ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარისის ევროპაში ვიზიტის მიზანი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა


კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. პოლონეთი, 10 მარტი, 2022წ.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამდღიანი ვიზიტით პოლონეთს და რუმინეთს სტუმრობს. თეთრი სახლის მიზანია, რუსეთის აგრესიის პირობებში ნატოს მოკავშირეთა გაძლიერება და გამხნევება. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტს სავარაუდოდ, ჯერ ვარშავის წინადადებასთან დაკავშირებით გაუგებრობის გარკვევა მოუწევს, რაც უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემას უკავშირდება.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პოლონეთის საჯარო შეთავაზების წინაშე აღმოჩნდა, რომელიც ვაშინგტონთან წინასწარ კოორდინირებული არ იყო. ვარშავამ სამშაბათს განაცხადა, რომ მზად არის საბჭოთა პერიოდში ნაწარმოები საბრძოლო თვითმფრინავები ამერიკას გადასცეს, რათა მან ისინი უკრაინას მიაწოდოს. პენტაგონმა სწრაფად იუარა და თქვა, რომ ამგვარი ნაბიჯი "მაღალ რისკს" შეიცავდა.

თვითმფრინავებით დახმარებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი დღეებია ითხოვს. უკრაინას საბჭოთა პერიოდში წარმოებული ავიაგამანადგურებლები ურჩევნია, რადგან უკრაინელ პილოტებს მათი მართვის მეტი გამოცდილება აქვთ. "რა თქმა უნდა, ვიცე-პრეზიდენტის გამგზავრება არ უკავშირდება ამ კონკრეტულ საკითხს, რომლის მოგვარებაც სამხედრო არხებითაც შეიძლება" - განაცხადა ოთხშაბათს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ.

პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს ასევე დაბეჯითებით სთხოვს, რომ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონა გამოაცხადოს, რათა ქვეყანა რუსეთის მხრიდან საჰაერო დაბომბვებისგან დაიცვას. დასავლეთი არასაფრენი ზონის გამოცხადებისგანაც რისკების გამო თავს იკავებს.

ეს ზომა, თუნდაც ძალზე ლიმიტირებული დროით, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დერეფნების საშუალებით გაყვანა მოხერხდეს, პოტენციურად შეიცავს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების რისკს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადების ნებისმიერი მცდელობა, განხილული იქნება, როგორც "შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა".

პოლონეთში ვიზიტის განმავლობაში კამალა ჰარისი შეეცდება გაამხნევოს ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფ ქვეყნებს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტუროს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ვარშავაში ხვდება როგორც პოლონეთის ლიდერებს, ისე ქვეყანაში ვიზიტით მყოფ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს. ჰარისი პოლონეთში დევნილ უკრაინელებსაც შეხვდება. პარასკევს კი ის ბუქარესტისკენ აიღებს გეზს, სადაც ვიცე-პრეზიდენტს შეხვედრები ექნება რუმინეთის ლიდერებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG