ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ემიგრანტების საახალწლო სურვილები


Kenn Magowan, left, Anna Edgerly-Moore, both of New York, look out over Times Square, Wednesday, Jan. 1, 2014.
Kenn Magowan, left, Anna Edgerly-Moore, both of New York, look out over Times Square, Wednesday, Jan. 1, 2014.

ქართველი ემიგრანტები ამერიკაში ახალი წლის დღესასწაულს ქართული ტრადიციების მიხედვით აღნიშნავენ


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:17 0:00
ბმული



2014 წლის ახალ წელს ბევრი ქართველი ემიგრანტი ნიუ იორკში ქართული ტრადიციებით შეხვდა. ჰყავდათ მეკვლე, ახალ წელს საკუთარი სურვილები ჩაუთქვეს და მომავალ წელს საქართველოში ჩასვლის იმედით ქვეყნის ერთიანობის სადღეგრძელოები შესვეს. დღეს კი ბედობაა, ქართული ტრადიციის მიხედვით ამ დღეს რაც დაგებედება, ისე გაგრძელდება მომავალი წელიც. რა განწყობით შეხვდნენ ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ახალ 2014 წელს ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი ნიუ იორკში თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნის ქართული ტრადიციებს ამერიკაშიც არ ღალატობენ. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულებზე მუშაობის დროს ამერიკული ოჯახები მომუშავე პერსონალს ორმაგ ანაზღაურებას უხდიან, ქართველი დიასახლისები მაინც ცდილობენ, ახალ წელს სახლში შეხვდნენ და სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ. გოზინაყი ამ სუფრის განუყრელი ატრიბუტია. თამარ ჯანგულაშვილი, რომელიც ამერიკაში 15 წლის წინ ჩამოვიდა, ამბობს რომ წელს პირველად მოამზადა გოზინაყი. მისთვის განსაკუთრებული ახალი წელი 2011-ში იყო, როდესაც დედა გახდა.

თამარ ჯანგულაშვილი ამბობს, რომ გოზინაყს ამზადებს. ამერიკაში 1999 წელს შევხვდა პირველად ახალ წელს და მერე ყველა დანარჩენ ახალ წელსაც . პირველი ახალი წელია, როდესაც თავისუფალია. განსაკუთრებული ახალი წელი მისთვის მაშინ იყო, როდესაც თავის შვილთან ერთად შევხვდა ახალ წელს, 2011-ში.

თამარ ჯანგულაშვილის შვილი, ელისაბედ ბეციაშვილი 2014 წელს ოთხი წლის გახდება, თუმცა ახალი წელი რომ თოვლის პაპასთან და საჩუქრებთან ასოცირდება, მისთვის უკვე ცნობილია. ამჯერად საჩუქრად მან ლამაზი კაბა მიიღო. ამერიკაში დაბადებულ ემიგრანტ ბავშვებს მშობლები საახალწლო სურვილებს უფრო გულუხვად უსრულებენ. „ეფლის“ აიპედი და კომპიუტერული თამაშები - ამერიკელი ქართველი ბავშვების ყველაზე მოთხოვნადი საჩუქრებია. 11 წლის გუგა გობრონიძე მართალია წელს ცნობილ ამერიკულ სკოლაში „მარკ ტვენში“ ჩაბარებისთვის ემზადება, თუმცა, მისი საახალწლო სურვილები გართობას ისევ უკავშირდება.

გუგა გობრონიძემე თოვლის პაპას აიპედი სთხოვა. ყველას ულოცავს ახალ წელს.

გობრონიძეების ოჯახში ორი ვაჟკაცი იზრდება, გუგას ძმა ლუკა ამერიკაში ოთხი წლის წინ დაიბადა. სათამაშოების გარდა, მისი სურვილია რომ 2014 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატოს.

ლუკა გობრონიძის სურვილია, რომ თოვლის პაპამ ბეტმენის და სუპერმენის სახლები აჩუქოს და ასევე პატარა დაიკო. ლუკა ახალ წელს ულოცავს ყველას.

