ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ლარის ახალი „შავი დღე“


ბოლო ორ კვირის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის. თუმცა, ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია მაინც განაგრძო და გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმიც გადალახა.

1995 წლიდან მოყოლებული, რაც ლარი საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა, გაუფასურების მაქსიმუმი 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო. ერთი დოლარი მაშინ 2.45 ლარად იყიდებოდა.

ლარის ახალი „შავი დღე“ კი 2016 წლის 23 იანვარია. ზუსტად, 17 წლის შემდეგ, ერთი დოლარი ჯერ 2.46 ლარიგახდა, დღეს კი 2.49 ლარამდე გაუფასურდა. კომერციულ ბანკებსა და სავალუტოჯიხურებში კი კურსი 2.50 ლარს გადაცდა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სიტუაცია მძიმეა და მთავრობა 2106 წლის ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობაზე უნდა დაფიქრდეს:

„ახლა რომ ეროვნულმა ბანკმა გაყიდის 100 მილიონი დოლარი და ამოიღოს 246 მილიონი ლარი, ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში ფულის მასა შემცირდება მხოლოდ 5 პროცენტით, წინა წელთან შედარებით, რაც ფაქტობრივად, არის ფინანსური უძრაობა.

არაფერს აკეთებს მთავრობა ბიუჯეტის მხრიდან, არ უნდა მიეღო მთავრობას ეს ბიუჯეტი. დაახლოებით, 600-700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის სეკვესტრი დღეს გარკვეულ წონასწორობას შექმნის სავალუტო ბაზარზე, აი ხვალ კი უკვე გვიან იქნება.“

ქართულ ლარს ისევ ძველი პრობლემების აქვს. პირველ რიგში ეს არის საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელმაც 2015 წელს - 5,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტია.

დაახლოებით, 600-700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის სეკვესტრი დღეს გარკვეულ წონასწორობას შექმნის სავალუტო ბაზარზე, აი ხვალ კი უკვე გვიან იქნება
რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

ეს იმ ფონზე, როცა შარშან, ექსპორტის მაჩვენებელი 23 პროცენტით შემცირდა, ხოლო, იმპორტმა მხოლოდ 10 პროცენტით დაიკლო. 2015 წელს, ისევ მკვეთრად (400 მილიონით) დაეცა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ოდენობა, ხოლო მთლიანმა საგარეო ვალმა თითქმის, 15 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქედან 640 მილიონი ლარის ვალი 2016 წელს უნდა დავფაროთ.

ეს ყველაფერი გაამწვავა მსოფლიოში ნავთობზე ფასის კატასტროფულმა კლებამ და თანმდევმა, ეკონომიკურმა კრიზისმა: თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, უკრაინაში, ბულგარეთსა და სომხეთში. ამ შვიდი ქვეყნის წილი კი საქართველოს 2015 წლის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, არც მეტი არც ნაკლები, 51 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარე შოკების მიმართ, იმის გამოც, რომ ქართულ ლარს მოსახლეობაში დაგროვების ფუნქცია თითქმის დაკარგული აქვს. საქართველოს საბანკო სექტორში, ბოლო მონაცემებით, ანაბრების მოცულობის თითქმის 70 პროცენტი, დაახლოებით 10 მილიარდი ლარის დეპოზიტი,უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 10 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, რაც იმაზე მიუთითებს რომ ლარი ნდობას კარგავს.

ლარის გაუფასურების გამო 520 ათასს ოჯახს, საბანკო სესხი 42 პროცენტით გაუძვირდა. ამ პროცესმა ავტომატურად დააზარალა ის მოქალაქეები, ვისაც სესხები დოლარში აქვთ გამოტანილი, ხოლო შემოსავალს ლარში იღებენ, და ისინიც, ვინც ბოლომდე ლარის ერთგულნი დარჩნენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობა, ეროვნულმა ბანკმა ნაბიჯ-ნაბიჯ 4-დან 8 პროცენტამდე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ მცოცავი საპროცენტო განაკვეთი კომერციულ ბანკებში, 8-დან 15 პროცენტამდე გაიზარდა და ლარში სესხი დამატებით 9000 ოჯახს გაუძვირდა.

ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ ამგვარ კრიზისში საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ახალი "შოკური თერაპია" და არსებული ეკონომიკური პოლიტიკით ქვეყანა სიღარიბიდან ვერ გამოვა"

„ჩვენ, თუ ისევ 3, 4 და 5 პროცენტიანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვექნება სიღარიბიდან ვერასოდეს ვერ ამოვალთ. სამუდამოდ, სიღარიბეში დავრჩებით. ჩვენ გვჭირდება შოკური თერაპია და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, როგორც თავის დროზე პოლონეთში ლეშეკ ბალცეროვიჩმა გააკეთა.“

ჩვენ თუ ისევ 3%-იანი, 4%-იანი და 5%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვექნება, ჩვენ სიღარიბიდან ვერასოდეს ვერ ამოვალთ
ალექსანდრე თვალჭრელიძე, ეკონომიკის ექსპერტი

საქართველოს მთავრობა, რომელსაც 2016 წლის ბიუჯეტი 1 აშშ დოლარი - 2.4 ლარი კურსით აქვს გაანგარიშებული და ეკონომიკის სამ პროცენტიან ზრდას ელოდება, ჯერჯერობით, რადიკალური ნაბიჯების საჭიროებას ვერ ხედავს. პრემიერმა კვირიკაშვილმა გვითხრა, რომ „ყველა მიზეზი გვაქვს ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები“. მხოლოდ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ქართული ეკონომიკა 2.5-იან ლარის კურსს ვერ გაუძლებს.

ასევე გაურკვეველია როგორი იქნება ეროვნული ბანკის მომავალი სტრატეგია. პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თანამდებობას და ბანკის მმართველ საბჭოს ერთ თვეში დატოვებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასაჭერად 300 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისიო სავალუტო რეზევრების ოდენობა - 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, როცა 2013 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი - 3.1 მილიარდი დოლარი იყო.

ლარის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში მინიმარული ზღვარი (1995-2016)

1995 – 1.28

1997 – 1.31

1999 – 2.45

2001 – 2.04

2004 – 1.70

2007 – 1.59

2008 – 1.39

2011 – 1.63

2013 - 1.63

2015 – 2.39

2016 – 2.49

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG