ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩი"-ს ანგარიში და საქართველო


„ჰუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე რამდენიმე მიმართულებით ამახვილებს ყურადღებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და საარჩევნო სისტემის თემაზე გამუდმებული პროტესტები, საქართველოსთვის 2019 წლის დამახასიათებელი თავისებურება იყო. უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ივნისში, ხელისუფლებამ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალა მეტწილად მშვიდობიანი დემონსტრაცია და შემდგომი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და მმართველმა პარტიამ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობა დადო, თუმცა მოგვიანებით პირობაზე უარი თქვა და შემდგომი პროტესტები გამოიწვია.

ორგანიზაციის აზრით, ქვეყანაში შეშფოთების სხვა საგანია ასევე სუსტი შრომითი კანონმდებლობა, რომელიც შრომის უსაფრთხოებას ძირს უთხრის, მედიის პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხე, ნარკოდანაშაულზე გაუმართლებლად მკაცრი კანონი, და ლგბტ პირების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მუდმივ პრობლემად რჩება. ხელისუფლებამ 2018 წელს შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება ორჯერ გადადო და მიზეზად სახსრების ნაკლებობა დაასახელა. ის საბოლოოდ 1 ნოემბერს ამოქმედდა. ინსპექტორის ოფისი, სამართალდამცავების და სხვა ოფიციალური პირების მიერ დაშვებული დარღვევების გამოსაძიებლად შეიქმნა.

ორგანიზაციის ანგარიშში აღწერილია თბილისში, 20 ივნისს მომხდარი მოვლენები და ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მან მეტწილად ცალმხრივად გადაანაწილა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პროფკავშირთა კონფედერაციის მონაცემებით, წლის განმავლობაში, ოქტომბრის თვის ჩათვლით, სამუშაოსთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად 36 მუშა დაიღუპა და 107 დაშავდა. საქართველოს შრომითი კანონმდებლობა საკმარისად არ არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას. ასევე, არ უზრუნველყოფს შრომის პირობებზემთავრობის ზედამხედველობას. მაგალითად, მარგანეცის ზოგიერთ მაღაროში მუშები მიწის ქვეშ, 12 საათიან ცვლებში, მათ შორის ღამის საათებში, 15 დღის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ, რაც იწვევდა გადაღლას და სამუშაო ადგილზე ავარიის და სხეულის დაშავების ალბათობის ზრდას.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამ საქართველოს მედია-სივრცე შეაზანზარა. „რუსთავი 2“ ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა და ამას ახალი ამბების რედაქციის თითქმის მთელი შემადგენლობის ტელევიზიიდან წასვლა მოჰყვა. აგვისტოში, პროკურატურამ ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ საქმე აღძრა და მას „თანამდებობის ბოროტად გამოყენებას“ ედავება.

სექტემბერში, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ახალი პრო-ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხი“ გახსნა და „რუსთავი 2“-ის ბევრი ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი აიყვანა სამსახურში.

ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის წინააღმდეგ აღძრა საქმე და მას „უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას“ ედავება.

ნარკოტიკთან დაკავშირებული სასამართლო დევნა კლებას განაგრძობდა, თუმცა ხელისუფლებამ ძალაში დატოვა მკაცრი კანონები, რომელიც ნარკოტიკის (მარიხუანას გარდა) მხოლოდ პირადი გამოყენების შემთხვევაშიც კი, შეიძლება ადამიანების წინააღმდეგ სასამართლო დევნის დაწყების მიზეზი გახდეს.

„ლგბტ“ აქტივისტების მიერ დაგეგმილი, საქართველოშიპირველი მარში ღია ცის ქვეშ ვერ ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამ ღონისძიების ღია ცის ქვეშ ჩატარება, მასში მონაწილეებისათვის არსებული რისკების გამო ვერ მოხდებოდა. ლგბტ-მ საკუთარი ღონისძიებები დახურულ სივრცეში ჩაატარა. 8 ივლისს კი დაახლოებით 40-მდე ლგბტ აქტივისტმა და მხარდამჭერმა, ღია ცის ქვეშ მარში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ჩაატარა. ნოემბერში, თბილისში და ბათუმში, ულტრა-ნაციონალისტურმა სიძულვილის ჯგუფებმა და მათ მხარდამჭერებმა,გეი სიყვარულის თემაზე შექმნილი ფილმის ჩვენების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოაწყეს. პოლიციის ცნობით, 27 ადამიანი დააკავეს. ერთ მათგანს სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალი წაუყენეს.

მარტში, ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ცხოვრებაში გატარების პროგრესი შეაფასეს. მხარეები მიესალმნენ „სტრუქტურულ რეფორმებს და ხაზი გაუსვეს მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას“.

აპრილში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, გაეროს ბიზნესის და ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფმა, შრომითი ინსპექტირების რეგულირების ადექვატურობის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.

მაისში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ს და ევროსაბჭოს თბილისის წარმომადგენლობებმა, საქართველოში ლგბტქიუაი+ პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის და დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ივნისის განცხადებაში, აშშ-ს საელჩომ შეშფოთება გამოთქვა „თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებლის წინააღმდეგ კრიმინალური ბრალის წაყენების „კონტექსტის და დროის შერჩევის“ თობაზე. ევროკავშირის საელჩომაც საქმის „გამჭვირვალედ“ წარმოების მოწოდება გააჟღერა.

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის უზრუნველყოს.

ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოებმა ნოემბერში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო ქართული საზოგადოების ფართო სეგმენტი ღრმადაა გაწბილებული“და „მშვიდი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისკენ“ მოუწოდა.

მარტის სესიაზე მიღებული რეზოლუციით, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს კონფლიქტური რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ თაობაზე და გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონში წვდომისკენ მოუწოდა.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო აგრძელებდა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებას.

იანვარში, საქართველო და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო შეთანხმდნენ, რომ სასამართლოს მიერ ნებისმიერ საქმეზე მსჯავრდებულ ადამიანებს, სასჯელის მოხდა საქართველოში შეეძლოთ. ეს საკითხი, კონკრეტულ შემთხვევებში, სასამართლოს და მთავრობის შემდგომ გადაწყვეტილებებს დაექვემდებარება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG