ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კავკასია ევრაზიის კონტინენტის გულია


ვაშინგტონში ს. კავკასიაში ისლამიზმის საფრთხეზე, რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაზე და სეკულარიზმის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს

“პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის ნაწილ-ნაწილ აღდგენა სურს. და ის ამას აკეთებს. აკეთებს სხვა ქვეყნების დახმარებით, მათ შორის - ირანის. ჩვენი (შეერთებული შტატების) მთავარი შეშფოთების საგანი ეს უნდა იყოს“ - განაცხადა ყოფილმა კონგრესმენმა დენ ბარტონმა, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტში 30 წელზე მეტი იმსახურა. მას ეთანხმება ჯოშუა უოკერიც, „აპკოს“ გლობალური პროგრამების დირექტორი, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი იყო.

მართალია, ჰადსონის ინსტიტუტში გამართული კონფერენციის მთავარი თემა სამხრეთ კავკასიაში მზარდი რადიკალური ისლამიზმის საფრთხე და მასზე რეაგირება იყო, მაგრამ შეხვედრაზე შეკრებილმა ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ყურადღება უსაფრთხოების მთელ რიგ სხვა საკითხებზეც გაამახვილეს. ჯოშუა უოკერმა სამხრეთ კავკასიას ევრაზიის კონტინენტის გული უწოდა და განაცხადა, რომ იმაზე, თუ როგორ ცემს დღეს ეს გული, დიდად არის დამოკიდებული მთელი რეგიონის ბედი. „შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ არსებობს სამხრეთ კავკასიის გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში, იმაზე, თუ რამდენად გაართმევს თავს სამხრეთ კავკასია რუსეთის, თურქეთის და ირანის მიერ სამი მხრიდან შეკრულ „სამკუთხა სივრცეს“ - აღნიშნა მან.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:12 0:00
ბმული
„ვინაიდან საქართველოს გეოგრაფია ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სხვა მუსლიმ ქვეყნებთან, საქართველოში არაპირდაპირი, მაგრამ რადიკალური ისლამიზმის საფრთხე მაინც არსებობს. არსებობს მეზობელი ქვეყნებიდან მათი გავრცელების, ან ნარჩენი მოვლენების საშიშროება. მუდმივად გვაქვს საქმე კონტრტერორიზმის და კონტრნარკოტრეფიკინგის ზომების აუცილებლობასთან. უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც ენერგოგამტარი ქვეყნის უსაფრთხოებაც“ - ამბობს ჯოშუა უოკერი.

სვანტე კორნელმა, ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ისაუბრა იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თავს დასავლეთისგან მიტოვებულად გრძნობენ. ვაკუუმით სარგებლობს რუსეთი, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით და აგრესიულობით ცდილობს ევრაზიის კავშირის შექმნას. ამის საპასუხოდ, დასავლეთმა უნდა გაააქტიუროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის და ევროკავშირში მათი ინტეგრირების პროცესი. სვანტე კორნელმა განსხვავებულ საფრთხეებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის დომინირების პარალელურად, მუსლიმი უმცირესობების შევიწროების ფაქტები ფიქსირდება. სვანტე კორნელის თქმით, მსგავსი შეცდომების გამეორებამ შესაძლოა რეგიონში ისლამისტური განწყობების ზრდა გამოიწვიოს. ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში რელიგიური განწყობების ზრდა ყველაზე მეტად საქართველოში შეინიშნება, აღნიშნა მან. მეორე ადგილზეა სომხეთი და მესამეზე - აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანმა სახელმწიფოს და რელიგიას შორის ურთიერთობის ფრანგული მოდელი აირჩია, როდესაც ქვეყანაში არამარტო რელიგიის თავისუფლებაა, არამედ რელიგიისგანაც თავისუფლები არიან. საჯარო სკოლებში აკრძალულია ნებისმიერ სარწმუნოებასთან დაკავშირებული სიმბოლოების დემონსტრირება, არ აქვს მნიშვნელობა, ჯვარი იქნება ეს, თუ ჩადრი. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ექსპერტები თანხმდებიან, რომ აზერბაიჯანში მზარდი ისლამიზმის საფრთხე ჯერჯერობით ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს, თუმცა, დინამიკაში, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, ყოველ ათ წელიწადში, ისლამის ტრადიციების მიმდევართა რიცხვი ათი პროცენტით მატულობს. ამიტომ, დროთა განმავლობაში შესაძლოა საშიშროება გაჩნდეს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ თურქეთის მაგალითს, არ არის გამორიცხული, რომ ეს იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე მოსალოდნელია - აღნიშნავენ ისინი.

კონფერენციაზე მომხსენებელთა შორის თემურ იაკობაშვილიც იყო, საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში, ამჟამად კი გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იაკობაშვილის თქმით, საქართველოს მეზობლობა მუსლიმ სამყაროსთან აუცილებლად ტერორიზმის და რადიკალური ისლამიზმის საფრთხეს არ ნიშნავს. საქართველოს მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს და მათი შიდა დაპირისპირებების მიმართ მაქსიმალურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

რაც შეეხება სამომავლო სტრატეგიის დასახვას, ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ჩართულობა უნდა შეინარჩუნოს და ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს ხელი შეეწყოს.

მაიკლ რუბინის, ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას და მათი საზღვრების დაცვას.

რაც შეეხება საქართველოს, არავითარ შემთხვევაში, არანაირი კომპრომისი არ უნდა გაკეთდეს რუსეთთან. კერძოდ - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები ამ საკითხში საქართველოს გვერდით 100 პროცენტით იდგება მანამ, სანამ რუსეთის ჯარი ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გავა და მათი ტექნიკის სრული დემონტაჟი არ მოხდება“ - განაცხადა მაიკლ რუბინმა.
XS
SM
MD
LG