ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მთავრობა უკანონოდ დახარჯულ ყველა თეთრს დაითვლის


ავლაბრის რეზიდენციის გარდა, დაფინანსება შეუმცირდება ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თბილისის მერიას

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ”მთავრობა აღარ გამოყოფს სახსრებს, რომელიც მხოლოდ ერთი პირის ფუფუნებას ემსახურებოდა.”

პრემიერის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯები ძალიან მაღალია და მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციიდან მთავრობის კანცელარიაში გადასვლისკენ მოუწოდა, სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია 2009 წლამდე იყო განთავსებული, სანამ მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის სასახლეში გადავიდოდა:

”მე არ ვაპირებ იმ სასახლით სარგებლობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების დღევანდელი დონიდან გამომდინარე არ არის საჭირო ასეთი სასახლის მშენებლობა და გამოყენება ქვეყნის პირველი პირისათვის. აბსოლუტურად საკმარისია კანცელარიის შენობა, აქ ცხოვრობდა და აქ მუშაობდა სააკაშვილი როგორც ქვეყნის პირველი პირი, ისევე, როგორც წინამორბედი პრეზიდენტები. მეც აქ სიამოვნებით გავაგრძელებ მუშაობას, როგორც ქვეყნის პირველი პირი. კანცელარიის შენობაში ყველა პირობაა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. ამდენი დევნილის, ამდენი გაჭირვებულის პირობებში ამორალურად მიმაჩნია ასეთ სასახლეში ცხოვრება. მოვუწოდებ სააკაშვილს დატოვოს რეზიდენცია. კანცელარიაში დალუქულია პრეზიდენტის სართული, აბსოლუტურად საკმარისია მისი ფუნქციონირებისთვის, კეთილი ინებოს გადმობრძანდეს და დამატებითი ხარჯები მოხმარდეს დევნილებს, გაჭირვებულ საზოგადოებას და ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას”.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრემიერის გადაწყეტილებას უპასუხა. მისივე თქმით შენობა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება არ არის:
”სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია, საქართველოს შემთხვევაშიც ეს ჩვენი ქართული დემოკრატიის ნაწილია. ასევე დემოკრატიის შემადგენელია შეუთანხებლობის მიუხედავად განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობის შეგუება. ვთვლით, რომ ეს არის კარგი, სწორი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის. იმედს გამოვთქვავთ, რომ ახალი მთავრობა გარდამავალ პროცესს ისევე ცივილურად მიუდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და წინა მთავრობა.”

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გარდა ასევე გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თბილისის მერიის დაფინანსების შემცირების შესახებ მიიღო.

”გაბერილია 24 მლნ.ლარის წლიური დაფინანსება ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის, სადაც 38 ადამიანი მუშაობს და სადაც 24 მილიონიანი ლარის წლიური ბიუჯეტიდან 21 მილიონ ლარზე მეტის ხარჯვა გაუმჭვირვალეა” - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია საქართველოს მთავრობის 31 ოქტომბრის #440 დადგენილებამ, რომლის შესახებ თბილისის მერმა პრემიერს მიმართა: ”ამ დადგენილებით გაუქმდა სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა; სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსება. ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც 600 000-მდე საქართველოს მოქალაქის ცხოვრების გაუარესებას გამოიწვევს და რომლის დაფინანსებასაც გთხოვთ, აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის უშუალო მონაწილეობით უნდა განხილულიყო”, ნათქვამია გიგი უგულავას მიმართვაში, რომელიც აცხადებს, რომ პრემიერი შეცდომაში ფინანსთა მინისტრმა შეიყვანა:

”ჩვენთვის ბუნებრივია მიუღებელია ის დუჟმორეული ინტონაცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან მოდის, თუმცა მე იმის გამო რომ ვიცი სახელისუფლებო არქიტექტურა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია იმის გამო, რომ მან დაუფიქრებელი მოქმედებით ხელი მოაწერინა ახალ პრემიერ-მინისტრს ამ დადგენილებაზე, მის პირველ დადგენილებაზე, პრაქტიკულად. ამაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ივანიშვილზე მეტად ეკისრება ხადურს, რომ პირველი დადგენილება ახალი მთავრობის, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი ეხება 600 000 თბილისელისთვის შეღავათების გაუქმებას.”

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით პასუხისმგებლობა, რომ 600 000 ადამიანს სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებით დროებით პრობლემა შეექმნება, ვანო მერაბიშვილმა უნდა აიღოს:

” პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით არავისთვის არ მოხსნილა შეღავათები. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 19 ოქტომბერს, უკვე გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა ისე, რომ არავის არ ჰკითხა, ისე, რომ ბიუჯეტში ამის რესურსი არ იყო, თბილისის ვალდებულებები, რომელზეც თბილისის მერიას ტრანსფერი აქვს მიღებული და დახარჯული აქვს "ტაშ-ფანდურში" წინასაარჩევნოდ და საკუთარი აგიტატორებისთვის ნაღდი ფულის დარიგებაში, ეს ხარჯები გადასცა სახელმწიფო ბიუჯეტს ისე, რომ მისი წყარო არ არსებობს, ბიუჯეტში ეს არ იყო გათვალისწინებული, ჯანდაცვის სამინისტროს ამის თანხები არ ქონდა. ამიტომ, პრემიერმა ივანიშვილმა გააუქმა ვანო მერაბიშვილის უკანონო გადაწყვეტილება და ეს ხარჯები უნდა გაწიოს ისევ თბილისის მერიამ. ისე, როგორც ეს იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული, ისე, როგორც ეს არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ყველა თეთრი, რომელიც თბილისის მერიამ დახარჯა უკანონდ, უმიზნოდ და მიზნობრიობის გარეშე იქნება დათვლილი.
გარწმუნებთ ყველას, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩება შეღავათების გარეშე, რაც მათ ჰქონდათ, მაგრამ ამას გადაიხდის თბილისის მერია. თბილისის მერიას არ შეუწყდა დახმარება, თბილისის მერია აგრძელებს ტრანსფერის მიღებას, ჩვენ დავსვავთ საკითხს, რომ არცერთ თეთრ ტრანსფერს მერია ვერ მიიღებს, თუ არ აღადგენს ამ დახმარებას.”
XS
SM
MD
LG