ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოქრო ძვირდება, თუმცა საქართველოში მაინც დოლარს ენდობიან


უნცია ოქრო 1758 დოლარი ღირს

მსოფლიოს უმსხვილეს, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგებმა კვლავ აჩვენა, რომ ძვირფასი ლითონებიდან - ოქროს ფასი ისევ მატულობს. ფასის ორდღიანი დაცემის შემდეგ, დღეს ოქროს ფასი კიდევ 0.9 პროცენტით გაძვირდა და უნციაზე 1758 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

2011 წლის დასაწყისიდან ოქრო უკვე 26 პროცენტით არის გაძვირებული, წლის დასაწყისში მისი ფასი უნციაზე 1420 დოლარი იყო, ხოლო 2010 წლის დეკემბერში უნცია ოქრო მხოლოდ 1318 დოლარი ღირდა.

ოქროს ფასი, როგორც წესი, იზრდება ეკონომიკური კრიზისების დროს. ამიტომ ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა ვარაუდობს რომ ოქრო ახლო მომავალშიც გააგრძელებს ზრდას. მით უმეტეს, რომ წინა კვირას ოქროს ფასმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია - უნცია 1813 დოლარიც კი ღირდა.

ეკონომიკის დოქტორი ნოდარ ხადური ამბობს, რომ მსოფლიო ინვესტორები ასე რეაგირებენ ამერიკის შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგის დაწევასა და ამერიკული დოლარის გაუფასურებაზე:

„ამ ყველაფრის თავი და თავი არის ამერიკაში მიმდინარე პროცესები. როცა ამერიკის საკრედიტო რეიტინგმა დაიწია. რაც გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ წინა პერიოდთან შედარებით ამერიკულ დოლარს ნდობა აქვს ნაკლები. ამიტომ ინვესტორები ცდილობენ საკუთარი დანაზოგები განათავსონ უფრო მყარ ძვირფას ლითონში, როგორიც არის ოქრო.“

ოქრო გაძვირდა საქართველოშიც. თბილისში ერთი გრამი სუფთა ოქროს ფასი დღეს უკვე 100 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, მსოფლიოს ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოქროზე მოთხოვნის უპრეცედენტო ზრდა შეინიშნება, საქართველოში ბაზარი ამ ცვლილებებს მხოლოდ გაზრდილი ფასებით ხვდება. ოქროზე მოთხოვნა კი ისეთივე დაბალია, როგორც ეს გაძვირებამდე იყო.

ამასთან, მიუხედავად პოზიციების შესუსტებისა საქართველოში ამერიკული დოლარისა და ევროს მიმართ ნდობა მაინც მაღალია. ქართულ ბანკებში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 70 პროცენტს აღწევს, ამერიკულ დოლარზე დეპოზიტების 74, ხოლო ევროზე - 19 პროცენტი მოდის.

გაზაფხულსა და ზაფხულში ქართულ ბანკებში დოლარში დეპოზიტების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ევროში დეპოზიტებმა - 5 პროცენტით მოიმატა. მოულოდნელად 6 პროცენტით შემცირდა დეპოზიტების რაოდენობა შვეიცარიულ ფრანკებში, მაშინ როცა მსოფლიოში ინვესტორების უმრავლესობა დღეს სწორედ შვეიცარიულ ფრანკს ირჩევს. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს:

„მსოფლიოში მიმდინარეობს ამერიკული დოლარის გაუფასურების პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის საკრედიტო რეიტინგის შემცირებასთან. მე ვფიქრობ, ეს არის მოკლევადიანი პროცესი და დიდხანს დოლარის გაუფასურება არ გაგრძელდება.

დოლარის გაუფასურების პროცესს საქართველოში არ გამოუწვევია ისეთი პროცესი, რომ ქართველმა მომხმარებელმა თავიდან მოიცილოს ამერიკული დოლარი. და მოახდინოს მისი კონვერტირება ან სხვა ვალუტაში ან სხვადასხვა ტიპის აქტივებში.“

ერთის მხრივ, დაუმუშავებელი და ნახევრად დამუშავებული ოქრო საქართველოს ექსპორტში წამყვან ადგილს იკავებს. თუ 2004 წელს საქართველოდან საექსპორტოდ 18 000 830 დოლარის ოქრო გავიდა, უკვე 2010 წელს საზღვარგარეთ გაყიდული ოქროს ღირებულებამ 85 000 788 დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტია.

ოქროს გაძვირებამ და მასზე მზარდმა მოთხოვნამ შეიძლება დადებითადაც იმოქმედოს ქართული ეკონომიკის ამ სეგმენტზე. მეორეს მხრივ, ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მსოფლიოში ოქროს უპრეცედენტო გაძვირება ახლო მომავალში მაინც მოახდენს უარყოფით გავლენას საქართველოზე.

ეს პირველ რიგში შეიძლება გამოიხატოს იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდით. გამომდინარე იქედან, რომ ექსპორტ-იმპორტი საქართველოში უკვე წლებია 1-4-თან შეფარდებით გამოიხატება, ამან შეიძლება საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გააძვიროს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა ამბობს:

„ბუნებრივია ის ტენდეციები რაც არის მსოფლიო ეკონომიკაში მეტ-ნაკლებად, ადრე თუ გვიან მაინც აისახება საქართველოში. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით მოსალოდნელი არის, რომ გაძვირდება ოქროც და გაძვირდება უძრავი ქონებაც ანუ ყველაფერი ის, რაც ყველაზე უფრო სტაბილურია ნებისმიერი კრიზისული ვითარების პირობებში.“

ოქროს ელვისებური გაძვირება მსოფლიოში 5 აგვისტოდან დაიწყო, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს საკრედიტო რეიტინგი დაუწიეს. ექსპერტთა პროგნოზით შეერთებული შტატების ეკონომიკაში მდგომარეობის გამოსწორებას 8-დან 13 წლამდე შეიძლება დასჭირდეს,

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოქროს ფასი განუხრელად გააგრძელებს ზრდას, იმის პარალელურად თუ რამდენად მაღალი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროზონაში სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული რისკები.

XS
SM
MD
LG