ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული პარლამენტის ახალი Dress code


"კონსერვატორები" პარლამენტის ჩაცმულობის კოდექსს ცვლიან

დეპუტატები ჩოხებსა და ჩიხტიკოპებს იზომავენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00
ბმული


საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, თითქმის ორთვიანი განხილვის შემდეგ, ახლოს არიან გადაწვეტილებასთან, რომელიც პარლამენტარებს სამუშაო საათებში ეროვნული სამოსის ტარების უფლებას მისცემს.

არსებული კანონმდებლობით, პარლამენტარების ჩაცმულობა სხდომათა დარბაზში - „საპროტოკოლო-საქმიანი“ უნდა ყოფილიყო. 18 იანვარს კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლანჩხუთელმა ბიძინა გუჯაბიძემ ინიცირება გაუკეთა ცვლილებებს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“, მე-5 მუხლის მე-8 პუნქტში „საპროტოკოლო-საქმიან“ ჩაცმულობას, „ეროვნული“ ჩაცმულობაც დაემატა. ეს ინიციატივა, პირველი მოსმენით, პარლამენტმა გასულ კვირას უკვე დაამტკიცა.

ბიძინა გუჯაბიძე ოქტომბერში გამარჯვებულ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ "კონსერვატიულ პარტიას" წარმოადგენს. მისი მტკიცებით, კანონპროექტის მიზანი, ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა:

„როცა პარლამენტის წევრი ჩათვლის, რომ მას იმ დღეს ეზეიმება ან აქვს გამოსატანი რაიმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონპროექტი, რომელიც ღირებულებებს ეყრდნობა, ხალხის მოთხოვნას ეხმაურება, ამ შემთხვევაში, მე მაგალითად სურვილი მექნება რომ პარლამენტის სხდომაზე ეროვნული ტანსაცმლით გამოვიდე.“

პარლამენტში ჩოხისა და ჩიხტიკოპის იდეა განსაკუთრებულად პოპულარული, ნაციონალისტებს შორის გამოდგა. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, ასევე უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ კერძოდ ბრძანა:

„საჩოხე წელი არ მაქვს, მაგრამ მე ყოველივე ტრადიციულს მხარს ვუჭერ. მით უმეტეს, ქართული ეროვნული ტანისამოსი, მე რო მკითხოთ, ვიზუალურად, ერთ-ერთი საუკეთესო ტანისამოსია მთელს დედამიწაზე.“

ჯერჯერობით, გაურკვეველია, როგორ დარეგულირდება ქართული ჩოხის აუცილებელი ატრიბუტის - ხანჯლის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეტანის საკითხი. კანონით - „პარლამენტის სასახლეში დაუშვებელია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების ტარება“.

თავად კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი გუჯაბიძე ხანჯალს ცივ იარაღად არ მიიჩნევს. თუმცა, გასულ თვეში, როდესაც დეპუტატი გუჯაბიძე პარლამენტში ჩოხით გამოცხადდა, მან ხანჯალი დაცვასთან დატოვა და ბრძანა, რომ პარლამენტის მანდატურები უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ხანჯალმა უმრავლესობის ზოგიერთი წევრი შეიძლება შარში გახვიოს:

„ამ ადამიანების ხელში მჭრელი, ბასრი იარაღი არის სარისკო. ისინი ვერ აკონტროლებენ თავის თავს. ძალიან ხშირად არ იქცევიან ისე როგორც პარლამენტარს შეეფერება. შესაბამისად, ძალიან დიდ შარში შეიძლება გაჰყონ თავი.“

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე კი ინიცირებულ კანონპროექტს სასაცილოდ მიიჩნევს:

„საკმაოდ სასაცილო ინიციატივაა, როგორც ჩანს, ბიძინა გუჯაბიძე ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრობა რაღაც განსაკუთრებული პროფესიაა, განსხვავებული, სხვა რიგითი მოქალაქეების პროფესიებისგან და მას სჭირდება, რაღაც სპეცდანიშნულების ტანსაცმელი - და ასეთ, ტანსაცმელად, მას ქართული ჩოხა-ახალუხი მიაჩნია.“

იანვრიდან მოყოლებული ანალოგიური, ოღონდ საპირისპირო დისკუსია მიმდინარეობს უკრაინის რადაში. იქ მმართველი პარტია უკმაყოფილოა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში უკრაინის ეროვნული ტანსაცმლით - ვიშივანკებით დადის.

ნაციონალურ ტანსაცმელი პარლამენტში ძირითადად - აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, ეგვიპტის პარლამენტში ბედუინი დეპუტატები - ტრადიციული „გელაბათი“ და „ბურნუსით“ შემოსილნი დადიან; სპარსეთის ყურის ქვეყნების პარლამენტებში, ფართოდ არის გავრცელებული მამაკაცის ტრადიციული ეროვნული სამოსი - „აბე“.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ეროვნული სამოსი ინდოეთის, პაკისტანის, ინდონეზიისა და ბანგლადეშის პარლამენტებშიც. იაპონიის ქალი დეპუტატები კი სხდომებზე ხშირად კიმანოებით ცხადდებიან.

ეროვნული ტანსაცმელი აცვიათ პარლამენტის სხდომებზე ლიბერიის დეპუტატებსაც, აფრიკის ამ პატარა სახელწიფოში, საჯარო სამსახურში მოდის კანონმდებელი, თვით ქვეყნის პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ელენ ჯონსონ-სერლიფია, რომელიც არჩევის დღიდან ნაციონალურ სამოსს ატარებს.

XS
SM
MD
LG