დამოუკიდებელმა აქტივისტმა ენდი ჩანმა, უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ჩინეთს თანამედროვე კოლონიური სახელმწიფო უწოდა და ის ქალაქის განადგურებაში დაადანაშაულა.
ენდი ჩანი "ჰონგ-კონგის ეროვნული პარტიის" დამფუძნებელია. მან ეს განცხადება "უცხოელ კორესპონდენტთა კლუბის" წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. პეკინი ამ შეხვედრის ჩატარებას ძლიერ ეწინააღმდეგებოდა. ჩანის თქმით, ჩინეთი ჰონგ-კონგის სწრაფ ანექსიას ახდენს.
ჩანი ერთ-ერთია იმ ბევრ ახალგაზრდა აქტივისტს შორის, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ ხელისუფლების დამოკიდებულებას ყოფილი ბრიტანული კოლონიის მიმართ. 1997 წლის შემდეგ, როდესაც პეკინმა ჰონგ-კონგზე კონტროლი დაიბრუნა, ის ფართო ავტონომიით სარგებლობს. "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" - ასეთი ფორმულით განსაზღვრავს პეკინი მათ დამოკიდებულებას. აქტივისტთა ნაწილი ჰონგ-კონგის სრულ დამოუკიდებლობას ითხოვს, ნაწილი კი კიდევ უფრო ფართო ავტონომიის მომხრეა.
ჟურნალისტებთან ჩანის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ჰონგ-კონგის მთავრობის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ქალაქის დამოუკიდებლობის მოთხოვნა და ამ იდეის გავრცელება სრულებით შეუსაბამო და მიუღებელი იქნებოდა, ისევე როგორც, ამგვარი გამოსვლისთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა.
თუმცა "უცხოელ კორესპოდენტთა კლუბმა" არ შეცვალა გადაწყვეტილება და აქტივისტს მაინც უმასპინძლა. კლუბის განცხადებით, არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ აზრის თავისუფლად გამოხატვის, საუბრისა და კამათის შესაძლებლობა, მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული მოსაზრებები არ ეთანხმება სხვების შეხედულებებს".
შეხვედრა დემონსტრაციების ფონზე გაიმართა. კლუბის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანის გამოსვლის დროს არაერთი აქტივისტი შეიკრიბა, ზოგიერთი მათგანი პეკინის ცენტრალური ხელისუფლების მომხრე იყო, ზოგი კი ჰონგ-კონგის დემოკრატიული განვითარების ან დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობდა.
Facebook Forum