ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ემიგრანტები რეფორმის მოლოდინში


მოსალოდნელია რომ საზაფხულო არდადეგებამდე სენატმა საემიგრაციო რეფორმა მიიღოს

საემიგრაციო რეფორმებს შეერთებულ შტატებში სულ ცოტა თორმეტი მილიონი უსაბუთო ემიგრანტი ელოდება. იურიდიულ კომიტეტში ორპარტიული შეთანხმებით მიღებული კანონ-პროექტი უკვე სენატში შევიდა, სადაც მისი განხილვა ივნისში დაიწყება. საემიგრაციო რეფორმა არალეგალ ემიგრანტებს მუშაობის ოფიციალურ უფლებასთან ერთად ქვეყნიდან გასვლის საშუალებასაც მისცემს. ამ მოლოდინში არიან ქართველი ემიგრანტებიც, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნიუ იორკის შტატში ცხოვრობს. ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ქორწინება 25-30 ათასი დოლარი, საემიგრაციო სამსახურში გასაგზავნი საბუთებისთვის ოფიციალური გადასახადი, რომელიც ორი ათას დოლარამდეა და ადვოკატის ხარჯი. ამ თანხის შესაგროვებლად არალეგალი ემიგრანტები წლობით მუშაობენ. გამართლების შემთხვევაში ფიქტიური ქორწინება არის ყველაზე მარტივი გზა მწვანე ბარათის მისაღებად, რომელიც ოფიციალურად მუშაობის ნებართვასთან ერთად ქვეყნიდან გასვლის და მოგზაურობის საშუალებასაც იძლევა.

არაოფიციალური ინფორმაციით ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოდან ემიგრირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი ნიუ იორკის შტატში ცხოვრობს, და მათი რაოდენობა ასი ათასს აღემატება, თუმცა საქართველოს გენერალურ საკონსულოს, რომელიც ნიუ იორკში მდებარეობს, სხვა მონაცემები აქვს.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული გიორგი ცეკვავა აცხადებს, რომ ყოველთვის იცვლება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ნიუ იორკში საარჩევნოდ ჩამოსული ამომრჩეველთა სიები. ამდენად, ამერიკაში მცხოვრებ საქართველოს უსაბუთო მოქალაქეთა რაოდენობა გაურკვეველია.

გიორგი ცეკვავა: ქალაქ ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება დაახლოვებით 3600 საქართველოს მოქალაქე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ნაწილს წარმოადგენს.

საემიგრაციო კანონის მიღებას არ დაელოდა დავით ქვათაძე რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. 15- წლიანი ემიგრაციის განმავლობაში მას ოფიციალურად არასდროს უმუშავია, შესაბამისად არც გადასახადები გადაუხდია ქვეყნისთვის. გადასახადები კი შეერთებული შტატებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის ნებისმიერი მოქალაქისთვის რომელსაც პენსიაში გასვლის შემდეგ სახელმწიფო უფასო სამედიცინო დაზღვევით და მაღალი პენსიით უზრუნველყოფს.

დავით ქვათაძე: მე მაგალითად საბუთები არასოდეს დამჭირვებია აქ, არასდროს, არაფერში, ერთადერთი მართვის მოწმობა მქონდა და რომელსაც ვადა გაუვიდა და იმის შემდეგ უკვე დამეკეტა ყველაფერი. და წასვლა-მოსვლას საკმაოდ ისეთი თანხები სჭირდება, იქ ოჯახი შეინახო, აქ ისა. მაგრამ ქართველების დიდი რაოდენობა აქ სულ სხვანაირად იქცევა, როგორც მაგალითად ევროპაში. ყველას , როგორ ვთქვათ მუქთა ფული სჭირდება.

დავით ქვათაძის თქმით საემიგრაციო რეფორმა ისევ მექსიკიდან არალეგალურად გადმოსულ მექსიკელებს წაადგებათ. შტატების მიხედვით, მრავალრიცხოვან ოჯახებს სხვადასხვა სოციალური პროგრამებით ეხმარებიან.

დავით ქვათაძე: ძირთადი ემიგრაცია არის მექსიკიდან შემოსული. კარგად იცი მექსიკელები ხუთ ბავშვზე მეტს არ აჩენენ და ამერიკის მოქალაქისთვის იქნება ის რომ, იმ მექსიკელის ოჯახებს უხადონ ფული.

