ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეჭრილი დევნილები


ამ დროისთვის 6000 ადამიანია შეჭრილი სხვადასხვა ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:13 0:00
ბმული
საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ავტომატურად მოჰყვა სოციალური პირობებით უკმაყოფილო ადამიანთა პროტესტი. გაიფიცნენ მაღაროელები, ავტობუსის მძღოლები, სხვადასხვა საწარმოს მუშები, დევნილებმა და სოციალურად დაუცველმა პირებმა კი შეჭრა დაიწყეს სხვადასხვა ობიექტზე. ეს პროცესი დღემდე შეუქცევად ხასიათს ატარებს. გაჩნდა მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ აწმყოთი უკმაყოფილო ადამიანების პროტესტი იმართება და მის უკან ყოფილი მმართველი გუნდი დგას.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „დადასტურებულად იცის პროტესტის მართულობის შესახებ“.

„ყოფილი ხელისუფლება იმდენად მკაცრი იყო, რომ მათ პირობებში ხალხი უკმაყოფილების გამოხატვას ვერ ბედავდა. ახლა კი, როდესაც დაინახეს, რომ ხელისუფლება დემოკრატიულია და სურს ყველა პროცესი კანონის დაცვით მართოს, პროტესტის გამოხატვას აღარ ერიდებიან. ჩვენამდე დევნილებისგან მოდის ინფორმაცია არა მარტო იმის შესახებ, რომ უკმაყოფილების ტალღის აგორებას საზოგადოებაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ, არამედ იმის თაობაზეც, რომ ამ პროცესში ჩვენი, სამინისტროს თანამშრომლებიც არიან ჩართულები, რომელთაგან ზოგიერთს დევნილებისგან ფულიც კი აქვს აღებული,“– ამბობს გოგი ფაცაცია.

მისივე თქმით, დევნილთა სამინისტროში ამჟამად მიმდინარეობს შესწავლის პროცესი და დადგენა იმისა, თუ რეალურად ვის ეკუთვნის დაკმაყოფილება თავშესაფრით და ვის უნდა ეთქვას უარი.

„ამ დრომდე თავშესაფრით არაა დაკმაყოფილებული 54–60 ათასი ოჯახი. ჩვენ არ ვაპირებთ მივმართოთ რაიმე ზომას მათი გამოსახლებისთვის მანამ, სანამ არ გვეცოდინება რეალურად ვინ უნდა დავტოვოთ და ვინ გავასახლოთ. გაგზავნილი გვაქვს წერილი ეკონომიკის სამინისტროშიც, რომლითაც ვითხოვთ მოგვაწოდონ იმ ობიექტების ნუსხა, რომელთა დათმობაც შესაძლებელია, რათა გადაეცეს ის დევნილებს. თუ ასეთი ობიექტები არ აღმოჩნდა, მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება ამის თაობაზე“,– აცხადებს გოგი ფაცაცია.

დევნილთა ასოციაცია მშვიდობისთვის ხელმძღვანელმა ლელა გულედანმა დღეს პრესკონფერენცია სწორედ დევნილთა შეჭრის თემას მიუძღვნა. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ სამინისტროს არასაკმარისი კომუნიკაცია აქვს დევნილებთან.

„ჩვენი მონაცემებით ამ დროისთვის 6000 ადამიანია შეჭრილი სხვადასხვა ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ რეალურად, საცხოვრებლით დაკმაყოფილება მათ მხოლოდ 30 პროცენტს სჭირდება. როდესაც დევნილებს ვხვდებით, ისინი თვითონვე გვეუბნებიან, რეალურად ვინაა საცხოვრებლის გარეშე და ვინ უბრალოდ ხელის მოთბობის მსურველი. ჩვენ სამინისტორს წარმომადგენლებთან შეხვედრა გვინდა, საჭიროა ისინი დავარწმუნოთ, რომ ძალისმიერი მეთოდები არ გამოიყენონ დევნილების გამოსახლებისას. რაც შეეხება პროცესების მართულობას, კი ზოგჯერ, ასეთი შთაბეჭდილება მართლაც გვრჩება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეალურად დღეს მართლაც უმრავი ადამიანია თავშესაფრის გარეშე,“– ამბობს ლელა გულედანი.

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დევნილთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც კანონით იყო გაწერილი 2012 წლისთვის, ხელისუფლებას არ უზრუნია.

„კერძო სექტორიში დევნილი ადამიანების დაკმაყოფილება 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, რაც არ მომხდარა და ამ კუთხით უკმაყოფილება იყო, თუმცა რაც ახლა ხდება, ეს არის მართლაც ორგანიზებული პროცესი. მიმაჩნია, რომ სწორი მიდგომაა, როდესაც სამინისტრო ცდილობს ინდივიდუალურად შეისწავლოს ყველა ოჯახის საჭიროება. ვითარება მაინც დევნილთა საზიანოდაა, რადგან მართალია გამოიყო გარკვეული თანხა ქირის გადასახდელად, მაგრამ ეს არაა საკმარისი რაოდენობა. გარდა ამისა, ამ დრომდე სამინისტროს არ უთქვამს როგორ გეგმავს ამ პრობლემის მოგვარებას, დასრულდება თუ არა დაწყებული მშენებლობები და თუ გაიწერება ეს 2013 წლის ბიუჯეტში. საგულისხმოა ისიც, რომ დევნილთა დაკმაყოფილება მოხდეს მათი სურვეილების გათვალისწინებით და არა ისე, როგორც ეს წინა შემთხვევებში მოხდა, როდესაც ფოცხოეწერში თუ სხვა, ადგილებში დევნილთა შესახლებას გადასახლების სახე ჰქონდა“,– ამბობს ლია მუხაშავრია.

დევნილებისა და სოციალურად დაუცველი პირების მიერ საქართველოში თვითნებურად დაკავებულია 300 ობიექტი. შეჭრა პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ყველა დიდ ქალაქში ფიქსირდება, მათ შორის, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავში, გორსა და ბათუმში.
XS
SM
MD
LG