ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელიდან "ჰუმან რაითს ვოჩის" წარმომადგენელი გააძევეს


ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და "ჰუმან რაითს ვოჩის" ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ქვეყნიდან გააძევა. მას ბრალად ისრაელის წინააღმდეგ, საერთაშორისო ბოიკოტის კამპანიის მხარდაჭერა ედება.

სასამართლომ ომარ შაკირს, ამერიკის მოქალაქესა და ორგანიზაციის ისრაელისა და პალესტინის საკითხების დირექტორს, სამუშაო ვიზა აღარ გაუგრძელა. გადაწყვეტილების თანახმად, შაკირს 20 დღე აქვს ქვეყნის დასატოვებლად.

შაკირის განმარტებით, ისრაელის მთავრობამ ის მიზანში ამოიღო იმ კრიტიკული შეფასებების გამო, რომელსაც ის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აკეთებდა.

ისრაელში აცხადებენ, რომ შაკირი ისრაელის საწინააღმდეგო, პრო-პალესტინურ ბოიკოტს უჭერდა მხარს. ბოიკოტისკენ მოწოდება ისრაელში სისხლის სამართლის დანაშაული არაა, თუმცა ეს შესაძლოა სამოქალაქო დავის საგანი იყოს.

სააგენტო "როიტერმა", ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის, არიე დერის განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს: "ნებისმიერმა, ვინც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იქცევა, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მას არ მივცემთ აქ ცხოვრების ან მუშაობის უფლებას".

შაკირმა "ამერიკის ხმასთან" თქვა: "ჩვენ არ მივცემთ ისრაელს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას იმის უფლებას, რომ გვიკარნახოს რა ვაკეთოთ ან ვეტო დაადოს ჩვენს საქმიანობას".

შაკირის თქმით, მისი დეპორტაცია მხოლოდ ნაწილია იმ სისტემური ნგრევისა, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით ხდება. მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციის რომელიმე წევრი ქვეყნიდან გააძევეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG