ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: აშშ-ის მიერ ავიამოიერიშეების უკრაინისთვის გადაცემა მაღალ რისკს შეიცავს


საბჭოთა წარმოების MIG-29

შეერთებულმა შტატებმა დაგმო რუსეთის საჰაერო თავდასხმა მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე. ვაშინგტონმა ასევე განაცხადა, რომ არ განიხილავს პოლონეთის წინადადებას გადასცეს უკრაინას ავიაგამანადგურებელი, გერმანიაში მისი საჰაერო ბაზიდან.

„სუვერენულ ქვეყნებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ რისი გაკეთება სურთ“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ. „თუმცა წინადადება, რომ ეს ავიაგამანადგურებლები ჯერ ჩვენს მეურვეობის ქვეშ გადმოვიდეს, რათა შემდეგ გადაეცეს უკრაინას, არაა ის, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე განვიხილავთ“, - განაცხადა კირბიმ.

კირბიმ თქვა, რომ მსგავსი ტრანსფერი, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს შეფასებით, „მაღალი რისკის“ შემცველია და შესაძლოა ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან.

გუშინ, პოლონეთმა განაცხადა, რომ ის მზად იყო საბჭოთა წარმოების „MIG 29” ტიპის თვითმფრინავები უკრაინისთვის გადაეცა, თუმცა ამერიკის გავლით. ვარშავამ თქვა, რომ ის ავიამოიერიშეებს, გერმანიაში ამერიკის საჰაერო „რამშტეინის“ ბაზაზე გაგზავნიდა, საიდანაც ვაშინგტონს თავად უნდა მოეხდინა მოიერიშეებს გადაცემა უკრაინისთვის. თეთრმა სახლმა და პენტაგონმა, ვარშავას ამ წინადადებაზე უარი თქვეს და აღნიშნეს, რომ ეს პოლონეთის მხრიდან მოულოდნელი განცხადება იყო.

იქამდე პენტაგონი ამბობდა, რომ ის მხარს უჭერდა ვარშავის მიერ ავიაგამანადგურებლების კიევისთვის გადაცემას და რომ პოლონეთის არსენალს ამერიკული მოიერიშეებით შეავსებდა.

უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის თავზე "ცის ჩაკეტვას" სთხოვს, რაც ქვეყნის რუსული საჰაერო იერიშებისგან დაცვას გულისხმობს. თუმცა ნატოს ქვეყნები ამ ნაბიჯისგან კონფლიქტში მხარედ ჩართვის რისკის გამო იკავებენ თავს. ამ ფონზე, უკრაინის ხელისუფლება დასავლეთს ავიამოიერიშეების გადაცემას სთხოვს, რათა ქვეყნის საჰაერო შეიარაღებულმა ძალებმა თავად შეძლონ თავდაცვა.

XS
SM
MD
LG