნენ, საბოლოოდ კი ძლიერ მეტოქეს 6:3 (2:3, 2:0 2:0) აჯობეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მექსიკასთან გამარჯვების შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრები მექსიკასთან გამარჯვების შემდეგ

ბოლო ტურის წინ ქართველებს სადებიუტო სეზონში მედლის მოპოვების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ უფრო გამოცდილ ისრაელთან ვერაფერს გახდნენ 3:7 (1:2, 0:4 2:1) და B ჯგუფში მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის A ჯგუფში სწორედ ისრაელი აღზევდა, მე-3 დივიზიონში კი ჩრდილოეთ კორეა გავარდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მამით ქართველი და დედით ფინელი ოლივერ ობოლგოგიანი ამბობს:

თავიდანვე ვფიქრობდი რომ ამ დონეზე ჩვენი ნაკრებისთვის თამაში მარტივი არ იქნებოდა, რთული მატჩები იყო და ძალიან მიხარია, რომ ხუთიდან ორი შეხვედრა მოვიგეთ. განსაკუთრებით, ისლანდიასთან გამარჯვებას გამოვყოფ"
ოლივერ ობოლგოგიანი, საქართველოს ჰოკეის ნაკრების ფორვარდი

„ძალიან ბედნიერი ვარ. თავიდანვე ვფიქრობდი რომ ამ დონეზე ჩვენი ნაკრებისთვის თამაში მარტივი არ იქნებოდა, რადგან გამოუცდელები ვართ, მე-3 დივიზიონიდან ამოსვლა მხოლოდ შარშან შევძელით.

რთული მატჩები იყო და მიხარია, რომ ხუთიდან ორი შეხვედრა მოვიგეთ. განსაკუთრებით, ისლანდიასთან გამარჯვებას გამოვყოფ, ისინი ბოლო 7 წელია, მე-2 დივიზიონის A ჯგუფში თამაშობდნენ, მხოლოდ შარშან დაქვეითდნენ და ტურნირის ფავორიტებად ითვლებოდნენ.“

ოლივერ ობოლ გოგიანი, რომელიც ჰელსინკის IHK-ს ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან მე-2 დივიზიონის B ჯგუფში ბომბარდირებში (გოლი+პასი) 2 გოლით და 6 საგოლე გადაცემით მე-10 ადგილი დაიკავა.

მექსიკაში საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი, ბაკურიანის „მიმინოს“ ფორვარდმა ალექსანდრე ვასილჩენკომ, იგი 7 გოლით მხოლოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, ისრაელის ნაკრების ლიდერ ელიეზერ შერბატოვს ჩამორჩა (7 გოლი + 8 საგოლე პასი). გადაცემებში მესამე ალექსანდრე ჟუჟნაშვილი იყო, რომელიც ასევე ბაკურიანის გუნდის წევრია (7 პასი); მეკარეებში კი მეოთხე შედეგი თბილისის „ჯვაროსნების“ კიპერმა ანდრეი ილიენკომ აჩვენა.

ქართველი ჰოკეისტები ტეოტიუაკანის პირამიდასთან
ქართველი ჰოკეისტები ტეოტიუაკანის პირამიდასთან

მექსიკაში გამგზავრებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები აშშ-ში, ჩიკაგოს Barrington Ice Arena-ზე მოემზადა, ამ შეკრების ორგანიზებაში ჰოკეის ეროვნულ ფედერაციას ჩიკაგოში მცხოვრები ქართველი კოსტა ებანოიძე უანგაროდ დაეხმარა.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციას და ჰოკეის მოყვარულებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მასპინძლობისთვის ბათუმი იბრძოლებდა, თუმცა, აჭარის მთავარ ქალაქში მშენებარე ყინულის სტანდარტული მოედნის დასრულება მიზეზთა გამო 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ ხერხდება.

ბათუმში 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის სასახლეს კანადური კომპანია Westincor Limited 2018 წლიდან აშენებს, მშენებლობა აჭარის არ-ს ბიუჯეტს 20 მილიონი აშშ დოლარი უჯდება. საქართველოში ყინულის სტანდარტული მოედანი ამჟამად მხოლოდ აჭარაშია, ბაკურიანში - სეზონური მოედანია, თბილისსა და ქუთაისში კი არასტანდარტული, ამის გამოა რომ ქვეყანაში სულ 120-მდე მოყვარული ჰოკეისტი გვყავს (პლუს 500-მდე მოზარდი) და სპორტის ეს ვაჟკაცური სახეობა მზიურ საქართველოში რთულად ვითარდება.

ბათუმის მშენებარე ყინულის სასახლის მაკეტი
ბათუმის მშენებარე ყინულის სასახლის მაკეტი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG