ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიაში დღეს სენატის კონტროლის ბედი გადაწყდება


ჯორჯიის შტატში დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მისი შედეგი გადაწყვეტს, თუ ვინ გააკონტროლებს შეერთებული შტატების სენატს. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობაში დემოკრატები არიან და მათ დემოკრატი ნენსი პელოსი სპიკერად უკვე დაამტკიცეს.

სასწორზე ახლა ორი სენატორის პოსტია. ამ ორიდან ერთმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა მაინც თუ მოიგო, რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კვლავ შეინარჩუნებს, რადგან მათ ახლა ვაშინგტონში დემოკრატებზე 50 48-ზე უპირატესობა აქვთ.

მეორე ტურის წინ ჩატარებული გამოკითხვები დემოკრატთა მცირე უპირატესობას აჩვენებს. თუ ორივე პოსტი დემოკრატმა კანდიდატებმა მოიგეს, სენატში რესპუბლიკელები და დემოკრატები 50-50-ზე აღმოჩნდებიან. ამ შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტს აქვს ხმის მიცემის უფლება და უპირატესობის მოპოვების შანსი. მომავალ სენატში ამ პრივილეგიის მფლობელი, არჩეული დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ სენატს რესპუბლიკელები გააკონტროლებენ, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ცვლილების განხორციელება შეიძლება გართულდეს. ასეთ დროს, ამერიკაში, ტრადიციულად ხანგრძლივი მოლაპარაკებები იმართება, იქნება ეს სამთავრობო ბიუჯეტის დამტკიცება, ჯანდაცვის რეფორმა, ემიგრაციის, თუ სხვა ტიპის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.

დღეს ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატში, ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას მოელიან. სამ მილიონზე მეტმა ჯორჯიელმა უკვე ისარგებლა ადრე ხმის მიცემის უფლებით და სასურველი კანდიდატი უკვე შეარჩია. ჯორჯიაში ორი თვის წინ, 3 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

შტატში ნაადრევ კენჭისყრაზე განსაკუთრებით ის უბნები აქტიურობდნენ, სადაც ნოემბერში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. ისევე როგორც ნოემბრის არჩევნებზე, ადგილობრივი რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ისინი მხარდამჭერების ძირითადი ნაწილის ფიზიკურად გამოცხადებას დღეს მოელიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG