ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიონი ლარი: ხელისუფლებამ „რვიანი“ დაშალა


რვიანი ქდმ-მ და მემარჯვენეებმა დატოვეს

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ათ თვიანი მოლაპარაკება მმართველ პარტიასა და რვა ოპოზიციურ ჯგუფს შორის საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ხელისუფლების წინადადებები მიიღეს და „რვიანი“ დატოვეს.

ორივე პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წინადადებები ძალიან შორსაა იდეალურისგან, კერძოდ, საბოლოოდ იქნა უარყოფილი ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - საარჩევნო სიების ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე ფორმირების პრინციპი.

ამის მიუხედავად, ორივე ჯგუფი საუბრობს ახალ პოლიტიკურ რეალობაზე. „ახალი რეალობის“ ყველაზე ხმაურიანი შედეგი გახდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარით იმ პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსება, რომლებიც არჩევნებში ხუთ პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

შეკითხვაზე გაკეთდა თუ არა არჩევანი მილიონ ლარსა და საარჩევნო გარემოს რეალურ გაუმჯობესებას შორის „მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პასუხობს:

„არ არის ეს ქართული გამონაკლისი. საარჩევნო კამპანიის დაფინანსება არის მიღებული ფორმა ცივილიზებულ მსოფლიოში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დაფინანსებას კი არ იღებ კამპანიის დაწყებამდე, არამედ ატარებ კამპანიას, იღებ კონკრეტულ შედეგს ანუ იღებ მხარდაჭერას ხალხის მხრიდან, ვისიც არის ფული და ეს ხალხი თავისი მხარდაჭერით გაძლევს უფლებას ბიუჯეტთან გარკვეული ხელმისაწვდომობისა.

ეს რაც შეეხება დაფინანსებას იმ მილიონით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიებისათვის. და, თუ ვინმე მეტყვის, რომ ფული არ არის საჭირო არჩევნებისთვის და პოლიტიკისთვის, ის ელემენტარულად ვერ ერკვევა პოლიტიკაში. ეს არ შემოუთავაზებია ხელისუფლებას საკუთარი ნებით, ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, „რვიანის“ ერთად.“

ნეირტალურ დამკვირვებელთა უმრავლესობა, ახალ „ურთიერთკომპრომისულ შეთანხმებაში“ პოლიტიკური კლასის ვიწრო მერკანტილურ ინტერესს ხედავს.

შეთანხმების მიხედვით, პარლამენტის შემადგენლობა ისევ იზრდება, ამჯერად 150-დან 190 წევრამდე. ამ გადაწყვეტილებას რეფერენდუმი და მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.

ყოველივე ეს ხდება მზარდი ინფლაციის, გადასახადების ზრდისა და უმძიმესი საბიუჯეტო პრობლემების ფონზე, როცა „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა წესით მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

83 დეპუტატის არჩევა მოხდება მაჟორიტარული წესით, 107-ისა კი პროპორციულით. არ გავიდა „რვიანის“ წინადადება მაჟორიტარულ ოლქებში 50-პროცენტიანი ბარიერის დაწესების თაობაზე.

სამაგიეროდ, ორმადგება საარჩევნო ფონდებში შემოწირულობების ზედა ზღვარი, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. არჩევნების დღეს კი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ე.წ კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლები, ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გასამჯელოს სახით 50 ლარს მიიღებენ. „მემარჯვენე“ ფიქრია ჩიხრაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ფინანსური ანაზღაურება ეს შეიძლება არ არის ბევრი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ისედაც ძალიან სერიოზული წნეხის გადატანა უწევდათ არჩევნების დროს, ეს გასამჯელო მივცეთ.

მე გაგახსენებთ, რომ კოორდინატორი ქალბატონები, რომლებიც ნაცმოძრაობას ჰყავდა, არჩევნების პერიოდში იყვნენ დაფინანსებულები, ისინი იყვნენ მოტივირებულები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ძნელი იყო. რაღაცა მცირეოდენი მოტივაცია ამ შემთხვევაში ექნებათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც.“

ყველა ქართული არჩევნების მთავარ „საჯილდაო ქვას“, საარჩევნო სიებს სპეცკომისია 2011 წლის 1 ოქტობრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე დააზუსტებს. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარც თბილისში თანხმდება საპილოტე პროექტის სახით საარჩევნო სიების ბიომეტრიულ მონაცემებზე დაყრდობით ფორმირებას.

ისევ იქმნება უწყებათშორისი საკორდინაციო საბჭო, რომელმაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უნდა გაუწიოს მონიტორინგი.

სასამართლოში სარჩელების შეტანის ვადა 48 საათამდე იზრდება, ასევე დადგინდა ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, იმ ექვსი პარტიის სახელით, რომლებმაც ხელისუფლების წინადადებები არ მიიღეს, შეთანხმებას „ფულის გადახდით მიღწეული გარიგება“ უწოდა:

„ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯით კვლავ აირჩია ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის, შანტაჟის ენა და ფაქტობრივად უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე.

ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი ან დაგვეთანხმე ან ჩვენ ჩვენსაც მაინც გავიტანთ. საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზებას. ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ვერ ჩაითვლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებად.“

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებული კვლევის „პოლიტიკური პარტიების დაფინანსება“ შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ფინანსურად სრული ბანკროტია და მათი მწირი დაფინანსების ძირითადი წყარო, 80 პროცენტზე მეტი, სახელმწიფო ბიუჯეტია. შემდეგ მოდის პარტიული შენატანი და სულ ბოლოს - კერძო შემოწირულობები.

კვლევის მიხედვით, იგივე „ახალ მემარჯვენეებს“ 2007-2010 წლებში, წლიური დაფინანსების ფარგლებში, არც ფიზიკური და არც იურიდიული შემომწირველი უბრალოდ არ ჰყოლია.

გავრცელებული მოსაზრებით, პარტიული დაფინანსების ყველა წყარო ასოცირდება სპეციფიკურ რისკთან, რომელმაც დემოკრატიას საფრთხე შეიძლება შეუქმნას.

ამასთან, თუ სახელმწიფო დაფინანსება გადამწყვეტია პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაში, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, სუსტდება კავშირი, ერთის მხრივ პარტიასა და მის მხარდაჭერებს და მეორეს მხრივ, პარტიასა და ხალხს შორის.

სწორედ ამით არის განპირობებული, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს არჩევნებიდან არჩევნებამდე უკვე ტრადიციად ექცა ივაჭროს მმართველ კლანთან იმის ნაცვლად, რომ ამომრჩეველის რეალური მხარდაჭერა მოიპოვოს.

XS
SM
MD
LG