ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა უარი თქვეს საპრეზიდენტო პოსტზე აერჩიათ კრემლის ფავორიტი კანდიდატი და ოპოზიციის წარმომადგენელს დაუჭირეს მხარი.

2011 წლის შემოდგომა და ზამთრის პირველი თვე საკმაოდ დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის. ამ პერიოდში აქ საპრეზიდენტო არჩევნები ორჯერ ჩატარდა, მაგრამ პრეზიდენტის არჩევა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა. ვითარება კი არაორდინალური იმის გამოა, რომ დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა უარი თქვეს, საპრეზიდენტო პოსტზე აერჩიათ კრემლის ფავორიტი კანდიდატი და ოპოზიციის წარმომადგენელს დაუჭირეს მხარი. მხარდაჭერა კი არამარტო არჩევნებზე ხმის მიცემით გამოიხატა, არამედ ქუჩის აქციებზე აქტიურობითაც, რაც ცხინვალისთვის ჩვეული მოვლენა ნამდვილად არაა.

დღემდე პატიმრობაში რჩება ჩრდილო ოსეთში დაკავებული სოსლან კოკოევი, რომლის დაკავების მიზეზი გახდა არამარტო ოპოზიციური საიტის შექმნა, არამედ მისი შეხედულებებიც „დასავლეთისკენ შებრუნების“ შესახებ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები ხაზგასმით აღნიშნავენ რუსეთის შეუცვლელ როლს მათი ქვეყნისთვის, თუმცა ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმის შესახებაც, რომ დროა ცხინვალიდან დასავლეთით გაიხედონ. მართალია, ერთი ამ აზრის მატარებელი ადამიანი, სოსლან კოკოევი ახლა ვლადიკავკაზის ციხეში ნარკოტიკის შენახვისთვის იხდის სასჯელს, მეორე კი ვლადიმერ სანაკოევი ემიგრაციაშია, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ასეთი შეხედულებები არსებობს, უტყუარია.

„საქართველოს მხარეს ნაკლებად რომ ვინმემ გაიხედოს პოზიტიურად, მაგრამ დასავლეთისკენ კი ალბათ ღირს ამის გაკეთება. თავად ხალხისგანაა წინადადებები, ხაზს ვუსვამ, არა მოთხოვნა, არამედ წინადადებები, რომ მოდით, მივმართოთ დასავლეთს დახმარებისთვის, რადგან რუსეთმა უკვე იმედი გაგვიცრუა. ხალხი ითხოვეს შველას, ლოცულობენ ამაზე, ელოდებიან. ნაცვლად იმისა, რომ ვინმემ იფიქროს რამის მოგვარებაზე რუსეთში, აქ ვინოკუროვს გვიგზავნიან. კოკოითიმ მართლა კარგი სამსახური გაგვიწია. ახლა ვიცით ზუსტად ვინ ვინ არის და ისიც ვიცით როგორ როგორ ვიმოქმედოთ, რომ გადავრჩეთ, როგორც ერი. კოკოითის მიმართ არსებული უკმაყოფილება ავტომატურად აისახება რუსეთზეც. რუსეთი კი ისეთ სისულელეებს ჩადის აქ, წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, კავკავსიის გული ოსეთია, თუ ოსეთი არ იქნება, კავკასია რუსეთს საერთოდ აღარ ექნება, რადგან კავკასია ეკუთვნის რუსეთს მხოლოდ იმიტომ რომ, ჩვენ ვართ აქ, სამხრეთ ოსეთიში. ჩვენს გარეშე იგი ბატონობას დაკარგავს კავკასიაზე“. „ეხო მოსკვისთვის“ მიცემული ამ ინტერვიუს შემდეგ კოკოევი ციხეში ზის.

რაც შეეხება საქართველოსადმი დამოკიდებულებას, განსხვავებული მოსაზრებები ამ თვალსაზრისითაც გამოითქვა. ოპოზიციის ლიდერმა ცხინვალში და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალა ჯიოევამ პრესკონფერენციაზე მოსკოვში განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივა არსებული ხელისუფლების პირობებში (აქ იგულისხმება პრეზიდენტი სააკაშვილი) შეუძლებელია, თუმცა თუ საქართველო მომავალში მოინანიებს საკუთარ ქცევას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების წინაშე, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებლად მიაჩნია.

„1989 წელს გამსახურდიას ფაშისტური რეჟიმისგან ჩვენ პრიმიტიული ჯოხებით ვიცავდით თავს და ამავეს ვაკეთებდით მთელი ოცი წლის მანძილზე ღირსეულად. უდავოდ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ რუსეთს, რომელმაც 2008 წლის 8 აგვისტოს დაგვიცვა მასობრივი განადგურებისგან. რაც შეეხება საქართველოს, მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოშიც აუცილებლად მოვა, ისევე როგორც გერმანიაში მოვიდა პოლიტიკოსი, რომელიც აღიარებს დანაშაულს ოსების წინაშე, მოინანიებს და დააკისრებს მასზე პასუხისმგებლობას მთელს ქართველ ხალხს. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება გზა დიალოგისკენ. მოლაპარაკე მხარეები კი აუცილებლად იპოვიან გადაკვეთის წერტილებს. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მხოლოდ რუსეთია და კოკოითისაც მივცემთ უსაფრთხოების გარანტიას, მხოლოდ ჩვენი ცხოვრება ნორმალური გზით წავიდეს.“

ზემომოყვანილი მოსაზრებებიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ვისაუბროთ სამხრეთ ოსეთში განსხვავებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობაზე, ამას მომავალი თვეები გვიჩვენებს.

XS
SM
MD
LG