ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრინკი: ჯაველინები საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება


საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას იყიდის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყიდვაზე ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა და ის დასამტკიცებლად კონგრესს გაუგზავნა. თბილისი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ამ სარაკეტო სისტემის ყიდვას. ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის მისი მიყიდვისგან თავს სავარაუდოდ იმის გამო იკავებდა, რომ რუსეთის გაღიზიანება არ სურდა.

ჯაველინების გაყიდვაზე და საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის მის მნიშვნელობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

ქალბატონო ბრიჯეტ, მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ჯაველინების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება?

ბრიჯის ბრინკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე
ბრიჯის ბრინკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე

მადლობა თქვენ, რომ მოხვედით. 17 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესში ინფორმაცია გაგზავნა საქართველოსთვის ჯაველინის იარაღის სისტემის მიყიდვის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს გაყიდვა ამერიკის უცხოეთის სამხედრო გაყიდვების პროგრამის ფარგლებში მოხდა.

იარაღის გაყიდვის ეს წინადადება საქართველოსა და ამერიკას შორის უკვე არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც საქართველოსთვის თავის დაცვის შესაძლებლობის მიცემა და ამერიკისთვის ძლიერი სამხედრო მოკავშირის დახმარებაა. საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც სრული უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი მომავალი, რაშიც თავდაცვის სფეროს ორიენტაცია და სამხედრო შესაძლებლობების წყაროებიც შედის.

საქართველო ჯავლინის სისტემის შეძენას წლების მანძილზე - როგორც პრეზიდენტ ბუშის, ასევე პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს ცდილობდა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ახლა?

ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს თანამშრომლობის შეთანხმება თავდაცვის სფეროში. საქართველოსთან წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა წლების მანძილზე გვაქვს. დღეს მოგეხსენებათ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება.

რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენი აზრით, ეს იარაღი საქართველოსთვის? შეძლებს თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს არსებული შესაძლებლობებით ამ სისტემის ათვისებას და გამოყენებას?

მე არ მინდა საქართველოს მთავრობის ნაცვლად რამე ვთქვა. ჩვენი გადმოსახედიდან, მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით დიდი დანამატია. ეს სისტემა საქართველოს დაეხმარება უკეთ დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი საზღვრები და ზოგადად, გააღრმაოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა.

სისტემა 75 მილიონი ღირს...

დიახ, საუბარია 75 მილიონი დოლარის ოდენობის შესყიდვის წინადადებაზე და მასში შედის ჯაველინის სისტემის რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტი.

ეს ერთჯერადი შესყიდვა იქნება თუ რამდენიმე წლის განმავლობაში გაიწერება?

ტრანზაქციის დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით. ამაზე ამერიკისა და საქართველოს მთავრობები მოგვიანებით შეთანხმდებიან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილების გამოცხადება და კონგრესისთვის მისი გაგზავნა იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობა მზადაა დადებითად გამოეხმაუროს საქართველოს მოთხოვნას ამ იარაღის ყიდვაზე. დეტალების შეთანხმება მას შემდეგ მოხდება, რაც შეთანხმების საბოლოო პირობები გვექნება.

კონგრესისგან რაიმე წინააღმდეგობას თუ ელოდებით?

კონგრესი, როგორც იცით, ამერიკის მთავრობის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი შტოა. მსგავსი შესყიდვების დროს არსებობს წინასწარ გაწერილი შეტყობინების პროცესი. ამ პერიოდის განმავლობაში კონგრესთან კონსულტაციებს გავდივართ. არ მინდა კონგრესის სახელით ვისაუბრო, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობამ შესყიდვის პროცესის დასრულება გადაწყვიტა, წინ წასვლის შესაძლებობა იქნება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG