ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები პასუხს ელიან


დევნილები, დევნილობის ოფიციალური სტატუსის გარეშე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან – ასეთი დღეს დაახლოებით, 50 ოჯახია, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად იძულებული გახდა სახლი მიეტოვებინა. სახელმწიფოს ამ ოჯახებისა და მათი წევრების მიმართ პოზიცია ომიდან ორი წლის შემდეგაც არ დაუფიქსირებია. ამ ადამიანების საკითხი განსაკუთრებულია. ისინი არ არიან დევნილები ცხინვალის რაიონიდან, ყორნისის თემიდან, დიდი ან პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის სოფლებიდან. ომის შედეგად მათ გორის მუნიციპალიტეტის სოფლები დატოვეს. დღეს ეს რამდენიმე სოფელი უკონტროლო ზონაა. ოფიციალურად, ისინი ოკუპირებულიც არაა, თუმცა ქართული პოლიცია მათ ვერ აკონტროლებს. იქ არც რუსული ჯარი დგას. სოფელში მხოლოდ კრიმინალური დაჯგუფებები დათარეშობენ, რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობა იქ ცხოვრებას ვერ ბედავს. ზარდიაანთკარი და გუგუტიანთკარი ასეთი ტიპის სოფლებს მიეკუთვნება. მათზე პრეტენზიას, ოფიციალურად, არც ოსური მხარე აცხადებს, რადგან ეს სოფლები ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმაა დარჩენილი, თუმცა იქ ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება.

ზარდიაანთკარის მკვიდრი მიხეილ გაბლიშვილი ამბობს, რომ მისი სახლი რამდენიმე თვის წინ გადაწვეს. ომიდან თითქმის წელიწად ნახევრის შემდეგ. ამჟმად იგი, ოჯახთან ერთად გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს. მისი თვიური შემოსავალი დაახლოებით, 100 ლარია. „მე თვითონაც არ ვიცი თავი როგორ გამაქვს, როგორ ვცხოვრობ,“– ამბობს მიხეილ გაბლიშვილი. მას და მის მდგომარეობაში მყოფ ყველა იძულებით გადაადგილებულს ყველანაირი დახმარება აქვს მოხსნილი. რამდენიმე თვის წინ ისინი ფქვილსა და ბრინჯს მაინც იღებდნენ ყოველთვიურად, გაზაფხულზე საკვებით დახმარების პროექტებიც დაასრულა მსოფლიო სასურსათო პროგრამამ გორში. ამჟამად საბავშვო ბაღებში ჩასახლებული დევნილები მხოლოდ სოციალურ შეღავათს იღებენ, 28 ლარს თვეში.

ზარიაანთკარიდან დევნილი გია გორგიშელი ამბობს, რომ ისინი დაკარგული სახლებისთვის კომპენსაციას ითხოვენ, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფაც ჭირდებათ. ამ მოთხოვნებით ხელიუსფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი პასუხი მხოლოდ მოცდას ითვალისწინებს და სხვას არაფერს. „გვეუბნებიან, დაგეხმარებითო, მაგრამ როდის,“– ამბობს გია გორგიშელი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დევნილთა გასაჭირის შესახებ ინფორმაციას ფლობს და ამბობს, რომ მათი დახმარების საკითხი ცენტრალური ხელიუსლფების წინაშე უკვე დაყენებულია. დავით ხმიადაშვილი ამბობს, რომ ისინი პასუხს ელიან. ამ ეტაპზე რას მოიცავს „დახმარება“, იქნება ეს თანხით თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფა თუ სხვა, გამგებელმაც არ იცის. თავადაც მოცდისა და გაურკვევლობის რეჟიმშია. პასუხი ცენტრიდან არ არის. ყველამ მხოლოდ და მხოლოდ ის იცის, რომ ეს „პოლიტიკური საკითხია“. ეს ორი სიტყვა კი ერთგვარი საიდუმლო მინიშნება, როდესაც მათ ახსენებ, ყველასთვის ყველაფერი ისეთი ნათელია, რომ ამის შესახებ ლაპარაკი არ შეიძლება.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სახელმწიფო უწყებაა, რომელსაც მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცემა ევალება, თუმცა არაერთი ჟურნალისტი მას მოიხსენიებს, როგორც ყველაზე შეუვალ უწყებას. მათი ტელეფონი ამჯერადაც დუმს. დევნილები კი კვლავ პასუხს ელიან.

XS
SM
MD
LG