ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველაზე ახალგაზრდები მსოფლიოში: ჭკუასელიდან ჭიკაიძემდე


მომავალი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი
მომავალი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს 31 წლის პრემიერი და 28 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი ეყოლება

საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ეყოლება. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში შეცვლის 31 წლის არის. ალექსანდრე ჭიკაიძე კი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაიბარებს სულ - 28 წლის.

აქამდე, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ნიკა გილაური იყო. იგი ამ თანამდებობაზე, 2009 წელს, 34 წლის ასაკში დაინიშნა. ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრი კი ირაკლი ოქრუაშვილი. 2004 წლის ივნისში, ოქრუაშვილი 30 წლის იყო, როცა მინისტრი გახდა.

მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე, გამოუცდელი ახალგაზრდების დაწინაურების ცალკეული შემთხვევები, პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროსაც იყო, თუმცა მასიურად ასეთ ფაქტებს, უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ჰქონდა ადგილი.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში ყოფნისას, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სამიზნე „ნაციონალური მოძრაობის“ ზედმეტად ახალგაზრდული „საკადრო პოლიტიკაც“ იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დანიშვნები - „ნათესაური“ ან „ერთგულების“ ნიშნით მაინც გრძელდება.

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ყოველთვის ეყრდნობა ერთგულ ადამიანებს. ეს არის ძალაუფლების ბუნებრივი ინსტიქტი და ეს არ არის ახალი. „ჩვენი მარჯვენა ხელი მოქმედებს ისე როგორც მარცხენა“, ეს „მარჯვენა“ და „მარცხენა“ არის ადამიანების ერთობლიობა, რომელიც ერთ გუნდს ქმნიან.

პოლიტიკური იდენტობა და თანაგანცდა, რომ „ეს შენიანია“, ეს „ავადმყოფობა“ ძალიან ბევრ შემთხვევაში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უფრო განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებასაც სჭირს.

ამიტომ არის რომ „ერთგული ადამიანების“ ძებნა, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ძალაუფლების გამყარების ინსტიქთან - რაც შეიძლება ვაკონტროლოთ „ჩვენ“ და ვინმე „უცხო“ არ იყოს. ეს ხდება აქაც, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ „ნაციონალების“ საკადრო პოლიტიკის კრიტიკის ტალღაზე მოსული ხელისუფლებაა. მათ მცდელობა მაინც უნდა ჰქონოდათ, რომ ეპოვათ ადამიანები ვინც პროფესიონალური ნიშნით წარმართავდნენ თავიანთ საქმიანობას.“

საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად დღემდე მიხეილ ჭკუასელი რჩება.პრეზიდენტმა შევარდნაძემ 26 წლის ჭკუასელი ფინანსთა მინისტრად 1997 წელს დანიშნა, სადაც მან მხოლოდ წელიწადნახევარი „გაძლო“.

(1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე, ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი იყო. 1993 წლის მაისში თავდაცვის მინისტრად იგი 26 წლისა და 6 თვის ასაკში დაინიშნა - ზ,წ)

შედარებით წარმატებული გამოდგა, შევარდნაძის მიერ, 1998 წელს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 29 წლის ირაკლი მანაგაძის დანიშვნა. იგი ამ თანამდებობაზე, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2005 წლის მარტამდე დარჩა.

პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში ასაკით ყველაზე პატარა - ბაკურ კვეზერელი იყო. სოფლის მეურნეობის მინისტრი კვეზერელი 27 წლის ასაკში გახდა.

28 წლის ასაკში ჩაიბარეს: დავით კეზერაშვილმა - თავდაცვის, ვერა ქობალიამ - ეკონომიკის და ბაჩო ახალაიამ - ასევე თავდაცვის სამინისტროები;

29 წლის ასაკში, დაინიშნა თბილისის მერად გიგი უგულავა, რომელმაც მანამდე უშიშროების მინისტრის მოადგილეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსობაც მოასწრო.

30 წლის ასაკში მინისტრები გახდნენ: ირაკლი ოქრუაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროსი (მანამდე გუბერნატორი და გენერალური პროკურორი იყო - ზ.წ), ეკა ტყეშლაშვილი - იუსტიციის სამინისტროსი, ალექსი ალექსიშვილი - ფინანსთა სამინისტროსი, ხათუნა კალმახელიძე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსი და ლადო ვარძელაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსი.

