ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა მთავრობას ცუდად ესმის


პრემიერ გილაურის მთავრობა

საქართველოს მთავრობა კმაყოფილია იმით, რომ 2010 წელი ეკონომიკის 6 პროცენტიანი ზრდით დაასრულა. პრემიერ-მინისტრი აღიარებს რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ეკონომიკის მხოლოდ 2 პროცენტიან ზრდის მოლოდინი ჰქონდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის თვალსაზრისით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა. ზრდამ მაშინ 12 პროცენტზე მეტი შეადგინა.

რუსეთთან ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, ეს მაჩვენებელი 2 პროცენტამდე დაეცა, ხოლო 2009 წელს მხოლოდ 1,8 პროცენტით მოიმატა. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ექსპორტის გაზრდას მიიჩნევს

„ნამდვილად ექვს პროცენტზე მაღალი იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა. მშპ-ის ზრდის სამი კვარტლის მაჩვენებელი არის 6,5 პროცენტი. ჩვენაირი მაღალი ზრდა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს აქვს.

ექსპორტი გასულ წელტთნ შედარებით, გაიზარდა 35 პროცენტით. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვინის ექსპორტი კონკრეტულად გაზრდილია თითქმის 50 პროცენტით.“

მთავრობის კმაყოფილებას გარკვეულწილად იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტებიც, თუმცა უმრავლესობა ყურადღებას უმუშევრობის ზრდაზე ამახვილებს, რომელიც უკვე 17 პროცენტია.

სერიოზულ პრობლემად რჩება ფასების განუხრელი ზრდა და ინფლაციის მზარდი მაჩვენებელიც. 2009 წელთან შედარებით ინფლაცია მთელი 8 პროცენტით გაიზარდა და 11 პროცენტს გადააჭარბა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს არის ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ორნიშნა ინფლაციამ ყოველთვიური სამომხმარებლო კალათა 120 ლარიდან 150 ლარამდე გაზარდა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს

„მარტო 2010 წლის პირველ ცხრა თვეში, 20 პროცენტით გაიზარდა მინიმალური სამომხმარებლო კალათა. მაშინ, როცა მხოლოდ 6,8 პროცენტიით გაიზარდა საშუალო ხელფასი. ინფლაციიდან გამომდინარე, პრაქტიკულად სამჯერ უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა მოთხოვნილებები, ვიდრე მისი დაკმაყოფილების საშუალებები.

2008 წელთან შედარებით, დრამატულად, ერთი მეოთხედით შემცირდა იმპორტი. ეს ერთი შეხედვით უნდა გვიხაროდეს ჩვენ, იმიტომ, რომ იმპორტის შემცირება უნდა ნიშნავდეს საკუთარი ძალებით ქვეყნის, მოსახლეობის, საზოგადოების შენახვას. ს

ამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში იმპორტი დაახლოებით 25 პროცენტით შემცირდა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, რასაც მივირთმევთ, რითიც ვიკვებებით, წარმოებაც მნიშვნელოვნად დაეცა. შედეგი? რა დასკვნაა აქედან? რომ, ჩვენ მოხმარება შევამცირეთ.“

2010 წელს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელება და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება, ნიკა გილაურის მთავრობის თვითკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზია.

ასეთი პატივი საქართველოს ბოლო ხუთი წლის მანძილზე განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების გამო ერგო. მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს წარმატება მომავალ წლებში ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებასა და კერძო უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე დადებითად იმოქმედებს. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამბობს

„ნომერ პირველ რეფორმატორად დაასახელეს საქართველო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული რეფორმებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავაკეთეთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ კერძო სექტორისთვის შეგვეწყო ხელი.

იმისათვის, რომ შემოვიტანოთ ინვესტიციები, რომ კერძო სექტორი განვითარდეს და შეიქმნას ისეთი გარემო, რომ კერძო სექტორი კარგად გრძნობდეს თავს. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდგომ ეს ინვესტიციები რეალურად გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აი ეს იყო ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტი არის უმუშევრობასთან ბრძოლა.“

რეიტინგებში დაწინაურება ჯერჯერობით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას არ შველის. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2010 წლის მეოთხე კვარტლის ჩათვლით, თუმცა წინასწარვეა ცნობილი, რომ ეს მაჩვენებელი 600 მილიონზე მეტი არ იქნება.

2006 წელს საქართველოში მილიარდ 190 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, 2007 წელს ორი მილიარდ 14 მილიონის, ხოლო 2008 წელს მილიად 564 მილიონი დოლარის. 2009 წელს ეს მონაცემი 658 მილიონამდე დაეცა და შარშან კიდევ 60 მილიონით შემცირდა. ამის პარალელურად, განუხრელად იზრდება საქართველოს საგარეო ვალი. ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს

„მიუხედავად იმისა, ამა თუ იმ ეკონომიკური მაჩვენებლით, რა ადგილებს გვანიჭებს, მსოფლიოში, ზოგ შემთხვევაში აღიარებული სარეიტინგო კომპანიები, ფაქტია, რომ ქვეყანა საერთაშორისო მიმზიდველობას კატასტროფულად კარგავს.

ბოლო ოთხი წელია ეს პროცესი მიმდინარეობს, რაც ყველაზე ნათლად გამოიხატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში. 2010 წლის, პირველ ცხრა თვეში, სულ 433 მილიონია პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა. ყველაზე კარგ შეთხვევაში შეიძლება გახდეს 600 მილიონი.

600 მილიონს თუ წარმოვიდგენთ, 2007 წელთან შედარებით ოთხჯერ არის შემცირებული! 2008 წელთან შედარებით სამჯერ ნაკლებია, ხოლო 2009 წელს, როცა ეს მაჩვენებელი ძალიან უმნიშვნელო იყო, სულ რაღაც 658 მილიონი, იმასაც ვერ ვაღწევთ.“

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2011 წელს, მთავრობას კვლავ მოუწევს გადასახადების აწევა. ეს მტკივნეული ნაბიჯი შარშან უკვე გადაიდგა ბიზნესის რამდენიმე სექტორის მიმართ. პარალელურად გააგრძელდება სადაგასახადო სამსახურების მიერ ბიზნესის ტერორიც.

ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ის ფაქტი, რომ დაჟინებული საერთაშორისო და საშინაო რეკომენდაციების მიუხედავად, მთავრობამ 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, მკვეთრი შემცირების ნაცვლად, პირიქით, ოდნავ გაზარდა. ხელგაშლილი საახალწლო ზეიმებიც ადასტურებს, რომ ნომერ პირველ რეფორმატორ მთავრობას „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ცუდად ესმის.

XS
SM
MD
LG