ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეგელის კანდიდატურა დაბლოკეს


ჰეგელის კანდიდატურის განხილვა ერთკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდება

რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს პრეზიდენტ ობამას მიერ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა. პენტაგონის შეფის თანამდებობაზე ჩაკ ჰეგელის კანდიდატურის განხილვა ერთკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდება.
ჩაკ ჰეგელმა ლეონ პანეტა უნდა შეცვალოს. დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი აცხადებს, რომ ჰეგელის დამტკიცების გადავადება საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების თავდაცვის სისტემას:“ არავინ იცის რა საგარეო გამოწვევების წინაშე დადგება სახელმწიფო უახლესი 10 დღის განმავლობაში და ასეთ ვითარებაში არ იქნებოდა ურიგო, რომ ქვეყანას თავდაცვის მინისტრი ყოლოდა.“
ახალი თავდაცვის მდივნის დამტკიცებამდე ლეონ პანეტა გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას, თუმცა თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამ საკითხის გადადება დროის ფუჭი ფლანგვაა და ეს მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
რესპუბლიკელების განცხადებით, ჰეგელის წარსული უფრო დაწვრილებით შესწავლას მოითხოვს. სენატორ ჯონ მაკეინის განცხადებით:“ ბევრი კითხვები არსებობს და სენატორებს აქვთ უფლება ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღონ.“
რესპუბლიკელები ამ საკითხს ერთ კვირაში დაუბრუნდებიან თუმცა, ჯონ მაკეინი აცხადებს რომ ის მხარს არ დაუჭერს ჩაკ ჰეგელის კანდიდატურას:“სენატორი ჰეგელი ღირსეული კაცია, მაგრამ ეროვნული უშიშროების საკითხებზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე და ჩრდილოეთ აფრიკაში ისლამისტური მოძრაობის გააქტიურებაზე მისი პოზიცია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს არ შეესაბამება.“
დემოკრატები რა თქმა უნდა არ იზიარებენ ამ თვალსაზრისს. როგორც სენატორი რიჩარდ დურბინი აცხადებს:’’ ჩაკ ჰეგელი ვიეტნამის ომში მოხალისედ წავიდა და ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მან კარგად იცის ჯარისკაცის გასაჭირი და ისიც მშვენივრად მოეხსენება როგორი მხედართმთავარი სჭირდება ქვეყანას.’’
დემოკრატების განცხადებით, პროცედურასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მანევრები სენატში უპრეცედენტო ხასიათს ატარებს. როგორც დემოკრატი სენატორი ჰარი რიდი აცხადებს ისინი ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას.
ჩაკ ჰეგელს ისრაელთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადებების გამო აკრიტიკებენ, ასევე არსებობს კითხვები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო.
როგორც ბრუკინგსის ინსტიტუტის პოლიტოლოგი თომას მანი აღნიშნავს, ჩაკ ჰეგელი ყოფილი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც ერაყში ომის გამო დატოვა ეს პარტია და ბარაკ ობამას მხრდამჭერი გახდა. ასე რომ რესპუბლიკელები მასზე შურისძიებას ცდილობენ და ამით ქვეყნის ინტერესებს აყენებენ ზარალს.
XS
SM
MD
LG