2008 წელს, 31 წლის ასაკში გახდა, იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია (მანამდე დეპუტატი და გენპროკურორის მოადგილე იყო - ზ.წ), შემდეგ მან განათლების მინისტრად გადაინაცვალა, თუმცა 2009 წელს გადადგა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. დღეს იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორია. კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე ამბობს

„საბოლოოდ მაინც ეს არის ინსტიტუცია, რომელშიც გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და ინტელექტუალური მზაობის, ცოდნის დაგროვების გარეშე, შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

მიმაჩნია, რომ ასეთ მაღალ თანანმდებობზე საჯარო სამსახურში, ადამიანი 35-40 წლამდე არ უნდა ინიშნებოდეს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ასეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანების დანიშვნა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ზიანის მომტანი სახელმწიფოსთვის.“

ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი - 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი ნოემბრის ბოლოს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრად მოგვევლინება.

კარიბის ზღვის აუზში მდებარე დომინიკის პრემიერი, 31 წლის ასაკში გახდა რუზველტ სკერიტი. ასევე 31 წლისამ დაიკავა მონტენეგროს პრემიერის პოსტი იგო ლუკშიჩმა, თუმცა 2012 წლის ბოლოს მან თანამდებობა დატოვა.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩინოვნიკები

მ.ჭკუასელი (ფინანსთა მინისტრი 1997-98) 26 წლის 7 თვის
ლ.ჭოლაძე (უშიშროების საბჭოს მდივანი 2004) 26 წლის 8 თვის
ბ.კვეზერელი (სოფლის მეურ. მინისტრი 2008-11) 27 წლის 4 თვის
ე.კერესელიძე (საჯარო რეესტრის თავჯ. 2012-13) 28 წლის 1 თვის
დ.კეზერაშვილი (თავდაცვის მინისტრი 2006-08) 28 წლის 2 თვის
ა.ჭიკაიძე (შსს მინისტრი 2013-დღემდე) 28 წლის 6 თვის
ბ.ახალაია (შსს მინისტრი 2009-11) 28 წლის 9 თვის
ი.რეხვიაშვილი (ეკონომიკის მინისტრი 2004) 28 წლის 9 თვის
ვ.ქობალია (ეკონომიკის მინისტრი 2010-12) 28 წლის 10 თვის
ნ.გილაური (ენერგეტიკის მინისტრი 2004-07) 29 წლის
ი.მანაგაძე (ეროვ. ბანკის პრეზიდენტი 1998-2005) 29 წლის 8 თვის
გ.ქადაგიძე (ეროვ. ბანკის პრეზიდენტი 2009-დღემდე) 29 წლის 2 თვის
გ.უგულავა (თბილისის მერი 2005-დღემდე) 29 წლის 11 თვის
ი.ოქრუაშვილი (გენერალური პროკურორი 2004) 30 წლის 2 თვის
ვ.ვარძელაშვილი (სპორტის მინისტრი 2010-12) 30 წლის 2 თვის
ი.ღარიბაშვილი (შსს მინისტრი 2012-13) 30 წლის 4 თვის
ე.ტყეშელაშვილი (იუსტიციის მინისტრი 2007-08) 30 წლის 4 თვის
ა.ალექსიშვილი (ეკონომიკის მინისტრი 2004-05) 30 წლის 5 თვის
ი.ოქრუაშვილი (შსს მინისტრი 2004) 30 წლის 7 თვის
ხ.კალმახელიძე (სასჯელაღს.მინისტრი 2009-12) 30 წლის 11 თვის
ე.ტყეშელაშვილი(საგარეო მინისტრი 2008) 30 წლის 11 თვის
გ.გაბაშვილი (კულტურის მინისტრი 2004-07) 31 წლის 1 თვის
ი.ოქრუაშვილი (თავდაცვის მინისტრი 2004-06) 31 წლის 1 თვის
ი.ღარიბაშვილი (პრემირ-მინისტრი 2013-დღემდე) 31 წლის 5 თვის
ნ.გვარამია (იუსტიციის მინისტრი 2008) 31 წლის 6 თვის
ე.ტყეშელაშვილი (უშიშრ.საბჭოს მდივანი 2008-10) 31 წლის 6 თვის
ზ.ადეიშვილი (იუსტიციის მინისტრი 2003-04) 31 წლის 7 თვის
გ.პაპუაშვილი (იუსტიციის მინისტრი 2004-05) 31 წლის 10 თვის

ბმული
XS
SM
MD
LG