ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოახდინა თუ არა უკრაინამ ევროპის გეოპოლიტიკური გამოღვიძება?


კიევი, უკრაინა
კიევი, უკრაინა

დასავლეთის მედია-საშუალებები ცდილობენ საკუთარ მკითხველს და მაყურებელს აუხსნან ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინა. ეს შესაძლოა იმ ვარაუდით იყოს გამოწვეული, რომ ევროპის შორეულ ფლანგზე მდებარე ამ ქვეყნის ბედი რიგითი დასავლელებს შეიძლება არ ადარდებდეთ. თუმცა, გამოკითხვის თანახმად, რომელიც საგარეო ურთიერთობების ევროპულმა საბჭომ ჩაატარა, მათ ამის მტკიცება არ სჭირდებათ. კვლევის თანახმად ევროპელები შესაძლოა „გეოპოლიტიკურ გამოღვიძებას“ განიცდიან.

ევროპელები სამ საკვანძო იდეაში ერთიანი არიან.

გამოკითხულებმა რუსული საფრთხე დაახასიათეს როგორც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ როგორც მთელი კონტინენტის უსაფრთხოების პრობლემა. ისინი შიშობენ, რომ კრემლის მიერ უარყოფის და დასავლეთის მღელვარების დაცინვის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში შეჭრას ნამდვილად გეგმავს და ევროპელებს სურთ, რომ ნატომ და ევროკავშირმა კრიზისზე რეაგირება მოახდინოს.

უფრო ნაკლები ერთიანობაა იმ ფასზე, რომელიც მათ ქვეყნებმა უკრაინის დასაცავად უნდა გადაიხადონ, ან როგორი მსხვერპლის გაღებისთვის არიან მზად. ამ საკითხში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის დიდი განსხვავებაა. როგორც ჩანს, პოლონელები, რუმინელები და შვედები თავის დასავლელ პარტნიორებთან შედარებით უფრო მზად არიან მსხვერპლი გაიღონ. თუმცა, კვლევამ დაადგინა, რომ მთლიანობაში ევროპელები ომის ლტოლვილების შესაძლო დიდი ნაკადისთვის, ენერგიაზე ბევრად მაღალი ფასისთვის, დასავლურ სანქციებზე რუსული ეკონომიკური შურისძიების და კრემლის მიერ მართული დამანგრეველი კიბერ-თავდასხმებისთვის ემზადებიან.

გამოკითხვა ჩატარდა ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, რუმინეთში და შვედეთში. ამ ქვეყნების მოსახლეობა ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის თითქმის ორ მესამედს შეადგენს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი მთელი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

უკრაინის აღიარება

კვლევის ავტორი ორგანიზაცის ანალიტიკოსები, ივან კრასტევი და მარკ ლეონარდი ამბობენ, რომ ევროპელ ამომრჩევლებს შორის „მოულოდნელი კონსენსუსი“ არსებობს, რომლებიც „უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთ შეჭრას არა მხოლოდ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმად, არამედ თვით ევროპული უსაფრთხოების წესრიგზე თავდასხმად დაინახავენ“.

მათ ასევე თქვეს, რომ შესაძლოა ეს სურპრიზი აღმოჩნდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს დანერგოს მოსაზრება, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია. კარგად არის ცნობილი 2008 წელს ჯორჯ ბუშისადმი მისი ნათქვამი: „ჯორჯ, უნდა გაიგო, რომ უკრაინა ქვეყანაც კი არ არის“.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის და დონბასის რეგიონის ნაწილზე კონტროლის დამყარების შემდეგ პუტინმა თქვა, რომ „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. კიევი რუსეთის ქალაქების დედაა“.

გასულ წელს მან დაწერა 5000 სიტყვიანი გახმაურებული ტრაქტატი სათაურით „რუსების და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“, რომელშიც ირწმუნება, რომ უკრაინას სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთთან პარტნიორობით შეიძლება ჰქონდეს და დახატა დასავლური შეთქმულების სურათი, რომელიც სლავური ერთობის ძირის გამოთხრას ცდილობს. ბევრმა ავტორიტეტულმა ისტორიკოსმა პუტინის ნაშრომს ექსცენტრიული და მითების შემქმნელი უწოდა, რომლითაც უკრაინის ბევრად უფრო რთული, მშფოთვარე და ნაწამები ისტორია გააუბრალოა.

კვლევა ხაზს უსვამს თუ ევროპელები როგორ აღიქვამენ უკრაინას, როგორც სრულყოფილ ქვეყანას, რაც დიდად განსხვავდება წარსულში დასავლეთის უყურადღებო მიდგომისგან.

2014 წელს უკრაინის მაიდანის ამბოხებამ, რომელსაც ღირსების რევოლუციის სახელითაცაა ცნობილი, ევროპელების ყურადღება მიიპყრო და ქვეყანა პოლიტიკურ რუკაზე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. მაიდანის შემდეგ ევროპასთან სავაჭრო და კულტურული კონტაქტები დრამატულად გაიზარდა. 2017 წლიდან უკრაინელებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა აღარ სჭირდებოდათ და ათობით ათასმა უკრაინელმა ახალგაზრდამ სწავლა ევროკავშირში გააგრძელა.

ბუფერული სახელმწიფო

პოლონეთისთვის, სადაც დაახლოებით მილიონი უკრაინელი, მეტწილად ეკონომიკური მიგრანტი ცხოვრობს, უკრაინას ბუფერული სახელმწიფოს მნიშვნელობა აქვს და სანამ ის არსებობს, რუსეთს დაახლოებით 1000 კილომეტრის მოშორებით ამყოფებს. პოლონელები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები შიშობენ, რომ თუ რევანშისტული რუსეთი ერთ საზღვარს გადაკვეთს, სხვა საზღვრებსაც იგივე ბედი ეწევა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა ისტორიკოსმა მათეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ „წლების განმავლობაში დასავლეთს სჯეროდა, რომ ოცდამეერთე საუკუნე შეიარაღებული დაპირისპირებისგან თავისუფალი იქნებოდა. თუმცა, ბოლოდროინდელი გამოცდილება გვაძლევს საკმარის მტკიცებულებას, რომ რუსული აგრესია არის არა ილუზია, არამედ იმის ნიშანი, რომ დასავლეთის ისტორიაში ახალი თავი იწყება“.

XS
SM
MD
LG