ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელჩების მკვლელობა: გრიბოედოვიდან კარლოვამდე


მევლუთ მეთ ალთინთაშმა ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა

ზუსტად 187 წლის უკან, 1829 წლის 30 იანვარს, როცა თეირანში, ფანატიკოსებმა, რუსეთის მთელი საელჩო გადაბუგეს და ელჩი, ქართველების სიძე, ალექსანდრე გრიბოედოვი მოკლეს, სპარსეთის შაჰმა ფათალიმ, რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ პირველს პატიება სთხოვა და შემორიგების ნიშნად უძვირფასესი, ინდოეთში ნაპოვნი, 88 კარატიანი ალმასის ქვა გაუგზავნა. იმპერატორმა ნიკოლოზმა დიდებული ძღვენი მიიღო და ის, დღესაც რუსეთის ალმასის ფონდშია დაცული.

88 კარატიანი ალმასი - სპარსეთის შაჰის ძღვენი რუსეთს, ელჩის ალექსანდრე გრიბოედოვის მკვლელობის გამო
88 კარატიანი ალმასი - სპარსეთის შაჰის ძღვენი რუსეთს, ელჩის ალექსანდრე გრიბოედოვის მკვლელობის გამო

187 წლის შემდეგ, ისტორია ანკარაში განმეორდა. 2016 წლის 19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი პირდაპირ ეთერში, ცხრა გასროლით მოკლეს. მკვლელმა ანკარის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ოფიცერმა, 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა, რომლის ლიკვიდაციაც ადგილზე მოხდა, რუსეთის ელჩს, სირიის ქალაქ ალეპოში მომხდარი მეგა ტრაგედიის გამო ესროლა.

რას მოითხოვს და მიიღებს რუსეთი ამჯერად? საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ რუსეთი მეტ თავისუფლებას მიიღებს სირიასა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში:

რუსეთი მოითხოვს კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთში. იმ საბაბით, რომ აი, შეხედეთ, ტერორისტები თავად თურქეთის ტერიტორიაზეც კი მოქმედებენ, არამც თუ სირიის. რა თქმა უნდა, ეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს თურქეთს.“

„რუსეთი მოითხოვს კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთში. იმ საბაბით, რომ აი, შეხედეთ, ტერორისტები თავად თურქეთის ტერიტორიაზეც კი მოქმედებენ, არამც თუ სირიის. რა თქმა უნდა, ეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს თურქეთს.“

ანკარაში ელჩ კარლოვის მკლელობა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა - კონსტანტინე კოსაჩოვმა სწორედ თეირანში, ელჩ გრიბოედოვის მკვლელობას შეადარა. „ასეთი მასშტაბის ტრაგედია, მგონი გრიბოედოვის მკვლელობის შემდეგ არ ყოფილა“ - თქვა კოსაჩოვმა.

ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი
ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი

სპარსეთში საბედისწერო გამგზავრებამდე გრიბოედოვი ქართველების სიძე გახდა. რუსეთის იმპერიის 33 წლის ელჩმა და პოეტმა, 1828 წლის 22 აგვისტოს, ტიფლისში, სიონის ტაძარში, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზეს, 16 წლის ასულზე, ნინო ჭავჭავაძეზე დაიწერა ჯვარი.

1828 წლის სექტემბერში, სპარსეთის გზაზე შემდგარმა, ახალგაზრდა მეუღლეს უთხრა, თუ სპარსეთში რაიმე შემემთხვა, ტიფლისში, მამა-დავითზე დამკრძალეთო. მან დეკემბერში, ნინო თავრიზში დატოვა, თავად კი თეირანში შაჰთან შესახვედრად გაემგზავრა.

ასე გამოიყურება დღეს, თეირანში, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობა, სადაც ელჩი გრიბოედოვი და კიდევ 37 კაზაკი მოკლეს
ასე გამოიყურება დღეს, თეირანში, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობა, სადაც ელჩი გრიბოედოვი და კიდევ 37 კაზაკი მოკლეს

რუსეთის ელჩის ცხედრის გადმოსვენება, რომელიც 1829 წლის 30 იანვარს, 37 თანხმლებ კაზაკთან ერთად თეირანში აკუწეს, ტიფლისში, 1829 წლის 17 ივლისს მოხდა. მისი ამოცნობა მხოლოდ დუელში მიღებული ჭრილობით მოხერხდა. როცა ქმრის დაღუპვის ამბავი ნინო ჭავჭავაძეს გააგებინეს, მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ახალშობილი დაეღუპა.

უცნაური დამთხვევაა, 2016 წლის 19 დეკემბერს, სანამ ანკარაში მევლუთ მერთ ალთინთაში რუსეთის ელჩს ცხრა ტყვიას ესროდა, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოსკოვის მცირე თეატრში, სპექტაკლზე - „ვაი ჭკუისგან“ მიიჩქაროდა. ამ ნაწარმოების პირველი და მეორე აქტები, ალექსანდრე გრიბოედოვმა 1821 წელს, ტიფლისში მივლინების დროს დაწერა.

ელჩ კარლოვის მკვლელობის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მცირე თეატრში ვიზიტი გააუქმა და სასწრაფოდ, თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დაურეკა. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე ვარაუდობს, რომ ელჩის მკვლელობა აუცილებლად აისახება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე:

რადიკალური ცვლილებები, შეიძლება მოხდეს, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში, გამომდინარე, ორივე ქვეყნის, საკმაოდ არამდგრადი, პოლიტიკური მიმართულებებიდან“

„რადიკალური ცვლილებები, შეიძლება მოხდეს, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში, გამომდინარე, ორივე ქვეყნის, საკმაოდ არამდგრადი, პოლიტიკური მიმართულებებიდან.“

მევლუთ მერთ ალთინთაშმა რუსეთის ელჩი კარლოვი მისი მეუღლის - 62 წლის მარინა კარლოვას თვალწინ მოკლა. მარინა იხსენებს, რომ სროლის დაწყებამდე, ის, თურქეთში ყირგიზეთის და უზბეკეთის ელჩებთან ერთად მეუღლის წინ იდგა. როცა კარლოვს ტყვიები მოხვდა ყველანი იატაკზე დაცვივდნენ, შემდეგ კი მარინა შოკურ მდგომარეობაში ანკარას კლინიკაში გადაიყვანეს.

მარინა კარლოვა დღეს, ანკარას აეროპორტში, მეუღლის ცხედრის გადასვენების დროს
მარინა კარლოვა დღეს, ანკარას აეროპორტში, მეუღლის ცხედრის გადასვენების დროს

ანკარის მერიის გადაწყვეტილებით, ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ანდრეი კარლოვის სახელი მიენიჭება. ის თურქეთში ელჩის თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა, მანამდე კი რუსეთის ელჩი ჩრდილოეთ კორეაში იყო.

თეირანში, 187 წლის წინ მოკლული ალექსანდრე გრიბოედოვი კი თბილისში, მეუღლესთან ერთად, მთაწმინდაზე განისვენებს. ნინო ჭავჭავაძე 1857 წელს, ქოლერისგან გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი მამა დავითზე, მღვიმეშია დაკრძალული.

ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავი, თბილისში, მამა დავითზე
ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავი, თბილისში, მამა დავითზე

გრიბოედოვის საფლავზე, ბრინჯაოსგან ჩამოსხმულია - ჯვართან მუხლმოყრილი მტირალი ქალის ფიგურა, საფლავის კვარცხლბეკის ორივე მხარეს კი ორი წარწერაა:

„გონება და საქმენი შენნი უკვდავია რუსეთის ხსოვნაში, მაგრამ მე რად მოვესწარ ამას, სიყვარულო ჩემო"..

„დაუვიწყარს მისი ნინოსგან"...

