ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველების ვიზიტი ჩრდილო კავკასიაში


რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეხვედრებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:55 0:00
ბმული
„ქართული დესანტი რუსეთში“, ასეც უწოდეს ოთხი ადამიანისგან შემდგარ ქართველების ჯგუფს, რომელმაც ვლადიკავკაზში, გროზნოსა და მახაჩკალაში, დაახლოვებით 10 დღე გაატარა და არაერთი შეხვედრა გამართა.

გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის წარმომადგენელი, გიორგი გვიმრაძე, სტრატეგიული კვლევების ცენტრის მკვლევარი, ეკომონიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე და შოთა აფხაიძე, ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ის ადამიანები არიან, რომლებიც ნიკოლაი სილაევის, მოსკოვის საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის შერჩევით ქართულ–რუსულ დიალოგში ჩაებნენ.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეხვედრებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ვადიმ დუბნოვი, რუსი ჟურნალისტი „ეხო კავკაზაში“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა რუსეთის „დუმილიანი თანხმობით“ ჩატარდა. დუბნოვის სტატიაში სახელით „პროფესორებისა და მოღალატეების შესახებ“ აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები განაწყენებულები არიან ჩრდილო ოსეთელ მეზობლებზე იმის გამო, რომ მათ ქართველებს ვლადიკავკაზში უმასპინძლეს. დუბნოვი თავის წერილში აფხაზურ თემასაც ეხება და ამბობს, რომ აფხაზეთშიც არ ცხრება სკანდალი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა ანქვაბმა ბრიუსელიდან ჩასული პროფესორი ბრუნო კოპიტერსი, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის თაობაზე ლექციების წასაკითხად ჩავიდა, ქვეყნიდან გამოისტუმრა.

„ესაა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოძებნო საკუთარი ადგილი მსოფლიოში, სადაც რუსეთის გარდა არაფერია, მაგრამ ამავდროულად ძალიან გინდა, რომ იყოს იქ დასავლეთიც. და კიდევ იმის შესახებ, რატომ და რით განსხვავდება ერთმანეთისგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ახლა საქმე იმაში კი არაა, როგორც შეხვედრები ვლადიკავკაზში, ისე კოპიტერსის ამბავი რუსეთის ჩუმი დუმილის გარეშე რომ არ მოხდებოდა, როგორც მინიმუმ, არამედ იმაშია საქმე, რომ არც ვლადიკავკაზი და არც კოპიტერსი არ იყო გამოწვევა ან ნონსენსი. მოლაპარაკებები მასთან, ვისთანაც პრობლემა გაქვს, ეს ხომ სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. უკეთესია აწარმოო მოლაპარაკება, ვიდრე უარი თქვა მასზე, ჩინელები ამას ყოველთვის ხვდებოდნენ. ევროპელი პროფესორის ლექციებიც სოხუმში სულაც არაა იგივე, რაც მეტეორიტი ჩელიაბინსკისთვის – აფხაზეთში ყოველთვის იყვნენ ღია ევროპელების მიმართ ისე, ვითომ რუსეთი მათი ერთადერთი მეგობარი არც ყოფილიყოს “ – ამბობს დუბნოვი თავის წერილში.

გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს:

„ჩრდილოეთ ოსეთში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა, მათ შორის შეხვედრა იყო უნივერსიტეტშიც, რომელსაც 150 სტუდენტი და პროფესორი დაესწრო, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოსადმი ინტერესი მაღალია. ყველა შეხვედრის დროს ჩრდილო ოსეთში გამოიკვეთა მათი სურვილი გაცილებით ინტენსიური ურთიერთობებისა საქართველოსთან, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და ასე შემდეგ, მაგრამ, გარკვეულწილად კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და ქართულ–სამხრეთ ოსური ურთიერთობების ის მდგომარეობა, რაც დღესაა, მნიშვნელოვნად აფერხებს ამ ურთიერთობის განვითარებას. იქიდან გამომდინარე, რომ ცხინვალი ეჭვით უყურებს, უფრო სწორად ცხინვალი მოითხოვს სოლიდარობას ვლადიკავკაზისგან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩრდილო ოსეთში ეთნიკური ქართველების მიმართ ძალიან ნორმალური დამოკიდებულებაა. როგორც იქ გვითხრეს, დაახლოებით 10 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და სოციალურად საკმაოდ მყარად გრძნობენ თავს, არის ქართული სკოლაც ვლადიკავკაზში და დიდი სურვილი ჩვენთან ურთიერთობის.“

ქართველების ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში გაურკვევლობა ადგილობრივადაც მოჰყვა. გიორგი კანაშვილი ამბობს:

„ბატონი შოთა აფხაიძე პოლიტპატიმარი იყო და გასაგებია მისი დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლებისადმი. მან ერთერთ შეხვედრაზე დაახლეობით ამგვარი რამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გენოციდი მოგვიწყო ქართველებსაც და ოსებსაცო, რაც მისი დამოკიდებულების ამსახველი იყო უბრალოდ სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო გენოციდის სამართლებრივ გაგებასთან. ზოგადად, ცხინვალი დაძაბულად უყურებს საქართველოს ურთიერთობას ჩრდილო კავკასიასთან და ხედავს საფრთხეებს, მე ვფიქრობ, გადაჭარბებულს. მათ შორის, ჩვენი ვიზიტიც ვლადიკავკაზში სწორედ ამ გადამეტებული შიშების ჭრილში შეიძლება განვიხილოთ.“

დიალოგი და ურთიერთობის არსებობა, უწყვეტელობის რეჟიმში, ეს ის აუცილებლობაა, რომლის თაობაზეც რუსეთის ფედერაციაში გამართული შეხვედრების შემდეგ თითქმის ყველა მონაწილემ აღნიშნა. კავკასიის ქვეყნების მოვლის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებისთვის სრულიად ცხადია იმ ხარვეზის სიდიდე, რასაც მეზობლების შესახებ ინფორმაციის არარსებობა ეწოდება.
XS
SM
MD
LG