ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მან, სავარაუდოდ, ხანგოშვილს თავის არეში ორჯერ ველოსიპედიდან ესროლა, იარაღი მდინარეში გადააგდო და ადგილიდან მიიმალა. გერმანული მედია იუწყება, რომ მკვლელობის იარაღი მდინარიდან ამოღებულია.

„ამ საქმეს, ბუნებრივია, არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, ოფიციალურ ორგანოებთან“ - უთხრა 28 აგვისტოს ჟურნალისტებს პესკოვმა. „მე გადაჭრით უარვყოფ ამ შემთხვევის, ამ მკვლელობის რაიმე კავშირს ოფიციალურ მოსკოვთან" - დასძინა მან.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობა 2015 წლის 28 მაისს თბილისშიც მოხდა. მაშინ, მას უცნობმა თავდამსხმელმა რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. იმ დროს, მისმა მეგობარმა საიხან მუზაევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

ხანგოშვილის 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში ფიგურირებდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში და ამის გამო იძებნებოდა რუსეთის პოლიციის მიერ. რუსეთის მედია მას ხშირად მოიხსენიებდა, როგორც „დოკუ უმაროვის წარმომადგენელს საქართველოში.“

ზელიმხან ხანგოშვილს 29 აგვისტოს, პანკისის ხეობაში დაკრძალავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG