ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოცნებამ ვაჭრობა დაამთავრა


„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ თალაკვაძის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდი მზადაა ქრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, ოპოზიცია გამოწვევის წინაშე დააყენა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა საგანგებოდ იმ მიზნით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო.

არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნება“ დოკუმენტს საჯაროდ აწერს ხელს და მზადაა მიიღოს და შეასრულოს მასში გაწერილი პირობები. სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შეუძლებლად მიიჩნია ოცნებამ 30 მარტს, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი მორიგად იმყოფებოდა თბილისში და მრავალსაათიანი სამუშაოს შედეგი წარმოადგინა. თალკვაძემ მაშინდელი უარი და ამჟამინდელი თანხმობა შემდეგნაირად ახსნა: „დიალოგის დასკვნით ეტაპზე ჩვენ დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზაობა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს. დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დოკუმენტში არაა შეტანილი საკითხი რიგგარეშე არჩევნების გამართვის თაობაზე, რაც იმით ახსნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და შედეგების ლეგიტიმურობის თაობაზე დასავლელ პარტნიორებს კითხვები არ აქვთ.

თბილისი, საქართველო / 22 იანვარი / ფოტო: მოძრაობა გაბედე
თბილისი, საქართველო / 22 იანვარი / ფოტო: მოძრაობა გაბედე

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ერთგვაროვნად არ მიიჩნევს. მისი შეფასებით ის იყოფა „რადიკალურ“ და „ზომიერ“ ნაწილებად. მმართველი გუნდი ოპოზიციას, ერთგვარ კომპენსაციას სთავაზობს, რაც მდგომარეობს თვითმმართველობის არჩევნებისთვის 40 პროცენტიანი „ჩამკეტის“ დაწესებაში. „ჩვენ არათუ ქრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვთქვამთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახეც შეინარჩუნოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას,“- ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ოპოზიციამ ხელისუფლებისგან წარმოდგენილი წინადადება, მართლაც არაერთგვაროვნად მიიღო. მათი რეაქციებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ იქნებიან ის ოპოზიციური ძალები, ვინც დათანხმდება დოკუმენტზე ხელმოწერასა და შევა პარლამენტში და ისეთიც, ვისთვისაც ამგვარი შეთავაზება შეურაცხმყოფელია. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნავს, რომ მათი ორი, ყველაზე მთავარი პირობა არავის გაუთვალისწინებია. ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა კვლავაც საპატიმროში რჩებიან. ვამდემდელ არჩევნებთან დაკავშირებით კი არაფერი ისმის.

ამერიკის ხმამ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა იმის თაობაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ოპოზიციას „ოცნების“ შეთანხმებაზე ხელმოწერის ინიციატივამ.

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

„ოცნებამ“ გამარჯვებას მიაღწია და დასავლეთის თვალში ის მოწონებას იმსახურებს,- მიიჩნევს ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ნაბიჯი გადადგა გამარჯვებულის იმიჯისთვის. ოპოზიცია, მგონი, ერთიანობას საბოლოოდ დაკარგავს. რამდენიმე პარტია შევა პარლამენტში. პარლამენტს გარეთ დარჩება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ ნაწილი. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, დაიშალა. მის იმ წევრებს, ვისაც მანდატი აქვს, მგონია, რომ ვიხილავთ პარლამენტში. „ლელო“ არ ვიცი, რას იზამს. „გირჩი“, ან მისი ნაწილი, ფაქტობრივად, შესულია, ისევე, როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი“, სავარაუდოდ, შევა პარლამენტში. შესაბამისად, ოცნებამ თავის მთავარ მიზანს მიაღწია: დატოვა ქუჩაში მთავარი მოწინააღმდეგე „ნაციონალური მოძრაობა“. ვვარაუდობ, რომ ეს რეალისტური სცენარია", - გვეუბნება შარაშენიძე.

