ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები: დასავლეთმა კრემლს მოლოდინი არ უნდა გაუმართლოს


რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა რუსეთის შესაჩერებლად? ეს კითხვა 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს სანქციები. 25 ნოემბერს კი რუსულმა მხარემ უკრაინელი მეზღვაურები და გემები დააკავა და დღემდე არ გაუთავისუფლებია, ვაშინგტონში სანქციების გამკაცრებასა და გაფართოების საწიროებაზე საუბრობდნენ. შეერთებული შტატების ხაზინამ 19 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, თუმცა ეს იმ 15 რუს პირსა კომპანიას ეხება, რომლებიც 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ბრიტანეთში ქიმიური იარაღით ყოფილი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში არიან ეჭვმიტანილნი. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯამში რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ 272 ადამიანსა და კომპანიას დაუწესა სანქციები.

ჩვენ ძალიან სუსტი რეაქცია გვქონდა იმაზე, რომ რუსეთმა სამხედრო ძალით ჩაიგდო ხელში ყირიმი, იგივე მოხდა აღმოსავლეთ უკრიანის შემთხვევაშიც. მანამდე კი, დიდი ხნით ადრე, 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს. კრემლს უკვე აქვს 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება იმისა, თუ როგორ უპასუხებს მას დასავლეთი. სწორედ ამიტომ ისინი აგრძელებენ ზეწოლას, იყენებენ არა ე.წ. „პატარა მწვანე კაცუნებს“, არამედ ღია აგრესიას, რადგან ამის დაფარვა უკვე აღარ სჭირდებათ.
ალინა პოლიაკოვა, ბრუკინგსის ინსტიტუტი

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესია „ძვირად უნდა დაუჯდეს“, რომ კრემლი სუსტ და არაკოორდინირებულ რეაქციას ელოდება, დასავლეთმა კი მისი მოლოდინის შესაბამისად არ უნდა იმოქმედოს და მას კონკრეტული ქმედებების პასუხად მიზნობრივი სანქციები დაუწესოს ან დასაჯოს სხვა დიპლომატიური გზებით.

ამ დრომდე ამერიკის და ნატოს პასუხი მოიკოჭლებდა. ამერიკამ მოითხოვა რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებული უკრიანელი მეზღვაურებისა და ხომალდების დაბრუნება, მაგრამ არავის დაუკონკრეტებია, რა მოხდება თუკი რუსეთი ამას არ გააკეთებს. თანაც არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ამის გაკეთებას აპირებდეს“, - ამბობს ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე. „ამ უშუალო კრიზისის საპასუხოდ ნატოს საზღვაო სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა შავ ზღვაში, უკრაინისთვის უსაფრთხოების მიმართულებით - სანაპირო დაცვისა თუ დაზვერვის კუთხით დახმარების გაზრდა, არც ასეთი ნაბიჯები გადადგმულა“, - განმარტავს ვერშბოუ.

დასავლეთის პასუხი მკაცრი იყო, მაგრამ რეგიონის საკითხებზე მომუშავე მკვლევარები ამბობენ, რომ რადგან ამჯერად აგრესია ბოლო წლებისგან განსხვავებით უფრო ღია და დაუაფარავი იყო, პასუხიც გაცილებით მიზანმიმართული და ეფექტური უნდა იყოს

„რუსებს აღარ სჭირდებათ ჩვენი გამოცდა, მათ უკვე იციან, როგორი რეაქცია გვექნება“, - ამბობს ალინა პოლიაკოვა ბრუკინგსის ინსტიტუტიდან. „ჩვენ ძალიან სუსტი რეაქცია გვქონდა იმაზე, რომ რუსეთმა სამხედრო ძალით ჩაიგდო ხელში ყირიმი, იგივე მოხდა აღმოსავლეთ უკრიანის შემთხვევაშიც. მანამდე კი, დიდი ხნით ადრე, 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს. კრემლს უკვე აქვს 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება იმისა, თუ როგორ უპასუხებს მას დასავლეთი. სწორედ ამიტომ ისინი აგრძელებენ ზეწოლას, იყენებენ არა ე.წ. „პატარა მწვანე კაცუნებს“, [რომლებთან კავაშირსაც უარყოფენ] არამედ ღია აგრესიას, რადგან ამის დაფარვა უკვე აღარ სჭირდებათ“.

რუსებმა ტრამპის მიერ ამ შეხვედრის გაუქმებით იგივე გზავნილი მიიღეს, რასაც შეხვედრაზე მისი სუსტი პოზიციებით მიიღებდნენ. რუსებმა დაასკვნეს, რომ ტრამპს არ სურს წინ აღუდგეს კრემლის მიერ წესების დარღვევას და ეს ალბათ მართლაც იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, ამერიკის პრეზიდენტს ძლიერი პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ ჩვენ ეს შესაძლებლობა დავკარგეთ.
ანდრეა კენდალ-ტეილორი, "ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრი"

პრეზიდენტმა ტრამპმა თავის რუს კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც „დიდი ოცეულის სამიტის“ დროს არგენტინაში უნდა გამართულიყო, გააუქმა. როგორც მან "ტვიტერზე" დაწერა, შეხვედრა მანამდე გადაიდო, სანამ უკრაინაში „მოვლენები გაირკვევა". იქვე აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება "სამწუხაროა".

ანალიტიკოსებს შეხვედრის გადადება მნიშვნელოვან გზავნილად მიაჩნიათ. თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო სწორედ ამ კრიზისის დროს შეხვედრა და რუსეთის აგრესიის პირისპირ და ღიად დაგმობა.

"ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის" ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი ანდრეა კენდალ-ტეილორი ამბობს, რომ ამ შეხვედრის გადადებას რამდენიმე უარყოფითი ასპექტიც ჰქონდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როგორც მოსკოვი აცხადებს, ამის შესახებ სხვების მსგავსად, მათაც პრეზიდენტის "ტვიტერის" პოსტიდან შეიტყვეს.

"რუსებმა ტრამპის მიერ ამ შეხვედრის გაუქმებით იგივე გზავნილი მიიღეს, რასაც შეხვედრაზე მისი სუსტი პოზიციებით მიიღებდნენ. რუსებმა დაასკვნეს, რომ ტრამპს არ სურს წინ აღუდგეს კრემლის მიერ წესების დარღვევას და ეს ალბათ მართლაც იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, ამერიკის პრეზიდენტს ძლიერი პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ ჩვენ ეს შესაძლებლობა დავკარგეთ", - ამბობს კენდალ-ტეილორი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყნებმა უმთავრესად საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ ისინი რუსული დეზინფორმაციის და სხვა ტიპის აგრესიის წინააღმდეგ ნაკლებად მოწყვლადი იყოს. რაც შეეხება ტრანს-ატლანტიკურ ძალისხმევას, მათი აზრით, აუცილებელია რუსეთის მიერ „მიზანში ამოღებული“ ქვეყნების დახმარება და მათი გაძლიერება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG