ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო უმცირესობის პროტესტი


საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას პირველ ნაბიჯებს უწუნებს

საპარლამენტო უმცირესობამ ძალოვანი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით სრული შემადგენლობით დატოვა პარლამენტის შენობა ქუთაისში და დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის, ზურაბ შამათავას მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ შემოწმებას აპროტესტებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად დროებით წყვეტენ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე განხილვებში მონაწილეობას, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, პროკურატურამ 2008 წლის ომის გმირი, გიორგი კალანდაძე დააკავა. მათი თქმით, ეს ქვეყნის იმიჯისთვის საზიანოა.

„ჩვენ უახლოესი დღეების განმავლობაში ვერ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში, ვერ ვიქნებით ისე, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი მიდის ნორმალურად და დემოკრატიულად და მთელი ჩვენი ინტერესის მიუხედავად მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით რუტინულ რეჟიმში ვერ ვესაუბრებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბიუჯეტის შესახებ მაშინ, როდესაც ბევრად მეტი რამ არის დაყენებული რისკის ქვეშ," - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

დაუშვებელ ქმედებად შეაფასა ბოლო მოვლენები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა , რომელიც მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებს და თავისუფალ მედიას შეურაცხყოფს.

სამხედრო ექსპერტთა თქმით, 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში გიორგი კალანდაძე მეოთხე ბრიგადას მეთაურობდა. სამხედრო ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, გიორგი კალანდაძე ომის გმირი არ არის და თუ ობიექტური გამოძიება ჩატარდება, შესაძლოა უფრო უარესი რამ გამოჩნდეს.

„2008 წლის ომში კალანდაძის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა მე-4 ბრიგადამ პირად შემადგენლობაში ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა. ამ ბრიგადამ ომში დაკარგა ყველა, 26-ვე ტანკი, მთელი არტილერია და ქვეითთა ყველა საბრძოლო მანქანა,” - აღნიშნავს სესიაშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, თეონა აქუბარდიას თქმით, ომის მონაწილე იყო მზვერავი როინ შავაძე და როცა ის დააკავეს, აწამეს და მოკლეს, მაშინ ახლანდელი უმცირესობის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა შეშფოთება გამოთქმული და არ დასმულა კითხვა, აგვისტოს ომის მონაწილეს რატომ მოექცნენ ასე:

„საკმაოდ ხშირად იწერებოდა პრესაში, იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ჯარში იყო მძიმე მდგომარეობა ადამიანების უფლებების კუთხით. საკმაოდ ხშირად გვსმენია, რომ ბაჩო ახალაია და მაღალი თანამდებობის პირები გაერთიანებული შტაბიდან მონაწილეობდნენ ჯარისკაცების ცემაში თუ მორალური შეურაცხყოფის მიყენებაში. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ ეშინია იმის თქმის, თუ რა ხდებოდა რეალურად ჯარში, ჰქონდა თუ არა მათი უფლებების დარღვევას ადგილი, მაგრამ მას შემდეგ რაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სავარაუდოდ ველი, რომ კიდევ ბევრი საჩივარი შევა ამ ადამიანების წინააღმდეგ სწორედ სამხედროების მხრიდან.

შეფასება, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე - უნდა ითქვას, რომ ნატო არასდროს არ ახალისებს არცერთ ქვეყანაში, რომ შეიარაღებულ ძალებში ხდებოდეს ჯარისკაცების ცემის ფაქტები, მით უფრო მაღალჩინოსნების მხრიდან - იქნებოდა ეს მინისტრი თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი. შესაბამისად, თუ გამოძიება და პროკურატურა დაამტკიცებს ამ ბრალდებებს, თუ ეს მოხდება სამართლებრივად გამოძიებული, არ მგონია, რომ „ნატო"-მ შეშფოთება გამოთქვას იმაზე, თუ რატომ მოხდა ასეთი ადამიანების დაკავება. სამხედრო კომპონენტი „ნატო"-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მძლავრი კომპონენტია და ეს სამაოდ დიდი შავი ლაქაა სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში როგორ ხდებოდა ჯარისკაცების მიმართ მოპყრობა.”


„საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი, შოთა მალაშხია აცხადებს:

„ხადურმა პრაქტიკულად შეითავსა პროკურორის ფუნქციები, ის ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. ეს არ არის ჩემი პოზიცია, შეგიძლიათ ნახოთ უმრავლესობის გამოსვლები, სადაც ისინი საუბრობენ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი” უნდა დაიხუროს, რომ ეს ტელევიზია ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას და ა.შ. არადა, სხვას ამბობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ისინი ამბობენ, რომ ყველაზე გაწონასწორებული ტელევიზია იყო სწორედ ეს. ამ კონტექსტში ცხადია რეალურად არის ის, რაც ხდება.”

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, გადაწყვეტილება „საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემოწმების შესახებ 4 მილიონ ლარამდე ოდენობით დაგროვილმა საგადასახადო დავალიანებამ განაპირობა:

„ინვენტარიზაცია ნამდვილად ვერ ჩატარდებოდა ელექტრონულად, მე ამაზე გავაკეთე განცხადება. მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. შეგიძლიათ მოისმინოთ ბატონი ჭანტურიას განცხადება, რომელიც მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ მათ ნამდვილად აქვთ დანაკლისი მატერიალური ფასეულობების. ეს არის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა. ყოველ შემთხვევაში ლევან ბეჟაშვილისგან, რომელიც „მაესტროს” აყადაღებდა, დავით საყვარელიძისგან, რომელიც ანტენებს არ უშვებდა მოსახლეობამდე, ასეთი ტიპის შენიშვნებს ვერ მივიღებ. მითუმეტეს მათი ხელდასმით „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჩვენს მიერვე გადახდილი ფულიდან გადასახადებს არ უხდის სახელმწიფოს. არავის დედამიწის ზურგზე იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, არ ეპატიება გადასახადების არგადახდა.”
XS
SM
MD
LG