ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ ბაზაზე შეიქმნა. პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის საჩვენებელ ფრენაში პირადად პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი ასაფრენ მოედანზე უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა.

„ამერიკის ხმამ“ თებერვალის დასაწყისში უკვე მოგითხროთ რომ თავდაცვის სამინისტროს ამ პროექტზე მუშაობა დასრულებული ჰქონდა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ დირექტორის რეზო ჭარბაძის განცხადებით, ქართული უპილოტოს შექმნა წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ის ურთულეს კლიმატურ და რელიეფურ პირობებში გამოიცადა.

სამხედრო ამოცანების შესრულების გარდა, უპილოტო საფრენ აპარატით, ასევე შესაძლებელია სტიქიური უბედურებების მონიტორინგი და რადიაციის დონის შემოწმება-კონტროლი. რეზო ჭარბაძე ამბობს:

„ქართულ უპილოტოს აქვს ძალიან კარგი ტექნიკური მახასიათებლები. ყველაზე დადებითი არის ის, რომ აპარატს შეუძლია ნებისმიერი სირთულის რელიეფიდან აფრენა და დაჯდომა. ფრენის რადიუსია 150 კილომეტრის ფარგლებში. შეუძლია 4 კილომეტრამდე სიმაღლეზე ფრენა, განახორციელოს ვიდეოგადაღება როგორც თერმული, ისე ღამის ხედვის კამერით. შეუძლია ფოტო გადაღება და მათ რუქაზე დატანა.“

საქართველოს შეიარაღებული ძალები აქამდე ისრაელის კომპანია „ელბიტ სისტემსის“ წარმოებულ „ჰერმესისა“ და „სქაილარკის“ ტიპის უპილოტოებს იყენებდა. თუმცა, შარშან აპრილში „ელბიტ სისტემსმა“ საქართველოს სახელმწიფო კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა და უკან 35 მილიონი დოლარი და მოწოდებული უპილოტოების ნაწილი დაიბრუნა.

ქართული უპილოტოს პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირიბად გააკრიტიკა ისრაელი. სააკაშვილმა კერძოდ აღნიშნა, რომ „უცხოელმა გამყიდველმა შეიძლება მოწინააღმდეგეს გაუზიაროს შენი ტექნოლოგია“.

როგორც თებერვლის ბოლოს „ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებული მასალებიდან გახდა ცნობილი, ისრაელმა რუსეთს საქართველოსთვის მიწოდებული უპილოტოების მართვის კოდები გადასცა, სანაცვლოდ კი რუსეთის მიერ ირანისთვის მიწოდებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მართვის კოდები მიიღო.

ეს ინფორმაცია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Stratfor-ის მიმოწერიდან გახდა ცნობილი, რომელიც „ვიკილიქსს“ ჩაუვარდა ხელში. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ განაცხადა:

„როცა ასეთ აპარატს უცხოეთში ყიდულობ შეიძლება გამყიდველმა ბოლომდე არ მოგცეს ტექნოლოგია ან და პირიქით, შენი ტექნოლოგია გაუზიაროს მოწინააღმდეგეს.

ამას ვერავინ ვერავის გაუზიარებს, ეს ჩვენია. არის პერსპექტივა, რომ ბევრად დიდები და დახვეწილები გავაკეთოთ. ძაან ცოტა ქვეყანს აქვს ეს ტექნოლოგია. რაც მთავარია, სამხედრო დანიშნულების გარდა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქ საქართველოში ინტელექტუალური ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით.

ქართველებს აქვთ ნიჭი სამხედრო ინჟინერიის, ყველაზე მაგარი ამერიკული თვითმფრინავი გამოიგონა ქართველიშვილმა და ნადირაშვილის არის რაკეტები, რომლითაც რუსები გვირტყავდნენ.

ეს სინამდვილეში არის პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური პროდუქტი რაც საქართველოში აქამდე შექმნილა, დანარჩენი ყველაფერი რაც გვქონდა ჩვენ ადრე ყველაფერი იყო გადმოღებული.“

ბოლო ორი თვის მანძილზე, თავდაცვის სამინისტრომ უკვე მესამე ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა. თებერვალში ეს იყო - ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ მარტში, პირველი ქართული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; ახლა კი ქართული უპილოტო აპარატი. შარშან, 26 მაისის სამხედრო აღლუმზე კი წარმოდგენილი იქნა პირველი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი“.

იმ ფონზე, როცა თავდაცვის სამინისტროს გასაიდუმლოებული აქვს ინფორმაცია - რამდენი დაიხარჯა „დიდგორის“, „ლაზიკას“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისა და უპილოტო საფრენი აპარატის საჩვენებელი მოდელების შექმნაზე;

პროცენტულად რა კომპონენტები იწარმოება საქართველოში და რისი იმპორტი ხდება, ამ ინფორმაციის გარეშე ძნელია იმსჯელო სამხედრო ტექნიკის ადგილზე წარმოება ჯობია თუ უცხოეთში შეძენა.

ქართული უპილოტოს აპარატის ტექნიკური მახასიათებლები

ფრენის ხანგრძლივობა – 8 საათი
ფრენის სიმაღლე – 100-დან 4000 მეტრამდე
სიჩქარე – 60-160 კმ/სთ
მოქმედების რადიუსი - 100 კმ

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG