ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხრა საუკუნოვანი გელათის ახალი სიცოცხლე


გელათის უნიკალურ ფრესკებს საფრთხე აღარ ემუქრებათ
გელათის უნიკალურ ფრესკებს საფრთხე აღარ ემუქრებათ

„აღმატებული ყოველთა, წინანდელთა ქმნულთა, რომელ ჰმატს შვენიერებასა ყოველთასა, სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა და მაქმნულობისა შეუსწორებლობითა, რომელსა აწ თანამოწმობით ხედვენ თვალნი ყოველნი“ - დაახლოებით 900 წლის წინ, ასეთი აღრფთოვანებით აღწერს მეფეთ-მეფის ისტორიკოსი, დავით აღმაშენებლის ერთ-ერთ საოცარ ქმნილებას - გელათის მონასტერს.

გელათს, როგორც საქართველოს უდიდეს კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრს, მეფე დავითმა 1106 წელს ჩაუყარა საფუძველი, ხოლო ტაძრის მშენებლობა, მისმა ვაჟმა, მეფე დემეტრე პირველმა 1130 წელს დაასრულა.

„ახალი რომი“, „მეორე ათენი“, „ახალი ელადა“, „მეორე იერუსალიმი“ - რა ეპითეტებით არ ამკობდნენ თანამედროვეები ქრისტიანული საქართველოს უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო და სასულიერო ცენტრს, ჩვენი დიდი მეფეების საგვარეულო საძვალეს, რომლის როლი ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, გადაუჭარბებლად უდიდესია.

თუმცა, თურქთა (1510, 1668), ლეკთა (1759), რუსთა (გედეონ და ექვთიმე გაენათელების ცემა და დაპატიმრება, 1670, 1820; მონასტრიდან უნიკალური და უძვირფასესი ხატების-ნივთების მოპარვა მაიორ ოსტროუხოვის 1820, შემდეგ ქუთაისის გუბერნატორ ლევაშოვთან დაახლოებულ ვინმე ჭირაქაძის მიერ 1859) პლუს, ბოლშევიკთა თარეშმა (1904-17 წლებში გელათი რამდენჯერმე დააყაჩაღეს), მენშევიკთა უთავბოლობამ და ბოლოს, საბჭოთა ოკუპაციამ (1923 წელს, ტაძრიდან ყველა მღვდელი გამოყარეს და მონასტერი დალუქეს) გელათს უმძიმესი კვალი დაამჩნია.

"გენათლის წაყვანის შემდეგ, არცა ზეთი, არც ჯანგარი საყდარსა არ წასმია, სახურავი წვიმისგან არის სრულიად დახვრეტილი“.
გელათის წინამძღვრის მიმართვა რუსეთის ეკლესიას, 1828 წელი

1828 წელს, „რუსული საეკლესიო რეფორმის“ შედეგად, გელათში დანიშნული არქიმანდრიტი ნიკოლოზი წერდა: „სულ ერთიანად ესაჭიროება დახურვა, რომელისაც ერთი მხარე დიდისა პალატის კიდეც ჩამოქცეულა, და გარდა ამათის გენათლის წაყვანის შემდეგ, არცა ზეთი, არც ჯანგარი საყდარსა არ წასმია, სახურავი წვიმისგან არის სრულიად დახვრეტილი“.

1853 წელს, უკვე არქიმანდრიტი თეოფანე წერს, რომ „ეკლესიაში ჩიტები დადიან და ქარიან წვიმაში წვეთები ჩადის და ახდენს წმიდათა ხატთა“. 1864 წელს კი არქიმანდრიტი ონიფანტე ითხოვს შველას: „გაენათის დიდის ეკლესიის სიძველის გამო ისევ წაუხდა ფანჯრები და წვიმიან ამინდში შემოდის წვიმა და თოვლი ოთხივე მხრიდან“.

თავისი წაიღო რა თქმა უნდა, დრომაც, გელათს ხომ უკვე 9 საუკუნეა რაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი. 19-ე საუკუნეში, გელათი რამდენჯერმე შეაკეთეს ოსტატებმა: ფილიპე, კიკოლა და ისიდორე ბერეკაშვილებმა (1864-65, 1896), ასევე გიგო ლობჟანიძემ(1882), მე-20 საუკუნეში გელათს თავისი ხელი დაატყვეს, ქართული სარესტავრაციო სკოლის დიდმა წარმომადგენლებმა: შალვა აბრამიშვილმა და კარლო ბაკურაძემ.