მარტში შეერთებულ შტატებში ბიუჯეტის უპრეცედენტო შეკვეცა მოხდა, 85 მილიარდი დოლარით შემცირდა ფედერალური ბიუჯეტი. ამან საემიგრაციო ციხის ხარჯებიც შეამცირა, რის გამოც დეპორტირების მოლოდინში დაპატიმრებული პირები საპატიმრო ადგილებიდან გამოუშვეს. საემიგრაციო რეფორმის ეკონომიკურ მოტივებზე საუბრობს სხვა ქართველი არალეგალი ემიგრანტიც. ეკა ნიუ იორკში ცხოვრობს, მას ათ წელზე მეტია საკუთარი დედა არ უნახავს.

ეკა: შემეძლება წავიდე საქართველოში და წამოვიდე უკან, მაგრამ ერთი მაფიქრებს, რამდენი იქნება გადასახადი, რადგან მე ვთვლი, რომ შეიძლება ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით აკეთებს ამას და საზღაური მაღალი იყოს ჩემთვის ძალიან.

რეფორმის მიხედვით, გართულებულია ამერიკის მოქალაქეობის მიღების პროცედურა. ყოველწლიური ლატარეით გათამაშების შედეგად, ქორწინებიდან, სამსახურიდან მიღებული მწვანე ბარათის შემთხვევაში ამერიკის მოქალაქეობაზე პრეტენზია პირს შეუძლია რომ ხუთ წელიწადში განაცხადოს. ხოლო ის არალეგალი ემიგრანტები, რომლებიც ლეგალურ ბარათს უკვე საემიგრაციო კანონის დამტკიცების შემდეგ აიღებენ, ნატურალიზაციის პროცესის დაწყება მხოლოდ ათი წელში შეეძლებათ. არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მხოლოდ მაშინ ექნებათ.

ვიქტორ სირელსონი საემიგრაციო საკითხებზე უკვე ათ წელზე მეტია რაც მუშაობს. იგი საბუთების მიღებაში არალეგალ ემიგრანტებს ეხმარება. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში საემიგრაციო სამსახური განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება თითოეულ საქმეს, რომელსაც ის აგზავნის. ათი წლის წინ გაცილებით მარტივი იყო მწვანე ბარათის მიღება ვიდრე ახლა. ადვოკატი სირელსონი აცხადებს რომ, ხელისუფლებაში მყოფი პირები ასეთ გადაწყვეტილებებს უფრო პოლიტიკური მიზეზების გამო ღებულობენ.

ვიქტორ სირელსონი: რესპუბლიკელები ლათინო-ამერიკელების ხმებს კარგავენ, და ამ ბოლო არჩევნებზე ისინი ძალიან ნეგატიურად გამოდიოდნენ ემიგრანტებთან დაკავშირებით, რის გამოც ისინი უკმაყოფილონი იყვნენ. ჩემი აზრით დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი ის არის რომ, მათ სურთ ლათინო-ამერიკელების მხარდაჭერა.

საემიგრაციო რეფორმა ამერიკა-მექსიკის სასაზღვრო პარამეტრის გამკაცრებასაც ითვალისწინებს. მოსალოდნელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ახალი საკონსულო რეგულაცია დააწესოს, ვინაიდან საემიგრაციო რეფორმის შემდეგ შეიძლება ამერიკაში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა გაიზარდოს.

ვიქტორ სირელსონი: მიმდინარეობს მსჯელობა ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, მისი სტატუსის თაობაზე, როგორ რა ფორმით მოხდება ვიზის მიღებაზე განაცხადის გაკეთება. როგორ მოხდება ახალი ემიგრანტების მიღება და პრევენცია რომ ამერიკაში მყოფ უსაბუთო ემიგრანტებს არალეგალ ემიგრანტთა ახალი ნაკადი არ შეემატოს.

ივნისის დასაწყისში საემიგრაციო რეფორმის განხილვას უკვე სენატი შეუდგება. დამტიკცების შემთხვევაში იგი თეთრ სახლში გადაიგზავნება და მას შემდეგ შევა ძალაში, როცა მას ხელს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოაწერს. კანონმდებლებს უჭირთ პროგნოზირება, მოესწრება თუ არა კანონის მიღება კონგრესის საზაფხულო არდადეგებამდე.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG