ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან კანცელარიაში გააკეთა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს და შესაბამისად, მთავრობას ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება.

კვირიკაშვილის თქმით, გადადგომის მიზეზი მმართველ გუნდთან და პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული შეხედულებების ქონა იყო.

„გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები,“ თქვა კვირიკაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ ეს ნორმალური პროცესია და „ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას.“

კვირიკაშვილის თქმი „დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია.“

კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, კანონის თანახმად, პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა შვიდი დღის ვადაში უნდა განიხილოს და ახალ მთავრობას ნდობა კენჭისყრით გამოუცხადოს.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს. 2012-2015 წლამდე სხვადასხვა დროს მას რამდენიმე თანამდებობა ეკავა. ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG