ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 წლის მანძილზე საქართველოში 4300 ახალშობილი დაიღუპა


ყოველწლიურად დაღუპული 800 ბავშვიდან 300 საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით არის გარდაცვლილი

გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც გოგიტა აბაშიძის ბედს გაიზიარებენ. ამ მონაცემების შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში იუწყებოდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პრობლემა მხოლოდ 1 წლის გოგიტას დაღუპვის შემდეგ მოექცა. სულ, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა. გთავაზობთ ინტერვიუს „იუნისეფის“ კვლევის ერთ-ერთ მონაწილე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელ, მაია ქურციკიძესთან.

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მოკლე რეზიუმირება რომ გაგვიკეთოთ, რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში?

„იუნისეფმა“, გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევა ბავშვთა სიღარიბის შესახებ გამოაქვეყნა 2012 წლის ივლისში, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ დაახლოებით 2 ლარზე დღეში. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი იყო 205 ათასი ბავშვი, ანუ 25 პროცენტი. ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს.

რა ასაკის ბავშვებს გულისხმობთ?

ზოგადად ბავშვი არის 18 წლამდე ასაკის მოქალაქე, თუმცა, ჩვენი სიღარიბის კვლევა და ის ინტერვენციები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას, რომ განახორციელოს, ეხება დაბადებიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ასევე იყო კვლევაში საუბარი 300 ბავშვზე, რომლებიც შიმშილით, ან მასთან დაკავშირებული მიზეზებით გარდაიცვალა. წლიურ მონაცემზეა საუბარი? წელიწადში 300 ბავშვი იღუპება შიმშილით?

დიახ, ეს არის წლიური ციფრი. საქართველოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის თითქმის 300-მდე ბავშვი იღუპება ორსულთა ანემიის, დაბადებისას მცირეწონიანობის, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ანომალიების და არასრულფასოვანი კვების გამო. ანუ, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ კვებაზე და კვების მწვავე დეფიციტზე, აქ ლაპარაკი არის არამარტო საჭმლის უქონლობაზე - როგორც ასეთზე, არამედ საუბარია ვიტამინების და მიკროელემენტების ნაკლებობაზე. ეს კი აუცილებელია როგორც ორსულობის ნორმალური განვითარებისთვის, ასევე ბავშვის ნორმალური ჯანმრთელობისა და მისი განვითარებისთვის.

წელიწადში ზოგადად საქართველოს მაჩვენებელი ასეთია: ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300, როგორც უკვე ავღნიშნეთ, უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, როგორც მოგახსენეთ, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ.

ეს ციფრები საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. სხვა ქვეყნებთან შედარებით რა მდგომარეობაა? რომელ ადგილზეა საქართველო, დავუშვათ, საერთაშორისო რეიტინგებში?

ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მონაცემებია. ჩვენ შევადარეთ საქართველო, ვთქვათ, ევროპის 44 ქვეყანას და მათ შორის საქართველოს 42-ე ადგილი უკავია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით.

გაეროს ბავშვთა ფონდმა რეკომენდაციებიც შესთავაზა ხელისუფლებას. რაში მდგომარეობს „იუნისეფის“ რეკომენდაციები?

ჩვენი გამოთვლებით გამოვლინდა ის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში აი ამ კვების მწვავე დეფიციტმა, მალნუტრიციამ ქვეყანას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა და 4 300 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასე რომ, ჩვენ თუ არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ამიტომ აუცილებელია კონკრეტული პროგრამების განხორციელება და ინვესტიციების ჩადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად: ორსულთა მოვლა, განათლება ქალების და ორსულების, განსაკუთრებით მიკრონუტრიენტების და სწორი კვების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციები სამშობიარო სახლებში, სამედიცინო დაწესებულებებში.

ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ფქვილის ფორტიფიკაცია, ანუ - გამდიდრება რკინით, ფოლიუმის მჟავით. ასევე ზოგადად საზოგადოების განათლება, რომ მან იცოდეს, გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ვიტამინები და მიკროელემენტები მათი ჯანმრთელობისთვის. საზოგადოებისგანაც უნდა წამოვიდეს გარკვეული მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომელიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არის.

კიდევ ერთი რგოლი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია - ეს არის არსებული სახელმწიფო სისტემის გამართულობა და ეფექტური ფუნქციონირება, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ არ ხერხდება. არ ხერხდება, რამდენადაც აი ეს რგოლი, კავშირი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქალების და ბავშვების ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე, არაეფექტურია.

რას ურჩევდით დღეს საქართველოს მთავრობას? პირველი და ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, რა შეიძლება გაკეთდეს?

ჩვენ წარმოვუდგინეთ ახალ მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები 2012 წლის ოქტომბერში ცალკეულ სფეროებში, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა. რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში: უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს არსებული სოციალური შეღავათების სისტემის ეფექტურობა. მეორე - შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადახედავს საჭიროებების შეფასების ფორმულას, ანუ, იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ხდება გარკვეულწილად ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება. აქ უნდა მოხდეს ბავშვის საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინება ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს და მჭიდრო გახდეს კავშირი სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს შორის.

რასაკვირველია, მთავარია დაფინანსების გაზრდა სოციალურ პროგრამებში. ჩვენ დავიწყეთ საუბარი სიღარიბიდან და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა დღესდღეობით საქართველოში. ჩვენ შევისწავლეთ და გამოვთვალეთ რამდენიმე მიმართულება ინტერვენციის, თუ სიღარიბის შემცირების რომელი ღონისძიება იქნება ყველაზე ეფექტური. ჩვენი გამოთვლებით, ბავშვთა ყოველთვიური შემწეობის შემოღება 30 ლარის ოდენობით, რომელიც სახელმწიფოს დაუჯდება სულ 25 მილიონი ლარი, ყველაზე მეტად ეფექტური იქნება ბავშვთა სიღარიბის შემცირების საკითხში. მაგალითად, თუ უკიდურესი სიღარიბე არის 9.1 პროცენტი, ის ჩამოვა 3.9 პროცენტამდე. რამდენიმე მიმართულებით გამოვითვალეთ. იყო მიზნობრივი სოციალური დახმარების გაზრდის შემთხვევაში რა მოხდებოდა, რა მოხდებოდა, თუ გაიზრდებოდა დახმარების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა. და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე უფრო ეფექტური ინტერვენცია იქნება აი ამ ეტაპზე, თუკი შემოღებული იქნება ასეთი ბავშვთა საყოველთაო შეღავათი, ანუ შემწეობა, რასაკვირველია, პენსიების ზრდასთან ერთად.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG