ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს


საქართველოში ნაციონალური მოძრაობის რვა წლიანი მმართველობა დასრულდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00
ბმული


პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რვაწლიანი მმართველობის შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება პარტიის თავჯდომარემ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე აღიარა იმისდა მიუხედავად, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენების დათვლას ჯერ კიდევ აგრძელებს.

2 ოქტომრის, 19 საათისთვის, 3766 საარჩევო უბნიდან მხოლოდ 1773 უბნის მონაცემი იყო დათვლილი, ანუ სულ 43 პროცენტზე მეტი. ამ მომენტისთვის, პროპორციულ არჩევნებში ლიდერობს „ქართული ოცნება“ - 54 პროცენტით, ნაციონალურ მოძრაობას კი 41 პროცენტი აქვს მიღებული. სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ გუშინ ირწმუნებოდა, რომ პროპორციულ არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, თითქოს მმართველმა ძალამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მაჟორიტარულ არჩევნებში. თუმცა, დღეს მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ აღიარა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მაჟორიტარული არჩევნებიც წააგო და ოპოზიციაში გადავიდა. ნაციონალურმა მოძრაობამ პირწმინდად წააგო თბილისი და სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ფოთი, რუსთავი და ქუთაისი.

აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიციაქართულმა ოცნებამ". ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, მოხდეს ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, ახალი მთვრობის დაკომპლექტება.


თქვნთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ამ კოალიციის შეხედულებები და არის. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვტილებას და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძალაინ დიდ პატივს.

ამავე დროს, როგორც ნაციონალურმა მოძრაობის ლიდერმა მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გადადის ოპოზიციაში და ჩვენ, როგორც ოპოზიციური ძალა, ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისთვის.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად 11 წლის წინ, 2001 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობის იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ დააფუძნა.

მას მერე, სააკაშვილის პარტიამ ყველა არჩევნები მოიგო. მათ შორის, სამჯერ - 2002, 2006 და 2010 წლების თვითმმართველობის არჩევნები; ასევე - 2004 და 2008 წლების საპარლამენტო არჩევნები. თავად პარტიის თავჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი 2004 და 2008 წლებში ზედიზედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.

ნაციონალურ მოძრაობას აქვს ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება, 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნები ნაციონალებმა პრეზიდენტ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობის დროს მოიგეს. 2003 წლის ნოემბერში კი ლომის წილი დაიდეს ვარდების რევოლუციაში.

ამის მიუხედავად, 1 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება ის თუ, თამაშის რა წესებს შესთავაზებს მათ, მომავალი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებული ახალი მთავრობა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა:

„შეიძლება ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ მე ასე ვიტყვი როგორც ვხედავ. ჩვენ ისე კარგად ვიმუშავეთ, მე პირადად ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სხვა გზა არ დავუტოვე გარდა მსგავსი განცხადებისა. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს ბოლო დახმარება აღმოვუჩინე.

ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ ეს პროცესი, კარგად იმუშავა ჩვენმა სისტემამ გაყალბების სისტემის წინააღმდეგ. ამავე დროს ძალიან კარგად ვიმუშავეთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დამკვირვებლებს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის მხრიდან - NDI და IRI-ის.

მათმა პრინციპულმა პოზიციამ - აშშ-ის და ევროპული ქვეყნების პრინციპულმა პოზიციამ და ჩვენმა სწორმა ქმედებამ ერთდროულად, მოახერხა ის, რომ სააკაშვილმა მოახერხა დღეს ასეთი განცხადება, რაც ჩვენს ისტორიაში არის უპრეცედენტო.“

მომავალმა პრემიერ მინისტრმა, ივანიშვილმა უკვე გამოაცხადა, რომ ამჟამად მთავრობაში მყოფი მინისტრები თანამდებობებს ვერ შეინარჩუნებენ. ამავე დროს, ივანიშვილმა სააკაშვილს მოუწოდა დაწეროს განცხადება და პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგეს.

ივანიშვილმა ცალსახად აღნიშნა, რომ სახელმწიფო აღარ დააფინანსებს, პრეზიდენტ სააკაშვილის ოცნების ქალაქის ლაზიკას მშენებლობას. „ლაზიკა ყველაზე ანეგდოტური შემთხვევაა, რაც სააკაშვილთან ასოცირდება,“ - ბრძანა „ქართული ოცნების" ლიდერმა.

დღესვე, ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა საპარლამენტო არჩევნებს ქართველი ხალხის გამარჯვება უწოდა და გამარჯვება „ქართული ოცნების" ლიდერს მიულოცა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ზუსტად ერთი წლის წინ მოვიდა, „ქართული ოცნება“, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, მან დეკემბერში ჩამოაყალიბა. ოფიციალურად პოლიტიკურ პარტიად „ოცნება" მხოლოდ 2012 წლის აპრილის ბოლოს დაფუძნდა.

„ნაციონალურო მოძრაობის“ მარცხი საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში ხელისუფლების პირველი ცვლილებაა არჩევნების გზით, თუ არ ჩავთვლით, 1990 წლის ოქტომბერში გამართულ, პირველ მრავალპარტიულ არჩევნებს, რომლის შემდეგაც საქართველოში კომუნისტური პარტიის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა.

XS
SM
MD
LG