მწვანე ბარათის ლატარეით ამერიკაში ცხოვრების და მუშაობის უფლება ნინო კაციტაძემ ექვსი წლის წინ მოიგო. თბილისში მას მშობლები და ტყუპისცალი და ჰყავს. ნინო კაციტაძემ შანსი გამოიყენა, ნიუ იორკში ჩამოვიდა და მუშაობს, თუმცა ტყუპები ერთმანეთთან განშორებას ძალიან განიცდიან. მათ შორის უკვე წლებია ახალი წლის აღნიშვნის ორიგინალური ტრადიცია ჩამოყალიბდა. ნიუ იორკის დროით თორმეტ საათზე, ნინო საკუთარ ოჯახში სკაიპის მეშვეობით რეკავს და სიშორის მიუხედავად, ერთმანეთს ვირტუალურად ჭიქებს უჭახუნებენ და ბედნიერ შობა-ახალ წელს უსურვებენ.

ნინო კაციტაძე ამბობს რომ როდესაც ახალი წელი რომ დადგება, თავის ტყუპისცალი თამრიკო ურეკავს სკაიპში და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავენ. ხელში აუცილებლად ექნებათ სასმელი და მიუჭახუნებენ ერთმანეთს.აი ასე შევხვდებიან. იქ რომ დადგება ახალი წელი, ნინოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკაში, აქ იმდენად არ უხარია, გარემოების გამო.

ამჟამად ნიუ იორკში დაახლოებით ექვსი ქართული რესტორანი მუშაობს. ახალი წლის ღამეს ყველა ქართულ რესტორანს საკუთარი პროგრამა ჰქონდა. ქართველი ემიგრანტების ნაწილი ახალ წელს სწორედ ასეთ გარემოში შეხვდა. ზოგიერთმა დრო ბრაიტონზე მდებარე რუსულ რესტორნებში გაატარა. ამ უბანს ბოლო წლებში „საბჭოთა კავშირსაც“ უწოდებენ ირონიით, რადგან ქუჩებში თითქმის ყველა პოსტსაბჭოურ სახეს შეხვდებით. ქართველი ემიგრაციის ის ნაწილი, რომელმაც ამერიკაში ცხოვრების პერიოდში გარკვეულ ფინანსურ წარმატებებს უკვე მიაღწია, შესაძლებლობა აქვს აგარაკი პენსილვანიის შტატში, პოკონოში შეიძინოს, რომელიც ნიუ იორკის შტატიდან შორს არ მდებარეობს. ბევრმა ახალი წელი სწორედ აგარაკზე გაატარა, ბუხართან, თოვლში და მთებში, სადაც ჩვეულებრივი ამბავია, თუკი დილას სახლის ეზოში ირემი ან დათვი დაგხვდათ.

ვახტანგ გოზიტაშვილი ამბობს, რომ რაღაც განსაკუთრებულად აქ უცხოეთში ახალ წელს არ ხვდებიან. ისეთი ჩვენებური, ნაღდი, ლამაზი, ქართული. შენებთან ერთად რომ ხარ, შენებთან ერთად რომ შეხვდები სულ სხვა რამეა.არ იგრძნობა აქ ახალი წელი. მას იმედი აქვს რომ შემდეგ ახალ წელს, უკვე საქართველოში შევხვდება. რაღაცა პატარა ტრადიციები ამერიკაშიც არსებობს, მილოცვა, თუმცა როგორც საქართველოში არის თოფების სროლას რომ იწყებენ 12 საათზე, მერე ყანწებით მიჭახუნება ასეთი რაღაც აქ არ იციან.

ახალი წლის აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია რაც ნიუ იორკში დამკვიდრდა. 31 დეკემბერს, თაიმ სქვერზე მთავარ საათთან იკრიბება მილიონობით ტურისტი თუ ამერიკელი რათა ბროლის უზარმაზარი ბურთის ჩამოშვების ცერემონიას დაესწროს. ცნობილი მომღერლები და ვარსკვლავები ყინვაში გამოსულ ადამიანებს სიმღერებით და ხუმრობით ართობენ. წინა წლის აუხდენელი სურვილების ნაწილი ბევრი ქართველი ემიგრანტისთვის 2014 წლის საახალწლო სურვილებში გადმოვიდა. ზოგიერთი ობამას და რესპუბლიკელებს საემიგრაციო რეფორმის მიღებას თხოვს, რომელიც მათ ლეგალურ უფლებებს და საქართველოში წლობით უნახავი ახლობლების და ნათესავების ნახვის საშუალებას მისცემს. დღეს კი ბედობაა. ნიუ იორკში მცხოვრები ქართველები თავშეყრის და მხიარულების ამ ქართულ ტრადიციას დღესაც არ არღვევენ და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ისევ ერთად იკრიბებიან.
XS
SM
MD
LG