ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული წვრთნები და ქართულ–ამერიკული სწავლებები


" რუსეთის სამხედრო წვრთნები ქართული მხრიდან დაკვირვებას კიდევ უფრო აათმაგებს"

რუსეთის პრეზიდენტმა მოულოდნელად შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების გადაწყვეტილება მიიღო. 29 მარტს ბრძანების შესაბამისი ქმედებები უკვე განხორციელდა. თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ როგორც განაცხადა, რუსეთის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული წვრთნების თაობაზე ქართულ მხარეს ოფიციალური შეტყობინება რუსეთისგან არ მიუღია.

სამხედრო წვრთნები ქართული მხრიდან დაკვირვებას კიდევ უფრო აათმაგებს, მაგრამ ის პირდაპირ საფრთხეს საქართველოსთვის არ წარმოადგენს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ჯარები ამ წვრთნებში ჩართული არ არის. არც საქართველოს საზღვაო აკვატორიაა დარღვეული. მაგრამ თავისთავად, რომ ეს წვრთნები შეუთანხმებელი იყო მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის დარღვევა. რუსეთი არაერთხელ არღვევს საერთაშორისო პრაქტიკას და სამართლის ნორმებს. თუ უფრო დიდ ანალიზს გავაკეთებთ - რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20 % საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დარღვევით აქვს ოკუპირებული“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

პარალელურად, საქართველოში, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2013“ მიმდინარეობს, რომელიც ერთ თვეს გასტანს. ერთობლივ წვრთნებში აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი იღებს მონაწილეობას. 23-ე ბატალიონი ის ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიიდან უდანაკარგოდ დაბრუნდა საქართველოში. თავადცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით მომავალ წელს იგეგმება გაცილებით ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელშიც შესაძლოა მეზობელმა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა.

„ეს კიდევ ერთი წარმატებულად განხორციელებული ერთობლივი წვრთნებია. აქ, ძირითადად, საქმე გვქონდა ბატალიონის დონის ამოცანების გადაწყვეტაზე. მნიშვნელოვანი და გამორჩეული იმით არის, რომ ერთობლივი შტაბი იყო ჩამოყალიბებული ამ ოპერაციების წარმოების ამერიკელებთან ერთად და დამატებითი გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა ოფიცრებმა, ბატალიონის ხელმძღვანელებმა ერთობლივი ძალისხმევით საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის ჯავშანტექნიკაც, რომლის გამოცდა მიმდინარეობს და ამ გამოცდის შემდეგ კონკრეტული დასკვნებიც გვექნება, თუ როგორ გავაგრძელებთ თავდაცვის ეროვნული მრეწველობის ამ პროგრამას. მინდა გითხრათ, რომ მომავალში იგეგმება კიდევ უფრო ფართო წვრთნები. მომავალ წელს გვინდა გავიდეთ ბრიგადის დონის წვრთნებზე, სადაც შესაძლებელია ჩავრთოთ უკვე რეგიონის სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. ამის განხილვა მიმდინარეობს ახლა, მომავლ წელს უფრო ფართომასშტაბიან წვრთნებს ჩავატარებთ,“– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთს რეაქცია აქვს ნებისმიერ ქმედებაზე, რაც საქართველოში სამხედრო სფეროში ხდება.

„საქართველოსთან მიმართებაში რა ტიპის, რა მასშტაბის სამხედრო წვრთნები ტარდება პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, რუსეთი ამაზე ყოველთვის რეაგირებს. არა საქართველოსგან საფრთხის წარმოქმნის შიშით და პრევენციულად, არამედ იმის გამო, რომ დასავლეთზე მოახდინოს ზემოქმედება და აგრძნობინოს, რომ თუ საქართველოსთან სამხედრო სფეროში ითანამშრომლებთ, ჩვენ ამაზე ყოველთვის რეაგირება გვექნება.“–განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რუსული წვრთნები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ რუსეთისგან ისედაც იყო მოსალოდნელი მსგავსი ქმედება, სოჭის ოლიმპიადის ფაქტორიდან გამომდინარე. კახა გოგოლაშვილი:

„ამბობენ, რომ რაკი აქ ქართულ–ამერიკული წვრთნები ტარდება, რუსეთმა გადაწყვიტა ერთგვარი დემარში მოაწყოს. მიჭირს თქმა რომ ეს მაინცდამაინც დემარშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რატომღაც დაემთხვა ქართულ–ამერიკულ წვრთნებს. მათ ეს გეგმიურად არ ჰქონდათ გათვალისწინებული და ისე ატარებენ. უცებ მობილიზება მოახდინეს ამდენი გემის და ასე შემდეგ. შესაძლოა, ოლიმპიადასთან დაკავშირებით ატარებენ ამას. ოლიმპიადის მოახლეობასთან ერთად, შესაძლოა სურდათ, რომ ჯარი იყოს მობილიზებული, რომ თეორიულად, ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს.
ნებისმიერი ასეთი რუსული მანევრი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აქვს რაღაც გამაფრთხილებელი მინიშნება. მათ სურთ აჩვენონ, რომ თვითონ არიან ბატონ–პატრონი ამ არეალის. ამისთვის კეთდება, თორემ ახლა რუსეთს ვინ დაესხმება თავს და შავ ზღვაში ვინ შეუტევს?“
XS
SM
MD
LG