ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ინტელის“ ტექნოლოგიური სიახლეები


ახალი თაობის პროდუქცია დაგვეხმარება პატარების უკეთ მოვლაში, მანქანის ტარებაში, სხვადასხვა ნივთის შეძენაში და ასე შემდეგ

მანქანის მოწყობილობა მძღოლის გონებრივ აქტივობას ასახავს. სენსორების და პანელზე დამაგრებული ვიდეო კამერის მეშვეობით, რომლებიც თვალის მოძრაობასაც კი აფიქსირებენ, აპარატი აჩვენებს, თუ რამდენად ფრთხილად არის მძღოლი.

„ინტელის“ ლაბორატორიის უფროსი მკვლევარი, ჯასტინ რატნერი ამბობს, რომ მსგავსი მოწყობილობის საშუალებით გზებზე მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება:

ტვინის აქტივობის მონიტორინგს არ ვაკეთებთ. არამედ ვაკვირდებით, თუ რა დოზით აკონტროლებს გონება მანქანის მართვას მოცემულ მომენტში, თუნდაც როცა მძღოლი ტექსტობრივი შეტყობინების გაგზავნას ცდილობს“.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00
ბმული

რატნერის თქმით, მართვის დროს ტექსტების გზავნა მხოლოდ სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის არის მიზანშეწონილი. რიგითი მძღოლისთვის, რა სიჩქარითაც არ უნდა ატარებდეს, ეს უსაფრთხო არ არის. ანალოგიურ სიახლეებზე, როგორც ცნობილია მეორე ტექნოლოგიური გიგანტი, „გუგლიც“ აქტიურად მუშაობს. ორივე კომპანია ამჟამად ავტომატურ მანქანებსაც ცდის, რომლებიც ამერიკის გზებზე მძღოლის გარეშე დადიან.

აღნიშნული ტექნოლოგიის მასობრივად დანერგვამდე ჯერ რამდენიმე წელი გავა. თუმცა სენსორიან კამერებს „ჰონდა“ და სხვა კომპანიები უკვე იყენებენ. „ინტელი“ ასევე მუშაობს მოწყობილობაზე, რომელიც წინ მიმავალი ავტომობილის მომავალ მოძრაობებს აჩვენებს. მაგალითად, თუკი ის შენელდება, ან მოხვევას დაიწყებს, პანელზე დამაგრებული ინდიკატორი უკან მიმავალ მძღოლს ამის შესახებ გააფრთხილებს.

ერთ-ერთ დემონსტრაციაზე „ინტელის“ წარმომადგენლები ისეთი აპარატურის პრეზენტაციას აკეთებენ, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ხელით კომპიუტერის თაგვი, ე.წ. მაუსი შეცვალოს. მომავალში კომპიუტერული ჩიპები და სენსორები ადამიანებს ისეთ საქმიანობაში დაეხმარება, როგორიცაა მაგალითად დიდ მაღაზიაში ამა თუ იმ პროდუქტის მოძებნა. თან გვექნება მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც თუკი მიწის თხილზე ალერგია გვაქვს, იმ საკვებს გვაპოვნინებს და აგვარჩევინებს, რომელიც მიწის თხილს არ შეიცავს.

ვიდეო კამერებს და ხმის სენსორებს მშობლები ჩვილი ბავშვის მოვლისთვის დიდი ხანია იყენებენ. კიდევ უფრო დახვეწილი ტექნოლოგია მშობლებს ჯანმრთელობის და გუნება-განწყობის შემოწმების საშუალებას მისცემს. განსაკუთრებით იხვეწება კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც თანდათან უფრო მცირე ზომის ხდება. „ინტელი“ მინიატურულ კომპიუტერებზეც მუშაობს.

კომპანია დიდ დროს უთმობს უსაფრთხოების ტექნოლოგიების დახვეწას და მათ მაქსიმალურ გამარტივებას. პოლ შმიდტი, „ინტელის“ ლაბორატორიების წარმომადგენელი, ამბობს, რომ პაროლების ნაცვლად, რომლებიც თანდათან რთულდება და თან ხშირად იცვლება, ორგანიზაციები სახის ამოცნობის ტექნოლოგიებზე გადავლენ. თანაც ეს პროდუქტი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ის მობილურ ტელეფონებშიც კი იტვირთება.

„ეს შეიძლება იყოს ადამიანის ხმის საშუალებით ამოცნობა და სამგანზომილებიანი სახის სკანირება და ამოცნობა, რაც ფოტოების გამოყენებას გამორიცხავს“ - აღნიშნავს „ინტელის“ წარმომადგენელი. შმიდტის თქმით, კომპანიის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა კომპიუტერული პროგრამების ჰაკერებისგან დაცულობის უზრუნველყოფა.

ჯასტინ რატნერი ამბობს, რომ „ინტელი“ ყოველთვის მომხმარებლის ინტერესებიდან გამოდის და სამომავლო გეგმებს იმის მიხედვით სახავს, თუ რა სურს და რა სჭირდება მყიდველს. მისი თქმით, ახალ ტექნოლოგიებს ყველაზე მეტად მონაცემთა დაცულობის და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა ესაჭიროება. სავარაუდოდ, ეს მხარეც ძალიან მალე დაიხვეწება და ადამიანებს ტექნოლოგიების მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობა ექნებათ.
XS
SM
MD
LG