გელათის კომპლექსური რესტავრაცია კი დამოუკიდებელ საქართველოში დაიწყო და მასში, სხვებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც ჩაება. 2003 წელს, ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა გელათის რესტავრაციის დაფინანსება სულ 15 ათასი დოლარით დაიწყო, ბოლო 13 წლის მანძილზე კი ტაძრის უნიკალური ფრესკების, მოზაიკის და გუმბათის შენარჩუნებაზე, ამერიკელმა გადამხდელებმა უკვე 750 000 დოლარის ოდენობის თანხა გაიღეს.

გელათის ახალი გადახურვა - ხელნაკეთი კრამიტით
გელათის ახალი გადახურვა - ხელნაკეთი კრამიტით

გელათის რესტავრაციის პროცესში, ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორის, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორი მაკა დვალიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს

"ეს რესტავრაცია გელათისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მონასტრის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო"
მაკა დვალიშვილი, GACC

„ეს რესტავრაცია გელათისთვის არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ ტაძრის მდგომარეობა, როგორც არქიტექტურის, ისე ქვის კონსერვაციის თვალსაზრისითაც, საკმაოდ რთული იყო. რასაც დღეს ფარავს უშუალოდ აშშ-ს საელჩოს გრანტი, ეს არის ის, რომ გელათში მთლიანად იცვლება გუმბათის გადახურვა და კარნიზის ქვები.“

2003 წელს, ამერიკელების დახმარებით, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ნართექსის და ეგვტერების ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვა დაიწყო: მოხდა უნიკალური ფრესკების მიკრობიოლოგიური დაზიანებების ლაბორატორიული აღწერა, დაზიანებათა მკურნალობის მეთოდოლოგიის შემუშავება და ბიოლოგიური დაავადებების აღმოფხვრა;

2012 წელს, რესტავრაცია ტაძრის წმინდა მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის ფრესკების გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოებით გაგრძელდა,: გელათის ულამაზესი, მონუმენტური მხატვრობა გაიწმინდა მარილებისგან, დამუშავდა მთელი ზედაპირი, მოხდა ბზარების ინექტირება, საბჭოთა რესტავრაციების დროს გამოყენებული ცემენტისა და თაბაშირის, ტრადიციული კირით შეცვლა, სარკმელების ჩასმა და დაზიანებული სახურავის გადაწყობა.

ამერიკის ელჩი გელათში
ამერიკის ელჩი გელათში

​უკვე 2013 წლიდან, რესტავრაციამ გელათის უნიკალური გუმბათი მოიცვა: ქართველმა რესტავრატორების ჯგუფმა, მათ შორის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებსაც სანდრო რუბაშვილი, კახა ტრაპაიძე და ნანა კუპრაშვილი ხელძვანელობენ, გუმბათის კარნიზის დაზიანებული ქვების აღდგენა-კონსერვაცია და გუმბათის სპეციალური ხელნაკეთი კრამიტით გადახურვა მოახდინეს.

მაკა დვალიშვილი ამბობს, რომ ეს ურთულესი სამუშაო თითქმის დასრულებულია და 9 საუკუნის, საოცარი გელათი, სულ მალე ახალ სიცოცხლეს დაიწყებს

„გელათის გუმბათი გადაიხურა ისტორიული კრამიტით, რომლის აღსადგენად შესწავლილი იქნა შესაბამისი არქეოლოგიური აღმოჩენები და მოხდა, პარალელების გავლება, იმდროინდელ, სხვა გადახურვებთან.

ეს კრამიტი აღადგინა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაცია „კულტურულმა მემკვიდრეობამ“. გელათის გუმბათი, მათ მიერვე ფაქტიურად უკვე გადახურულია, ახლა საკონსერვაციო სამუშაოები გუმბათის მკლავების კამარებზე მიმდინარეობს.“

რესტავრაციის პროცესი
რესტავრაციის პროცესი

გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, რათა ეს უნიკალური ძეგლი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩეს.

1994 წელს, იუნესკომ გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, ბაგრატის ნანგრევებთან ერთად, ერთი ნომინაციით, ერთი სახელწოდებით შეიყვანა, თუმცა, 2012 წელს, ბაგრატის ტაძრის „უხეში პოლიტიკური რესტავრაციის“ შემდეგ, იუნესკომ, ბაგრატიც და გელათიც „საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში“ გადაიყვანა, ამასთან, „ახალი ბაგრატის“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების პროცესი დაიწყო.

იუნესკოს რეკომენდაციაა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ ნუსხაში გელათის ტაძრის რენომინაცია მოახდინოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტისთვის გელათის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის, ხელახალი დასაბუთება უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG