ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეოს შეხვდა


მაიკ პომპეო და გიორგი კვირიკაშვილი
მაიკ პომპეო და გიორგი კვირიკაშვილი

21 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გახსნა. მასთან ერთად პოდიუმზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პლენარული სხდომის გახსნამდე მხარეებმა ორმხრივ ფორმატში იმსჯელეს.

მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი ძლიერია. მან 2016 წელს, მაიკ პენსის ვიზიტი გაიხსენა თბილისში და შეაქო ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და მის ხალხთან. პომპეომ აღნიშნა, რომ წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 10 წლისთავი აღინიშნება და აშშ ცალსახად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. პომპეოს თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა და ვაშინგტონი საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს, ისევე როგორც მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, "ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულება - გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე."

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დასძინა:

” მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერსებში. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში.” კვირიკაშვილის თქმით, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორ ქვეყანას შორის უდიდესია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG