ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა დროით ჩაირთო პრემიერ ბახტაძის ტაიმერი?


მამუკა ბახტაძე ბილ გეითსს "ვეფხისტყაოსანს" ჩუქნის, 2018 წლის აპრილი

საქართველოს პარლამენტში პრემიერ მინისტრობის 36 წლის კანდიდატ მამუკა ბახტაძისა და მისი ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება მხოლოდ დროის საკითხია. გაცილებით რთულია იმის პროგნოზი, რამდენ ხანს გაძლებს ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ რიგით მეოთხე პრემიერი ანუ რა დროით ჩაირთო მისი ტაიმერი?

ბოლო ექვსი წლის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრის ტაიმერის ჩართვა-გამორთვა მთლიანად მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილსა და გუნება-განწყობილებაზეა დამოკიდებული.

2012 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრემიერის თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა და 13 თვის შემდეგ, ტაიმერი საკუთარ თავს თავად გაუთიშა. „ოცნების“ რიგით მეორე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტზე 2 წელი და 1 თვე დაჰყო და თანამდებობის დატოვება სრულიად მოულოდნელად მოუხდა.

ზუსტად ანალოგიური განმეორდა მესამე პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში, მან თანამდებობაზე 2 წელი და 6 თვე გაძლო. ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში იგი დარწმუნებული იყო, რომ „მისი გადადგომის ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავდა“.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მამუკა ბახტაძის პოლიტიკური კარიერაც ისევე მოულოდნელად შეწყდეს, როგორც დაიწყო, რადგან მისივე თქმით, „ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს ირჩევენ და არ ნიშნავენ“:

პოლიტიკურ ლიდერად დანიშვა რთული თემაა, პოლიტიკურ ლიდერს ირჩევენ. „ოცნების“ მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა პოლიტიკური ლიდერის საქმე თავის თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილს აეღო, იმიტომ რომ 2012 წლიდან ის არის პოლიტიკური ლიდერი და არავინ სხვა“
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

„როგორც ჩანს, განზახვა ასეთია, რომ ახლა ამ ახალგაზრდა, პერსპექტიულ კაცს ბახტაძეს ვუშვებთ ხორცსაკებ მანქანაში, ზუსტად იმავე სისტემაში, სადაც ადრე ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი ჩაუშვეს, ახლა ბახტაძე უნდა ვატრიალოთ.

მთავარი პრობლემა სწორედ ამაშია, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი სახელმწიფოს მოწყობის სისტემით, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს არა რომელიმე დარგის კარგად მცოდნე ადამიანი, არამედ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ქვეყნისა და საკუთარი პოლიტიკური პარტიის ლიდერიც არის.

პოლიტიკურ ლიდერად დანიშვა რთული თემაა, პოლიტიკურ ლიდერს ირჩევენ. საპარლამენტო რესპუბლიკებში მთავრობებს სწორედ ის ხალხი ხელმძღვანელობს, რომელიც გაუძღვა თავის პოლიტიკურ გუნდს და გაიმარჯვა არჩევნებზე.

სწორედ ამიტომ ვთქვი, როცა კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი, რომ „ოცნების“ მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა, პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია თავის თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილს აეღო, იმიტომ რომ 2012 წლიდან ის არის პოლიტიკური ლიდერი და არავინ სხვა.“

ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული „ახალი პოლიტიკური ლიდერი“ საზოგადოების წინაშე „მცირე მთავრობის“ კონცეფციით და არსებული 14 სამინისტროს 11-მდე შემცირების გეგმით წარსდგა.

ეს რეფორმა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტს მიმართა, ოთხშაბათს, ნდობა ახალ პრემიერსა და ფორმალურად ძველ კაბინეტს გამოუცხადოს, ახალ კაბინეტზე კი შესაბამისი ცვლილებების შემდეგ, ორი-სამი კვირის თავზე დეტალურად იმსჯელოს.

ბახტაძის განახლებულ ძველ კაბინეტშიც აღარ მოიძებნა ადგილი ექს-პრემიერ კვირიკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებისთვის: საგარეო მინისტრ ჯანელიძისა და ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილისთვის. თანამდებობის დატოვება შესაძლოა კულტურისა და სპორტის მინისტრ გიორგაძესაც მოუწიოს.

დაგეგმილია იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამინისტროს: წულუკიანი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი დაჟინებით მოითხოვს თუ კახიშვილი, რომელსაც მეორე ნაწილი ახალ გენერალურ პროკუროდან ხედავს?

ამ დროისთვის, უცნობია ახალი ფინანსთა მინისტრის ვინაობაც, ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბახტაძე პრემიერის პოსტზე წარადგინეს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობის შეკვეცით 120 მილიონ ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრებს დაზოგავს:

„მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში.

მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს მშპ-ს 3,9%-ს. ეს ნიშნავს 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას"
მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

2018 წელს საორიენტაციოდ, მთავრობის შენახვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4,2 – 4,3 % ფარგლებში გვექნება. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს მშპ-ს 3,9%-ს.

თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე.“

მამუკა ბახტაძეს 9 ივნისს 36 წელი შეუსრულდა. იგი 1982 წელს თბილისში დაიბადა. ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ ისწავლა როგორც თსუ-ში, ისე სტუ-ში. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ჯერ მოსკოვში, ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზში, ბიზნესის ადმინისტრირების ევროპულ ინსტიტუტში.

მომავალი პრემიერი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ამჟამად მსჯავრდებული ბიზნესმენის მაია რჩეულიშვილის სასტუმროების ქსელ “რჩეულში” (2007-08) და კომპანია „ცენტრ პოინტ ინვესტში“ (2007-09); საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაში (2010-2012), რომელიც ძმებ დავით და გელა ბეჟუაშვილების ეკუთვნის და საქართველოს რკინიგზაში (2005-06, 2013-2017) სადაც მისი წლიური ანაზღაურება 250 000 ლარს აღემატებოდა. 2017 წლის ნოემბერში, ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

2012 წლის აგვისტოში იყო მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი. ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობას“ 20 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2018 მაისის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 55%-ს მამუკა ბახტაძის შესახებ არაფერი სმენია.

დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრები (1918-2018)

ნოე რამიშვილი 1918 მაისი-ივნისი

ნოე ჟორდანია 1918-1921

თენგიზ სიგუა 1990-1991

ბესარიონ გუგუშვილი 1991-1992

თენგიზ სიგუა (მეორედ) 1992-1993

ოთარ ფაცაცია 1993-1995

ნიკო ლეკიშვილი 1995-1998

ვაჟა ლორთქიფანიძე 1998-2000

გიორგი არსენიშვილი 2000-2001

ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003

ზურაბ ჟვანია 2003-2005

ზურაბ ნოღაიდელი 2005-2007

ლადო გურგენიძე 2007-2008

გრიგოლ მგალობლიშვილი 2008-2009

ნიკა გილაური 2009-2012

ვანო მერაბიშვილი 2012 ივლისი-ოქტომბერი

ბიძინა ივანიშვილი 2012-2013

ირაკლი ღარიბაშვილი 2013-2015

გიორგი კვირიკაშვილი 2015-2018

ირაკლი ბახტაძე 2018 ივნისიდან

შენიშვნა: პირველი რესპუბლიკის დროს (1918-21) ამ თანამდებობას - მთავრობის მეთაური ერქვა, 1995-2004 წლებში - სახელმწიფო მინისტრი.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG