გორში დროის ათვლის სისტემა შეიცვალა, აქ დრო ორად იყოფა: ომამდე და ომის შემდეგ. არ არსებობს შეხვედრა, თავყრილობა, ჭირისა თუ ლხინის გაზიარება ისე, რომ ომის თემა, ვინ სად გაიქცა, ვინ არ გაქცეულა, ვინ მოიქცა ღირსეულად და ათასი სხვა ამგვარი არ იყოს განხილული. ასეთი მსჯელობები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს მათთვის, ვისაც ომის შედეგად სახლი არ დაუკარგავს, ანუ მატერიალური ზარალი არ განუცდია. მაგრამ მდგომარეობა იმ ადამიანების, ვისაც ომმა მორალურთან ერთად, მატერიალური და არა მხოლოდ ზიანი მიაყენა, უმძიმესია. დღეს მათი ნაწილი დევნილია, კოტეჯებში ცხოვრობს, ან სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობებში დროებით. ნაწილი კი ადმინისტრაციული საზღვრის პირა სოფლებში. როდესაც მათ ხვდები და მათ გასაჭირს ისმენ, ეს პრობლემების დაუსრულებელი ჯაჭვია, რაც ომმა გამოიწვია. გურამ მიდოდაშვილი რიგითი, მშვიდობიანი მოსახლეა, რომელმაც საკუთარი სახლი ერედვში იმ მიზეზის გამო არ მიატოვა, რომ სირცხვილიაო, შვილები ომში მყავს, სახლიდან როგორ გავიქცეო. 12 აგვისტოს ის ტყვედ აიყვანეს. ცხინვლში მონურ სამუშაოს ასრულებდა, საკუთარი ნების წინააღმდეგ. დღეს მისი ოჯახი იმ საბავშვო ბაღში ცხოვრობს, რომელსაც ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს, დავალიანებააო. დღეს გურამ მიდოდაშვილს დაკარგულ სახლ–კარზე მეტად, ხელისუფლების დევნილებისადმი გულგრილი დამოკიდებულება აშფოთებს.
შიდა ქართლში ახალი გუბერნატორი დაინიშნა, თავდაცვის უწყებაში მუშაობის გამოცდილების მქონე ზურაბ არსოშვილი. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ, გვინდოდა დევნილების მიმართ დაგეგმილი ღინისძიენების შესახებ ესაუბრა. მან კი გვითხრა, დევნილების საქმე მე არ მეხებაო.
იმ დროს როდესაც შიდა ქართლის ხელიუსფლება საკუთარ პასუხისმგებლობებში ერკვევა, საქართველო ერთმა ამერიკელმა ქალბატონმა დატოვა. ელიზაბეთ დუნი კოლორადოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგიომის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში გორში ცხოვრობდა. ახლა საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ წიგნს წერს, რომელიც მომავალ წელს გამოვა. ამბობს, რომ საქართველოში იგი ბედისწერამ ჩამოიყვანა 2008 წლის 8 აგვისტოს. იმ პერიოდში მისი ინტერესის საგანი, რის გამოც საქართველოში მოფრინავდა, სხვა იყო. აეროპორტში ამერიკის საელჩოდან გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში, სადაც გამგზავრებას აპირებდა, წასვლა სახიფათო, იყო, თუმცა მისთვის ეს წინაღობა არ აღმოჩნდა. საქართველოში ჩამოსულმა ელიზაბეთმა დევნილებთან ერთად რამდენიმე თვის მანძილზე იცხოვრა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და კვლევისთვის სხვა მასალა აირჩია. მისი წიგნი დევნილების პრობლემების შესახებ იქნება, სადაც შეეცდება გაარკვიოს, რატომაა ასეთი რთული მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესი. ამბობს, რომ ამ მხრივ განსხვავებული პრობლემატიკაა ლტოლვილებსა და დევნილებს შორის, რაც არასაკმარისადაა შესწავლილი. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართულმა სტუმართმოყვარეობამ მოახდინა. ელიზაბეთის აზრით, ხასიათის ამ თავისებურებისთვის დევნილობაში მყოფ ადამიანებსაც კი არასდროს უღალატიათ.
ომიდან ორი წლის თავზე დევნილების წინაშე არსებულ პრობლემათა ნუსხა არ შემცირებულა.