„ეს ის ნაბიჯია, რასაც დიდი ხანია ელოდებოდა ევროკავშირი და აშშ. ამით, ქართული ოცნება ცდილობს ბურთის გადაგდებას ოპოზიციის მოედანზე. ოპოზიცია იქნება თავის მართლების რეჟიმში. მეორეც, ესაა მნიშვნელოვანი მესიჯი ჩვენი პარტნიორებისთვის ბრუსელსა და ვაშინგტონში, რომ „ქართული ოცნება“ ნაბიჯს დგამს და ოპოზიცია ხელს უშლის. თალაკვაძის განცხადებამ, შესაძლოა, ასევე ერთგვარი ბზარი გააჩინოს ოპოზიციაში, რადგანაც ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გადაწყვიტოს ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. შესაბამისად, ის ოპოზიციური ერთობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ოქტომბრის შემდეგ, შეირყევა. სავარაუდოდ ამ მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ ინიციატივა განცხადებაზე ხელმოწერის თაობაზე“,- გვეუბნება ივანე ჩხიკვაძე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ პატარა პარტიები, ვინც უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, საბოლოოდ დაკარგავენ ამის შანსს. მომავალი არჩევნები უფრო რთული იქნება პატარა პარტიებისთვის, რადგან ბარიერი მათთვის მაღალია. შესაბამისად, ვინც უარს იტყვის ახლა საპარლამენტო მანდატზე, მომავლისთვის ყველას შეისრუტავს „ნაციონალური მოძრაობა“- ასეთია მისი მოსაზრება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მსხვილი და ძლიერი ოპოზიციური გუნდია. მისი წარმომადგენლები თალაკვაძის წინადადების მიღებას არ აპირებენ და ამის შესახებ პოზიცია უკვე დააფიქსირეს. ივანე ჩხიკვაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას, საპატიმროში დარჩენის შემთხვევაში, წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე სახის შეთანხმებას დათანხმდეს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ გუნდის მხარდამჭერები ცალსახად მოელიან პარტიის მხრიდან ლიდერის მიმართ ერგულების გამოხატვასა და დადასტურებას.

პროტესტი თბილისში გავრილოვის ვიზიტის გამო
პროტესტი თბილისში გავრილოვის ვიზიტის გამო

IRI-ს უკანასკნელი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აფიქსირებს სურვილს იხილოს ოპოზიციური პარტიები, მათ ვისაც მხარი დაუჭირეს, პარლამენტში. ოპოზიცია ახლა ერთგვარი წნეხის ქვეშაა, მიიჩნევს ივანე ჩხიკვაძე. ერთის მხრივ ის განიცდის ზეწოლას დასავლელი პარნიორების მხრიდან, მათგან, ვინც უბიძგებს შევიდნენ პარლამენტში, მეორეს მხრივ კი სოციოლოგიური კვლევები ანალოგიურ სურვილს ადასტურებს საზოგადოების მხრიდან.

მეორეს მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი დათანხმდებიან შეთანხმების არსებულ ვარიანტზე ხელმოწერას, თუმცა ამის პარალელურად, მოიგებენ დასავლელი პარტნიორების თვალში - მიიჩნევს ვანო ჩხიკვაძე.

არჩილ თალაკვაძის წინადადებამ ოპოზიცია რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. „ოცნებამ დაამთავრა უკვე ვაჭრობა. ახლა საუბარია იმაზე, რამდენად შეასრულებს ის იმ პირობებს, რამდენად გაატარებს იმ რეფორმებს, რასაც დათანხმდა“, - გვეუბნება თორნიკე შარაშენიძე. მისი მოსაზრების თანახმად, ოპოზიციამ დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ და დანარჩენი ოპოზიციისთვის ბრძოლის მთავარი სამიზნე სხვადასხვაა - გვეუბნება თორნიკე შარაშენიძე. მთავარ ოპოზიციურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლა სურს. სხვა, პატარა პარტიებს კი პარლამენტში შესვლა. ეს განსხვავებული მიზნებია. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა დარჩება ქუჩაში, რათა შეარყიოს „ოცნება“, თუმცა ამ გზაზე მას ხელიდან გამოეცალა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი: დასავლეთის მხარდაჭერა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა იმის თაობაზე, რომ მას აქვს გეგმა, რაც 15 მაისისთვის მასობრივ მობილიზაციასა და ქუჩის ხანგრძლივვადიან აქციებში მდგომარეობს. ამისთვის სამუშაოები მათ უკვე დაიწყეს - გაიმართა შეხვედრები რეგიონებშიც. რამდენად შეარყევს და გახლეჩს ოპოზიციას „ოცნება“, ამას უახლოეს დღეებში მიღებული ლიდერთა გადაწყვეტილებები აჩვენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG