ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ „უკვდავ პოლკს“ ქართული „დანაყოფიც“ შეემატა


"უკვდავი პოლკის" პირველი მსვლელობა თბილისში

ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავზე, თბილისში, პირველად „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა შედგა. ეს სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა. ოფიციალურად „უკვდავი პოლკის“ იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად.

რეალურად კი მოსკოვიდან დაფინანსებული ეს მასშტაბური „საერთაშორისო მოძრაობა“, როგორც თავად რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, „ისტორიული სიმართლის დაცვას“ ემსახურება, რომელმაც „საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს“.

"უკვდავი პოლკი" ოკუპირებულ ცხინვალში, 09.05.2017
"უკვდავი პოლკი" ოკუპირებულ ცხინვალში, 09.05.2017

პუტინის აზრით, „ისტორიის რევიზია გზას უხსნის, მეორე მსოფლიო ომის შედეგად დამდგარი, მსოფლმხედველობის, საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების წაშლას“, რაც „ყველასთვის უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული“.

9 მაისს, თბილისში, რუსული „უკვდავი პოლკის“ ქართული „დანაყოფის“ მსვლელობის ორგანიზატორებად, „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესი“ მოგვევლინა. ამ ორგანიზაციებს რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე ანჟელიკა ზახაროვა ხელმძღვანელობენ.

რევაზ გოგიძემ ხაზი გაუსვა, რომ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა მოსკოვიდან დაფინანსებული არ იყო:

არანაირი პრორუსულობა ჩვენს მოძრაობაში არ არის, ჩვენს დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ. თავიდანვე გავავარცელეთ ინფორმაცია, რომ გვინდა საქართველოს უკვდავი პოლკის შეკრება და მსვლელობის ჩატარება, ამიტომ ვინც დღეს ვაკის პარკში მოვა და შემოგვირთდება, ის დღეიდან ჩვენი უკვდავი პოლკის წევრი იქნება“

„არანაირი პრორუსულობა ჩვენს მოძრაობაში არ არის, ჩვენს დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ. თავიდანვე გავავარცელეთ ინფორმაცია, რომ გვინდა საქართველოს უკვდავი პოლკის შეკრება და მსვლელობის ჩატარება, ამიტომ ვინც დღეს ვაკის პარკში მოვა და შემოგვირთდება, ის დღეიდან ჩვენი უკვდავი პოლკის წევრი იქნება.“

„უკვდავი პოლკის“ ქართული დანაყოფი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დილის 11 საათზე გამოჩნდა, მსვლელობაში სულ 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გამარჯვების პარკში,“ პოლკის“ წევრებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ოჯახის წევრების პორტრეტები, გეორგიევსკის ლენტები და დროშები მოჰქონდათ, წმინდა გიორგის ღერბით და წარწერით „საქართველოს უკვდავი პოლკი“, ქართულ და რუსულ ენებზე.

"უკვდავი პოლკი" ოკუპირებულ სოხუმში, 09.05.2017
"უკვდავი პოლკი" ოკუპირებულ სოხუმში, 09.05.2017

აქციის მონაწილეთა სიმცირეს, საქართველოს პრორუსული ორიენტაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის მწვავე დაპირისპირებით ხსნიან.

მას შემდეგ, რაც აპრილში, მოსკოვმა „უკვდავი პოლკის“ ორგანიზაციის უფლება თბილისში, „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციასა“ და „ რუსულენოვან თემთა კონგრესს“ ჩააბარა, პრორუსული ინტერნეტ გამოცემა „საქინფორმი“ ღიად დაესხა თავს გოგიძე-ზახაროვას დუეტს.

„ავანტიურისტ-ანტიფაშისტებს, მოსკოვმა უკვდავი პოლკის დაარსების უფლება მისცა... რითაც კიდევ ერთი საჭირო წამოწყების საფუძველშივე დისკრედიტირება ხდება... რაც თავის მხრივ, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის, რუსული ფონდების: გორჩაკოვის, «Русский мир»-ის, «Российский Фонд мира»-ს, ფედერალური სააგენტო «Россотрудничество»-ს დისკრედიტაციას ნიშნავს“ - წერს „საქინფორმის“ რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომელიც გოგიძე-ზახაროვას „მოსკოველ უფროსად“ რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის ასახელებს.

"უკვდავი პოლკი" მოსკოვში, 09.05.2017
"უკვდავი პოლკი" მოსკოვში, 09.05.2017

„უკვდავი პოლკის“ აქციას დღეს, ბატალიონ „ავაზას“ ყოფილი მეთაური, თადარიგის პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილიც შეუერთდა და განაცხადა, რომ ეს იდეა მისთვის სავსებით მისაღებია:

უკვდავი პოლკის იდეა ჩემთვის მისაღები იყო, რამდენიმე წელია უკვე, ეს ღონისძიება რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ტარდება და აქ შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ფაშიზმს“

„უკვდავი პოლკის იდეა ჩემთვის მისაღები იყო, რამდენიმე წელია უკვე, ეს ღონისძიება რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ტარდება და აქ შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ფაშიზმს.“

„უკვდავი პოლკის“ იდეა 2011 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში ჩაისახა, თუმცა, კრემლის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო მასშტაბი 2015 წლიდან მიიღო, როცა აქცია 17 ქვეყანაში გაიმართა. 2016 წელს კი „უკვდავმა პოლკმა“ უკვე 42 ქვეყანაში ჩაიარა. წელს, 9 მაისს, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობამ, დაახლოებით, 50 ქვეყანა მოიცვა, ტრადიციულად, მარში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც შედგა.

"უკვდავი პოლკი" ვაშიგნტონში
"უკვდავი პოლკი" ვაშიგნტონში

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში „უკვდავი პოლკის“ დღევანდელმა მარშმა, ახალი რეკორდი დაამყარა, აქციაზე 850 000 ადამიანი შეკრიბა, მათ შორის, ბუნებრივია პრეზიდენტი პუტინიც იყო.

წელს, მსვლელობისას, მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი და სომეხი მებრძოლების კოლექტიური პორტრეტებიც გამოფინეს, რომელიც სპეციალურად, 9 მაისისთვის, „რუსულ-ქართული აკადემიის“ პრეზიდენტმა ნოდარ ერიაშვილმა დახატა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG