ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ ცას ამერიკული Stinger-ით დავიცავთ


FIM-92 Stinger-ს მტრის საჰაერო სამიზნეების განადგურება 8 კმ-ის რადიუსში შეუძლია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javelin-ის შემდეგ, შესაძლოა, ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემა FIM-92 Stinger-იც მიჰყიდოს. ეს სისტემა იდეალური იარაღია საოკუპაციო ძალების სამხედრო თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და უპილოტო აპარატების ჩამოსაგდებად.

თავდაცვის მინისტრმა იზორიამ დაადასტურა, რომ პენგატონში პოზიტიური დაპირება მიიღო და ახლო მომავალში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამედროვე ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვის უფლება მიეცემა. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა რაოდენობის FIM-92 Stinger-ს შეიძენს საქართველო. ერთი ერთეული კომლექსის ფასი, გამშვებ დანადგართან და მართვად რაკეტასთან ერთად - 70 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

Stinger-ით საბრძოლო ამოცანის შესრულება ერთ სამხედროსაც შეუძლია
Stinger-ით საბრძოლო ამოცანის შესრულება ერთ სამხედროსაც შეუძლია

ახალი ისტორიული სამხედრო კონტრაქტის გაფორმებას, როგორც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javelin-ის შემთხვევაში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა და კონგრესის თანხმობა სჭირდება.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ FIM-92 Stinger სწორედ ის იარაღია, რომელზეც ბოლო 27 წლის მანძილზე, სხვადასხვა ლოკალური თუ მასშტაბური სამხედრო კონფლიქტების დროს, ქართველი სამხედროების არაერთი თაობა ოცნებობდა:

ჩვენ გვქონდა პოზიტიური დაპირება რომ უახლესს, ანტისაჰაერო სისტემა „სტენგერს“ მივიღებთ, ამ იარაღის ყიდვა წლების მანძილზე საქართველოს სურვილი იყო“
ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრი

„პირველად თავდაცვის სამინისტროს არსებობის ისტორიაში განვსაზღვრეთ, შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც 2019-2025 წლების პერიოდს მოიცავს. ამ სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ანტისატანკოსთან ერთად ანტისაჰაერო სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაა.

მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტაქტიკური ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემები. სულ რაღაც ერთი თვის წინ, აშშ-ში ვიზიტის დროს, ჩვენ გვქონდა პოზიტიური დაპირება რომ საქართველო „ჯაველინებთან“ ერთად, უახლესს, ანტისაჰაერო სისტემა „სტენგერს“ მიიღებს, რომლის ყიდვაც საქართველოს სურვილი წლების მანძილზე იყო.“

ამერიკულმა აეროკოსმოსურმა და თავდაცვითმა კოპორაცია General Dynamics-მა გადასატან საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე მუშაობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. 1978 წელს, FIM-92 წარმოებაში ჩაეშვა და 80-იანი წლების დასაწყისში ამერიკის არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა.

მას შემდეგ, Stinger-მა არაერთი მოდიფიკაცია გაიარა და სამხედრო მფრინავებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ იარაღად იქცა. სისტემა მრავალ ომსა და სამხედრო კონფლიქტში გამოიცადა, განსაკუთრებით გაითქვა სახელი ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციის დროს, როცა მოჯაჰედებმა 340 საბჭოთა საფრენი აპარატი სწორედ Stinger-ით ჩამოაგდეს, აქედან 270 მთლიანად განადგურდა.

FIM-92 Stinger-ით საბჭოთა MI-24-ის ჩამოგდება ავღანეთში, CIA-ს არქივი
FIM-92 Stinger-ით საბჭოთა MI-24-ის ჩამოგდება ავღანეთში, CIA-ს არქივი

Stinger-ით საბრძოლო ამოცანის შესრულება ერთ სამხედროსაც შეუძლია, საზენიტო-სარაკეტო სისტემა ადვილია გამოსაყენებლად და გადასატანად. 1.52 სმ-ის სიგრძის გამშვებ დანადგარს, რომელიც სულ 5 კილოგრამს იწონის, 10 კილოგრამიანი რაკეტით, 8 კილომეტრის რადიუსში და 3800 მეტრის სიმაღლეზე ძვირადღირებული შვეულმფრენისა თუ თვითმფრინავის დაზიანება ან განადგურება შეუძლია.

დამიზნების პასიური ინფრაწითელი ან ულტრაიისფერი სისტემით აღჭურვილი Stinger-ის რაკეტა სამიზნეს თავად პოულობს და ანადგურებს. საველე პირობებში გამოყენების გარდა, Stinger-ის დამონტაჟება ასევე შეიძლება, როგორც სამხედრო ჯიპებსა და ჯავშანმანქანებზე, ისე სპეციალურ გამშვებ დანადგარებსა და შვეულმფრენებზეც.

"სტინგერის" გასროლა ახალი გამშვები დანადგარიდან Multi-Mission Launcher (MML)
"სტინგერის" გასროლა ახალი გამშვები დანადგარიდან Multi-Mission Launcher (MML)

დღეისათვის, Stinger სულ 30-მდე ქვეყნის შეიარაღებაშია, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო კონტრაქტი გაფორმდა, საქართველო ლიტვისა და ლატვიის შემდეგ მესამე ყოფილი საბჭოთა ქვეყანა იქნება, რომელიც ამ ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემას მიიღებს.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ 2018 წელს, ამერიკიდან „სტინგერების“ შეძენასთან ერთად, საქართველო საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის პირველ ფაზასაც დაასრულებს:

2018 წელს, ჩვენ ვასრულებთ საფრანგეთიდან ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემის შეძენის პირველ ფაზასაც, მივიღებთ უახლეს ტექნიკას და ვიწყებთ მეორე ფაზაზე გადასვლას"

„2018 წელს, ჩვენ ვასრულებთ საფრანგეთიდან ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემის შეძენის პირველ ფაზას, მივიღებთ უახლეს ტექნიკას და ვიწყებთ მეორე ფაზაზე გადასვლას. ეს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს.“

2018 წლის იანვარში, საქართველოს არმიამ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა “ჯაველინი” მიიღო. 410 მართვად რაკეტაში (JM), 72 გამშვებ დანადგარში (CLU), 10 ძირითადი უნარების საწვრთნელ მოწყობილობასა (BST) და 70 სიმულაციური ჭურვში (SR) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს 75 მილიონი დოლარი გადაუხადა.

"სტინგერი" პორტუგალიის არმიის შეიარაღებაში
"სტინგერი" პორტუგალიის არმიის შეიარაღებაში

Stinger-ის გამშვები Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანაზე
Stinger-ის გამშვები Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანაზე

AIM 92 Stinger-ის გასროლა სამხრეთ კორეის არმიის Apache-დან
AIM 92 Stinger-ის გასროლა სამხრეთ კორეის არმიის Apache-დან

ტვიტერი

XS
SM
MD
LG