ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის ულტიმატუმი


რუსეთის პრემიერ მინისტრი, დმიტრი მედვედევი

საქართველოს ხელისუფლება ელის საპასუხო ნაბიჯს რუსეთისგან

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მზადაა დიალოგის დასაწყებად რუსეთის ხელისუფლებასთან და იმის დამადასტურებლად, რომ ეს ლიტონი სიტყვები არაა, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო პოსტიც კი შემოიღო. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მან საგანგებო წარმომადგენელი დანიშნა. მას შემდეგ არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ელის საპასუხო ნაბიჯს რუსეთისგან. საპასუხო ნაბიჯი დღეს გადაიდგა. რუსეთის პრემიერ მინისტრმა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები, მიხეილ სააკაშვილია. მან დაიწყო ომი და ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის და სხვა ერების წინაშე, რომელთა მოქალაქეების სიკვდილშიც მას მიუძღვის ბრალი. მოქმედი პრემიერ მინისტრი სხვა თაობის პოლიტიკოსია და მის რეალურ ქმედებებს დავაკვირდებით. მოდის გარკვეული სიგნალები, რომ კარგი იქნებოდა კონტაქტების დალაგება, მაგრამ ჯერ დიპლომატიურ დონეზე საუბარი არ არის. შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არა რუსეთმა, არამედ საქართველომ გაწყვიტა. ჩვენ ამ სიგნალებს ყურადღებით მოვეკიდებით. ჰუმანიტარული თანამშრომლობის აღდგენაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ორ ქვეყანას შორის თვითმფრინავები პირდაპირ რეისებს ასრულებენ. ღვთის წყალობით, ხალხთა შორის კონტაქტები გრძელდება, კულტურული კავშირები შენარჩუნდა და შესაძლოა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობაც აღდგეს. ეს არც ისე მარტივი გზაა. რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა, მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური რეალიებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის გადაწყვეტილების გათვალისწინებით."

ქართველი ექსპერტებისთვის რუსეთის ამგვარი პასუხი, როგორც ჩანს, არანაირ მოულოდნელობას არ წარმოადგენდა. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის („ჯიპა") პროფესორი, თორინიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: „საერთოდ, ეს განცხადება კარგია, გამოფხიზლება საჭიროა ხოლმე. რუსეთი არ უყურებს სერიოზულად ქართულ სახელმწიფოს. მიაჩნია, რომ ქართველები შეეგუებიან ოდესღაც იმას, რაც მოხდა. ქართველებისთვის ორი გზა არსებობს: ერთი, რომ შეეგუო, ჩვეულებრივ, და მეორე, რასაც რუსული მხარე უფრო მოელის ჩვენგან: საქართველო მთლიანად დაუბრუნდეს რუსეთის გავლენის სფეროს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო ვერ შედგება როგორც სახელწმიფო, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი ეს იყო მხოლოდ სააკაშვილის ახირება. რასაც არანაირი გაგრძელება არ შეიძლება ჰქონდეს. რუსეთში მიაჩნიათ ისიც, რომ ამ იდეას მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს. ერთი რამ უნდა გავიაზროთ, რუსეთი დაგველაპარაკება სერიოზულად მხოლოდ მაშინ, როდესაც სერიოზულ სახელმწიფოდ ჩავმოვყალიბდებით, რაც შესაძლებელია, როდესაც ჩვენ გავხდებით რეალური დემოკრატია, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მაშინ რუსეთს არ ექნება სხვა გზა, გარდა დიალოგისა. ჩვენ ამ ეტაპზე რუსეთი არ აღგვიქვამს როგორც სახელმწიფოს. ამიტომაც ჩვენ ნებისმიერ ნაბიჯს მოჰყვება მსგავსი ცინიკური განცხადებები მათი მხრიდან.“

ქართულ–რუსული ურთიერთობების საკითხზე კომენტარი ჩვენთან გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ, თენგიზ ფხალაძემაც გააკეთა.

„ამ განცხადებაში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა და არც მედვედევს უთქვამს რაიმე ახალი. უბრალოდ ყოველგვარი ეჭვი, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს რუსეთის ფედერაციაში, აბსოლუტურად გაფანტა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს სახელმწიფო ისევ იქაა, სადაც იყო. მედვედევი ლაპარაკობს რაღაც ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, რაც მგონი მხოლოდ რუსეთისთვის არსებობს და მეტი არავისთვის. დანარჩენი მსოფლიო ამას უწოდებს ოკუპაციას. იმის ნაცვლად, რომ რუსეთმა გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ვითარების განსამუხტად, ის აგრძელებს იმპერიულ ტონში საუბარს.“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ დიალოგი რუსეთთან მაინც შესაძლებელია მიუხედავად მედვედის განცხადებისა. ამასთან, იგი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რომელიც ოკუპირებულად უკვე აღიარებულია ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ.

„მე ამ შემთხვევაში, როდესაც ამ საკითხს ვაყენებ, ვუდგები პრინციპებიდან გამომდინარე და არა ამ განცხადების საფუძველზე. რა თქმა უნდა, მედვედევის განცხადებამ, შიეძლება, შეგვიქმნას შთაბეჭდილება, რომ დიალოგს პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ თუნდაც იმ რეალობიდან გამოდინარე, რაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებშია, მაინც არსებობს დიალოგის დაწყების რესურსი. შესაძლებელია, რომ ვთქვათ, მედვედევის მხრიდან წამოყენებული პრინციპები იყოს შემდგომი განხილვის თემა და არა როგორც დიალოგის არ დაწყების საფუძველი. მთავარია დიალოგი დავიწყოთ და ერთმანეთს ვაჩვენოთ საერთო გადაკვეთის წერტილები. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოფიციალური ფორმატი ურთიერთობისა. ეს ფორმატი ჩვენი მხრიდან გამოხატულია ბატონი ზურაბ აბაშიძის სპეციალურ წარმომადგენლად წარგზავნით. მე მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის ხელისუფლებაც ერთგვარად შემოვა კონტაქტში, წარმოადგენს პირს, რომელიც დიალოგის დაწყებას მოამზადებს. შემდგომი ნაბიჯები უკვე გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს დიალოგი.“

„ქართული ოცნების“ დაპირებებს შორის წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი იყო საკითხი, რაც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ეხებოდა. „სააკაშვილის ხელისუფლებას არ აქვს უნარი აღადგინოს კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენ ამას შევძლებთ,“ - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG