ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელსინკის კომიტეტის მოსმენა: კავკასიაში არეულობაა მოსალოდნელი


ჰელსინკის კომიტეტის მოსმენა: კავკასიაში არეულობაა მოსალოდნელი

საქართველოს დამოკიდებულება ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების ან ეთნიკური ჯგუფების მიმართ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ხელს არ უწყობს.

ამერიკის ჰელსინკის კომიტეტში მოსმენა გაიმართა, რომელზეც ჩვენებები კარნეგის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ტომას დე ვაალმა, ბრუკინსგსის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ფიონა ჰილმა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსმა მკვლევარმა ვეინ მერიმ მისცეს. მოსმენას ჰელსინკის კომისიის პოლიტიკური მრჩეველი მაიკლ ოში ხელმძღვანელობდა.

მოსმენა კონგრესმენმა მაიკლ ბურგსმა გახსნა და განაცხადა, რომ ჰელსინკის კომისია, რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გავრცელებას ისახავს მიზნად. თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ისევ ბევრი რეგიონი აგრძელებს მუდმივი სამხედრო დაძაბულობის პირობებში არსებობას, მაგალითად, საქართველო, რუსეთი და ჩეჩნეთი.

მაიკლ ოშმა გამოსვლა კავკასიის კონფლიქტების მიმოხილვით დაიწყო და განაცხადა, რომ როგორც სამეცნიერო ასევე პოლიტიკურ წრეებში, ამ კონფლიქტებს „გაყინულს“ „გრძელვადიანს“ ან რაიმე სხვა ტერმინით მოიხსენიებენ. არ აქვს მნიშვნელობა როგორი კლასიფიკაცია ექნება მიცემული კავკასიის კონფლიქტებს. ფაქტია, რომ ისინი უკვე 20 წელია მიმდინარეობს და მათი გადაწყვეტის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.

ოშის თქმით, კონფლიქტების გადაჭრის შესაძლებლობა რუსეთ-საქართველოს ომმა გაართულა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. თუმცა, გარდა ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუსი, რუსეთის მაგალითს არავინ მიჰყვა, მათ შორის რუსეთის ახლო მოკავშირეებიც. „ცხადია, მათ კარგად ესმით, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის გეგმის პირობები არ შეასრულა და ამის სანაცვლოდ საქართველოს ორ რეგიონში სამხერდო ბაზები დააარსა. მათ ეშინიათ, რომ რუსეთს იგივეს გაკეთება შეუძლია მათ წინააღმდეგაც. ამერიკის მთავრობა კი თბილისის პოზიციას იჭერს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალაა.“

საქართველოს კონფლიქტებზე ფიონა ჰილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ კონფლიქტების გადაჭრის მხრივ მცირედი პროგრესი მაინც რომ გამოიკვეთოს, აუცილებელია მოხდეს განსხვავებების შეჯერება ისე, რომ დაკმაყოფილდეს სეპარატისტების მოთხოვნის გარკვეული ნაწილი და ამასთან შენარჩუნდეს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ერთიანობა.

მისივე თქმით, 2008 წლის ომის ფონზე ამგვარი შეთანხმების მიღწევა რთული ან შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, აფხაზეთმა და ოსეთმა არაერთხელ უარყვეს თბილისის მხრიდან შეთავაზებული პირობები, რომლებიც მათ ფართო ავტონომიას უზრუნველყოფდა. მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობას უჭირს ნებისმიერი ისეთი წინადადების განხილვა, რომელიც სეპარატისტული რეგიონების საქართველოში სრულ რეინტეგრაციას არ მოიცავს. „ცხადია, რომ დიალოგისთვის ხიდი ვერ მოინახა. გარდა ამისა, ყოველთვის ისმის ის კითხვა თუ რამდენად მოსალოდნელია მორიგი სამხედრო დაპირისპირება კონფლიქტის მხარეებს შორის. თუ 2008 წლის შემდეგ მომხდარ მოვლენებს გავითვალისწინებთ - მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური პროვოკაციის მიზნით დაგეგმილ ძალადობას, ან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ ინდივიდუალურ ეთნიკურ ან პოლიტიკურ დაპირისპირებებს - იმ დასკვნის გაკეთება, რომ მსგავსი შეტაკებების ესკალაცია პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს.“

ჰილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ ახალი პოლიტიკის შემუშავებამ მოსკოვის ყურადღება ნამდვილად მიიპყრო. საქართველოს დამოკიდებულება ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების ან ეთნიკური ჯგუფების მიმართ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ხელს არ უწყობს. პირიქით, „სავარაუდოდ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კავკასიაში ვითარება შესაძლოა გაცილებით საშიში გახდეს.“

XS
SM
MD
LG