ელჩების მკვლელობის ცნობილი შემთხვევები

1218 - ხორეზმში, მონღოლეთის ელჩები უსუნი და იბნ ჯეფრეჯ ბოგრა

1740 - ხივის სახანოში, სპარსეთის ელჩები შეიხი ჯუიბარები

1829 - თეირანში, რუსეთის ელჩი სპარსეთში ალექსანდრე გრიბოედოვი

1900 - პეკინში, ჩინეთში გერმანიის ელჩი კლემენს ფონ კეტელერი

1918 - მოსკოვში, გერმანიის ელჩი რუსეთში ვილჰელმ ფონ მირბახი

1923 - ლოზანაში, სსრკ-ს ელჩი იტალიაში ვოცლავ ვოროვსკი

1927 - ვარშავაში, სსრკ-ს ელჩი პოლონეთში პეტრე ვოიკოვი

1939 - წყალტუბოში, სსრკ-ს ელჩი ჩინეთში ივან ლუგანეც-ორიოლსკი

1968 - გვატემალაში, აშშ-ს ელჩი გვატემალაში ჯონ გორდონ მეინი

1970 - გვატემალაში, გფრ-ს ელჩი გვატემალაში კარლ ვონ სპრეტი

1971 - სტოკჰოლმში, იუგოსლავიის ელჩი ვლადიმირ როლოვიჩი

1971 - სტამბოლში, ისრაელის ელჩი თურქეთში ეფრაიმ ელრომი

1972 - ხართუმში, აშშ-ს ელჩი სუდანში კლეო ნოელი

1974 - ნიქოზიაში, აშშ-ს ელჩი კვიპროსში როჯერ დევისი

1975 - ვენაში, თურქეთის ელჩი ავსტრიაში დანიშ ტუნალიჯილი

1975 - პარიზში, თურქეთის ელჩი საფრანგეთში ისმაილ ერეზი

1976 - ბეირუთში, აშშ-ს ელჩი ლიბანში ფრენსის მელოუ

1976 – დუბლინში, ბრიტანეთის ელჩი კრისტოფერ ეარტ ბიგსი

1976 - ასუნსიონში, ურუგვაის ელჩი პარაგვაიში კარლოს აბდალა

1977 - რომში, თურქეთის ელჩი ვატიკანში ტახა კარიმი

1978 - ლონდონში, პალესტინის ელჩი ბრიტანეთში საიდ ჰამამი

1979 - ჰააგაში, დიდი ბრიტანეთის ელჩი ჰოლანდიაში რიჩარდ საიქსი

1979 - ქაბულში, აშშ-ს ელჩი ავღანეთში ადოლფ დაბსი

1983 - ბელგრადში, თურქეთის ელჩი იუგოსლავიაში ღარიბ ბალკარი

1984 - პარიზში, საემიროების ელჩი საფრანგეთში აზიზ ალ-მუბარაქი

1985 - კაიროში, ისრაელის ელჩი ეგვიპტეში ალბერტ ატრაკჩი

1992 - ანკარაში, ისრაელის ელჩი თურქეთში ეხუდ სადანა

2003 - აბიჯანში, საუდის არაბეთის ელჩი კოდ-დივუარში აჰმედ რაშიდი

2003 - ბუჯუმბურაში, ვატიკანის ელჩი ბურუნდიში მაიკლ კორტნი

2003 - ბაღდადში, გაეროს ელჩი ერაყში სერხიო ვიეირა დე მელო

2005 - ბაღდადში, ეგვიპტის ელჩი ერაყში იჰაბ აშ-შერიფი

2005 - ბაღდადში, ალჟირის ელჩი ერაყში ალი ბელ არუსსი

2008 - ისლამაბადში, ჩეხეთის ელჩი პაკისტანში ივო ჟდიარეკი

2012 - ნაირობიში, ვენესუელის ელჩი კენიაში ოლგა ფონსეკა

2012 - ბენღაზიში, ლიბიაში აშშ-ს ელჩი კრისტოფერ სტივენსი

2015 - მოგადიშოში, სომალის ელჩი შვეიცარიაში ისმაილ ბარიბარი

2016 - სტამბოლში, რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი

XS
SM
MD
LG