ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ორ-დღიანი ვიზიტით იმყოფება. დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოში თავისუფალი საპრზიდენტო არჩევნების ჩატარებას ელის. მისივე თქმით:
„ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართ. საქართველო ასევე ერთგულია ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებისა და უფრო მეტი ჯარები და შეიარაღებული ძალები ჰყავს, ვიდრე სხვა პარტნიორებს...ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ საქართველოს წვლილს და იმ მსხვერპლს, რომელიც ქვეყანამ გაიღო. ყველა მოკავშირის სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, ვისი ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ და დაიჭრნენ ავღანეთში.“
კომისიის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის წარმატებული ურთიერთობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რისი დასტურიც კომისიის საქართველოში რიგით მესამე ვიზიტია.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის სურვილი, არამედ საქართველოს მოსახლეობის სურვილი.
„ჩვენს ხალხს მშვენივრად ესმის, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტერგაცია, ის ერთადერთი გზაა, რომელიც თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში შეგვიწყობს ხელს,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.