ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანელმა კონსერვატორებმა კანცლერის კანდიდატად არმინ ლაშეტი დაასახელეს


გერმანიის კანცლერობის კანდიდატობისთვის ბძოლაში, დღეს ბავარიის პრემიერი, მარკუს სოდერი დამარცხდა. კონსერვატიულ გაერთიანებას არჩევნებში წარმოადგენს და გერმანიის კანცლერობისთვის იბრძოლებს არმინ ლაშეტი.

ლაშეტი ქრისტიან-დემოკრატებისა და მათი მეგობარი პარტიის, ბავარიის ქრისტიან-სოციალისტების გაერთიანებას ერთობლივად წარმოადგენს და ამომჩევლის გულის მოგებას შეეცდება. ეს რთული ამოცანა იქნება მთავრობის მხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიასთან გამკლავების ქაოტური გეგმის გამო.

ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, სოდერმა, დამარცხება აღიარა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ ღამეს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის უფროსმა წევრებმა მხარი ლაშეტს დაუჭირეს.

"ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გუშინ შეიკრიბა და გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ის მივიღეთ და მე მას პატივს ვცემ. დავურეკე არმინ ლაშეტს და მოვულოცე... პარტიისა და საკუთარი სახელით, არმინ ლაშეტს, ამ ძალიან რთული ამოცანის შესრულებაში, წარმატებას ვუსურვებ და ჩვენი პარტიის მხარდაჭერას ვთავაზობ", - უთხრა ჟურნალისტებს სოდერმა.

მოქმედმა კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში კონსერვატორებს ხელმძღვანელობდა, გამარჯვება მიულოცა ლაშეტს. "მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას მომავალი თვეების განმავლობაში", - დაწერა მერკლემა თავის "ტვიტერ" გვერდზე.

ანგელა მერკელი, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, გერმანიის კანცლერის თანამდებობას დატოვებს. ახალი კანცლერის არჩევას კი ქვეყნის მოსახლეობა 26 სექტემბერს შეძლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG